
ყოლბაიასა და შამბას საუბარი: რაღაც ახალი, თუ ქარიშხალი ჭიქა წყალში?
11/12/2023 11:57:18 კონფლიქტები
სოხუმში დიდი ვნებთაღელვა გამოიწვია მოულოდნელმა ონლაინ-ინტერვიუმ, რომელშიც ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა (დევნილობაში) ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ. ახალ ნიუანსად იქცა ის, რომ აქამდე სოხუმის წარმომადგენლები არ ჯდებოდნენ ერთ (თუნდაც ვირტუალურ) მაგიდასთან დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომელთაც თბილისი აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებად მიიჩნევს.
ინტერვიუზე რეაქცია სოხუმში
მთლიანობაში, ეს ინტერვიუ ახალს დიდად არაფერს შეიცავდა. შამბამ გაიმეორა თავისი არაერთმნიშვნელოვანი ფორმულირებები ურთიერთგაგების ძიების აუცილებლობის თაობაზე. მისი თქმით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი „შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა დავუტოვოთ“, „უნდა ვეძებოთ შესაძლებლობები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“ და 30 წლის შემდეგ „შესაძლებელია, დაიწყოს გარკვეული მოძრაობები ურთიერთგაგების მიმართულებით“. თუმცა მათთვის, ვინც იცის, ვინაა შამბა, ნათელია, რომ იგი გულისხმობდა ორი მეზობელი, დამოუკიდებელი ქვეყნის დიალოგსა და თანაცხოვრებას, რაც არახალია, მათ შორის - თბილისისთვისაც.
თუმცა ამ რიგითი ინტერვიუს ფაქტს ჩაეჭიდა ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“, რომელიც ოპოზიციაშია მოქმედ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან. მან ნებისმიერი დიალოგის იდეა უკუაგდო და კვლავ კრიტიკით დააცხრა თავს დე ფაქტო ხელისუფლებას.
„გამიჩნდა კითხვა: სანქცირებულია თუ არა ეს დიალოგი ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ?... საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკის მოლაპარაკებათა პროცესებთან დაკავშირებული საკითხები წარმოდგენილი იყო პრეზიდენტის მიერ მომზადებულ „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში“, სადაც გაჩნდა პუნქტი საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ. თუმცა ჩვენმა საზოგადოებამ ამ საკითხისადმი პროტესტი გამოხატა... საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი ასლან ბჟანია და მისი ადმინისტრაცია იძლებულები გახდნენ, აფხაზეთის რესპუბლიკისთვის მიუღებელი ეს პუნქტი ამოეღოთ“, - განაცხადა „არუაას“ ლიდერმა თემურ გულიამ.
მეტიც, მან - შესაძლოა, პირველმა აფხაზ პოლიტიკოსებს შორის, განაცხადა, რომ სოხუმი საქართველოს მხრიდან აღიარებაშიც კი არაა დაინტერესებული. და აი, ამან მართლაც სიახლედ გაიჟღერა.
„თუ დავუშვებთ, რომ საქართველო გვაღიარებს, ეს ამ ეტაპზე დიდი რისკებისა და საფრთხის შემცველია. რა შეიძლება, მოხდეს? - დასავლეთის მხარდაჭერით მოსარგებლე ქართული ბიზნესი დაიწყებს ყველაფრის შესყიდვას, დაიწყება ინვესტციების მოზიდვა, საინტეგრაციო პროცესები როგორც სახელმწიფო, ისე რიგითი მოქალაქეების დონეზე. ვთვლი, რომ აფხაზეთის რესპუბლიკას სადღეისოდ არ სჭირდება მოლაპარაკებები მტერთან და არც საქართველოს მიერ აღიარება“, - განაცხადა გულიამ.
ინტერვიუზე რეაქცია თბილისში
თბილისში დიალოგის ამ მოულოდნელი მცდელობის მიმართ თავშეკავებული დამოკიდებულება გამოიჩინეს, შეიძლება, ითქვას, გრილიც კი. თუმცა თუ რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ საერთოდ რეაგირების გარეშე დატოვა სოხუმის წინადადება დიალოგის დაწყების თაობაზე, ამჯერად მის განცხადებებს დადებითი ელფერი ჰქონდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მიესალმება აფხაზებთან კონტაქტებს და იქვე დასძინა, რომ მთავარი მიზანი აფხაზ თანამემამულეებთან ერთად ერთიანი, წარმატებული ქვეყნის ჩამოყალიბებაა.
„დრო გვიჩვენებს, როგორ მოხდება ეს ყველაფერი, რომელ ფორმატებში, რა ნაბიჯებითა და პროცესებით. არსებობს ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან კონტაქტების სხვადასხვა ფორმატები, მათ შორის - ჰუმანიტარული კონტაქტები. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო არხს, რათა ვაჩვენოთ ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების უპირატესობები“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ანალოგიურ ჭრილში დააფიქსირეს აზრი მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებმაც.
ამავდროულად ოპოზიციაში სვამენ კითხვას, იქცა თუ არა ეს ინტერვიუ რიგ მნიშვნელოვან პროცესებთან ჩვეულებრივი დამთხვევის შედეგად, თუ ეს თბილისის ტაქტიკაში ცვლილებების მანიშნებელია?
„ნიშნავს თუ არა ეს, რომ „ქართული ოცნება“ თავის მიდგომებს ცვლის? ეს დიალოგი ძალზე უცნაურ დროს გამოქვეყნდა, როცა ცირკულირებს ხმები ენგურზე ხიდებისა და ტრანზიტის გახსნის შესახებ. ეკონომიკის პრობლემების ირგვლივ დიალოგი უწყინარი რამაა, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ პოლიტიკა ფორმირდება სადღაც პარლამენტის კულისებში და მთავრობის წევრები საქმის კურსში არ არიან, ეს პრობლემაა“, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
„მსგავსი წამოწყება ავნებს ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს. ჩვენთვის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ერთადერთ მხარეს წარმოდგენს რუსეთის ფედერაცია, რომელიც ერთპიროვნულად იღებს სოხუმსა და ცხინვალში ყველა სამხედრო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებას. ნებისმიერი მცდელობა, პროცესი გასული საუკუნის 90-იანი წლების ლიანდაგზე დაბრუნდეს და კვალიფიცირდეს, როგორც ქართველებსა და აფხაზებს შორის ეთნოკონფლიქტი, რომელშიც რუსეთს ვითომდა არავითარი წვლილი არ მიუძღვის, ჩვენს ეროვნულ ინტერესს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, რომლის შეფასებით, სადღეისოდ ჟენევის მექანიზმით წარმოდგენილი მოლაპარაკებათა ფორმატის გადახედვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია.
საქმე იმაშია, რომ „პირდაპირი მოლაპარაკებების“ ფორმალიზებული ფორმატი დიპლომატიის ენაზე სოხუმის საერთაშორისო სტატუსის ამაღლებისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ფაქტობრივი დეზავუირების ნიშანი იქნებოდა.
ამავდროულად ეს შეზღუდვა არანაირად არ უშლის ხელს არაფორმალური „პირდაპირი“ დიალოგის წარმოებას, თუმცა ამისთვის საჭიროა სულ მცირე, ორივე მხარის სურვილი და რუსეთის მხრიდან წინაღობების არარსებობა.
რაჟდენ ქაჯაია