Accentnews.ge
ხვალ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება

ხვალ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება

12/12/2023 16:29:28 კონფლიქტები

ხვალ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით 116–ე შეხვედრა გაიმართება.

ერგნეთის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა იქნება. გარდა ამისა, ქართული მხარე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებასა და უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის შეჩერებას მოითხოვს.

ერგნეთში ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ჩატარდა. 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის ექსპერტიზის პასუხები. საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ 23 ნოემბერს დამტკიცებული მრავალპარტიული რეზოლუცია მოითხოვს: საქმის საფუძვლიან გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას; "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" ევროპული ანალოგის შექმნას [საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით]; მიზანმიმართული სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთო–ს და გაერო–ს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S