
აფხაზი ვეტერანების ესპანური სირცხვილი
11/12/2023 08:22:11 კონფლიქტები
მორიგი აფხაზური ენერგოკრიზისი აქტუალურობით ლიდერად იქცა და უმალვე დაჩრდილა თითქმის ერთწლიანი დავები „აპარტამენტების შესახებ“ კანონპროექტის, ასევე მსხვილი ტურისტული ობიექტებისა და მიწის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.
"ამ ვითარებაში ესპანურ სირცხვილს განვიცდით: საქართველო გამომუშავებული ენერგიის 40%-ს გვაძლევს, ახალი ინვესტორი კი სულ 20%-ს გვპირდება?!", - აღშფოთებას ვერ მალავდა ვეტერანთა ოპოზიციური ორგანიზაცია „არუაას“ ლიდერი თემურ გულია.
მას მხედველობაში ჰქონდა დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერით მოსარგებლე პროექტი, რომელიც ენგურჰესის კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურის - ვარდნილი-2-ის 49-წლიანი იჯარით გაცემას, სანაცვლოდ კი ინვესტორის მიერ სოხუმისთვის გამომუშავების მხოლოდ 20%-ის მიწოდებას გულისხმობს.
გულია გამოვიდა წინადადებით, ჰესები იჯარით ქართულ მხარეს გადაეცეს, რომელიც სოხუმს ორჯერ მეტს - გამომუშავების 40 (ან შესაძლოა, სულაც 50-ს) პროცენტს სთავაზობს, თუმცა იქვე არც ის დაჰვიწყებია, რომ საქართველოსთვის, ტრადიციულად, „მტრული სახელმწიფო“ ეწოდებინა.
ამ განცხადებებით მაშინვე ისარგებლა ვეტერანთა პროსახელისუფლებო დაჯგუფებამ - პარტია „ამცახარამ“, რომელმაც პროექტის კრიტიკოსები "ღალატში" დაადანაშაულა. როგორც პარტიაში განაცხადეს, ჰესების ქართული მხარისთვის ნებისმიერი ფორმით გადაცემა აფხაზეთის მიერ „თავის საკუთრებაზე, ტერიტორიასა და ინფრასტრუქტურაზე საქართველოს რესპუბლიკის იურისდიქციის აღიარების ტოლფასი იქნება“. "ქართული მხარე მზად იქნება, სიმძლავრის 100%-ვე პროცენტი მოგვცეს - ოღონდ ჩვენგან გალის რაიონის არხსიქითა ნაწილისა და აფხაზეთის მთელი ენერგოსისტემის კონტროლის შესაძლებლობა მიიღოს. იძულებულები ვართ, აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური ბრძოლის აგონიაში „არუაა“, კატასტროფული შედეგების მიუხედავად, მზადაა, მტერს აფხაზეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურა, ტერიტორია და სუვერენიტეტი აჩუქოს", – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაღა თქმა უნდა, არავითარ 100%-ს სოხუმს არავინ მისცემს, - არც თბილისი, მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკულ საკითხს მართლაც გააჩნია ეკონომიკურის გარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც. მაგრამ საინტერესოა, რატომ ამჯობინა „ამცახარამ“, დაეკნინებინა ყველაზე წონადი დეტალის - კვოტის მნიშვნელობა, რომელიც ორჯერ უფრო ხელსაყრელია სოხუმისთვის, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ლობირებადი რუსული პროექტით გათვალისწინებულთან შედარებით.
სოციალურ ქსელებში დაპირისპირებული მხარეების მხარდამჭერებს შორის დებატები არ ცხრება. გაიჟღერა, მათ შორის, ასეთმა შეფასებებმაც: "რეალურად, ეს არაა დებატები აფხაზეთის მოსახლეობის სასარგებლოდ, ეს არის თაგვების კინკლაობა დიდი ფულისთვის, რომელსაც ენერგეტიკისგან მოელიან".
და არცაა გასაკვირი: როცა ვეტერანთა ორი ორგანიზაცია ერთმანეთს ღალატში ადანაშაულებს, ჩნდება არაერთი კითხვა, მათ შორის - ის, თუ ვინაა მათ შორის მართალი, ან იქნებ მართალია ორივე მხარე, ან რომელი მათგანი იღწვის აფხაზეთის და არა იმ რუსეთის ინტერსებისთვის, რომელიც არც მალავს სურვილს, მთელს აფხაზურ ენერგეტიკას დაეპატრონოს?
„დიდი ფულისთვის თაგვების კინკლაობის“ ვერსიას ემხრობიან თბილისშიც. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, დე ფაქტო ხელისუფლებასა და ე.წ. ოპოზიციას არ სურთ, ოპონენტებს ენერგეტიკის სახით მსუყე ლუკმა დაუთმონ და მთელი ამ დაპირისპირების მიზეზიც მათი სწრაფვაა, ენერგეტიკა საკუთარ ხელში ჩაიგდონ.
გასაკვირი მხოლოდ ერთია: საქართველო, რომელიც 30 წელია, ასულდგმულებს აფხაზურ ენერგეტიკას და ახლაც საუკეთესო ვარიანტს სთავაზობს სოხუმს, მაინც „მტრულად“ რომ რჩება...
რაჟდენ ქაჯაია