რომან გოცირიძე: მელიას პარტია გააძლიერებს ნომერ პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას, საკუთარი თავი ასეთი ცენტრის ერთ-ერთ ნაწილად წარმომიდგენია

08-12-2023 13:43:21 პოლიტიკა

მელიას პარტია იქნება ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია, სერიოზული მოთამაშე ჩნდება, რომელიც გააძლიერებს ნომერ პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მელიას ნაბიჯი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

„ამ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა იყო სწორედ ეს გადაწყვეტილება, რაც შეეხება ნიკა მელიას და მისი თანამოაზრეების მიერ პარტიის დაფუძნებას, ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია და მას ექნება მხარდაჭერა არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციული ამომრჩევლებისა, რომელთა საკმაოდ ნაწილი განხიბლულია „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მდგომარეობით, არამედ იმ ამომრჩევლის, რომელიც ორიენტირებული იყო ეროვნულ და ლიბერალურ პოლიტიკურ ძალაზე როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთ დროს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ უნდოდა მისთვის ხმის მიცემა. ეს ეხება ასევე ახალგაზრდობის დიდ ნაწილს. ნიკა მელია შესაძლებელია ამ ყაიდის ელექტორატის შემკრებიც იყოს, ასევე სერიოზული მოთამაშე ჩნდება უკვე ოპოზიციურ ფლანგზე იმ კუთხით, რომ იგი გააძლიერებს მომავალში მთავარი პოლიტიკური ცენტრის, მთავარი ოპოზიციური ძალის, ნომერ პირველი პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას, რომელსაც უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი პოტენციალი, ვიდრე დღეს აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, იხილავენ თუ არა მას და ხატია დეკანოიძეს ნიკა მელიასთან, გოცირიძე პასუხობს, რომ მას თავი მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნაწილად წარმოუდგენია, თუმცა, რა მოხდება მომავალში არავინ იცის და ამაზე საუბარი ნიკა მელიასთან არ ჰქონიათ.

ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. მისი თქმით, იგი ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც „ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის“.

Новости

Другие новости