
ცხინვალში საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
08/12/2023 14:37:13 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ "სახელმწიფო საზღვრის დარღვევის" ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მაცხოვრებლები - 1988 წელს დაბადებული გიორგი მელაძე და 1994 წელს დაბადებული დიმიტრი კორინთელი 24 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დიმიტრი კორინთელმა თავისი უკანონო ქმედებები მობილური ტელეფონით გადაიღო“, - ვკითხულობთ დე ფაქტი უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
ხვიჩა და დიმიტრი კორინთელები თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გიორგობის მეორე დღეს, 24 ნოემბერს სოფლის ეკლესიიდან გაიტაცეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აძველების დაკავების შესახებ ინფორმაცია 25 ნოემბერს გაავრცელა. ხვიჩა კორინთელი ოსურმა "უშიშროებამ" 5 დეკემბერს გაათავისუფლა.
ცნობისთვის: წმინდა გიორგის სახელობის აძვის ეკლესია რამდენიმე წელია, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც ადგილობრივები იქ უპრობლემოდ მიდიოდნენ, მაგრამ დაახლოებით 5 წლის წინ ტერიტორია ოკუპირებულად გამოცხადდა.