
ერგნეთში IPRM-ის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა თამაზ გინტურის მკვლელობა იქნება
13/12/2023 08:05:41 კონფლიქტები
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით 116–ე შეხვედრა იმართება. განხილვის ერთ-ერთი თემა საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმე იქნება. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
"თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის გაცხადებული. უნდა მოხდეს მკვლელების მიმართ სამართლის აღსრულება. ყველაზე ლოგიკური გზაა მკვლელების გადმოცემა. [მკვლელები] იდენტიფიცირებული არ არიან, 'ოქროს მოწმემ' ვერ ამოიცნო", - თქვა ანთაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 37 მოქალაქე. მათ შორის ხუთი - ერგნეთში 1 ნოემბერს გამართული 115-ე შეხვედრის შემდეგ.
სუს–ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი - მათ შორის უკანონო დაკავებები და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.
ერგნეთში ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ჩატარდა. 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის ექსპერტიზის პასუხები. საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ 23 ნოემბერს დამტკიცებული მრავალპარტიული რეზოლუცია მოითხოვს: საქმის საფუძვლიან გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას; "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" ევროპული ანალოგის შექმნას [საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით]; მიზანმიმართული სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთო–ს და გაერო–ს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.