Accentnews.ge
ომბუდსმენი თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

ომბუდსმენი თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

11/12/2023 06:24:58 კონფლიქტები

საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, "სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტის შესახებ".

"კერძოდ, ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.

სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. ასევე დღემდე გამოუძიებელია ერთი თვის წინ სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულის ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევების პრევენციისათვის, რადგან ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს.

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს", – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოკუპირებულ გალში, საოკუპაციო რეჟიმის „მილიციის“ სამმა თანამშრომელმა ჩხრეკის მიზნით გააჩერა და სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S