Accentnews.ge
ერგნეთში ქართულმა მხარემ გინტურის მკვლელების გადმოცემის საკითხი დასვა

ერგნეთში ქართულმა მხარემ გინტურის მკვლელების გადმოცემის საკითხი დასვა

13/12/2023 15:35:53 კონფლიქტები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განუცხადა.

„ჩვენი მოთხოვნა გახლავთ მკვლელების მიმართ სამართლის აღსრულება, რომლის ყველაზე ლოგიკური გზა არის მათი ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა. ასევე ვისაუბრეთ თამაზ გინტურის მკვლელობის დეტალებზე“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ და დასძინა, „სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის პოზიცია იყო უკიდურესად დესტრუქციული“. მანამდე რუსულმა მხარემ მსგავსი პოზიცია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში დააფიქსირა.

„ისინი შეეცადნენ, მკვლელობის ეს ბარბაროსული აქტი ე.წ. მესაზღვრეების მართლზომიერ ქმედებად წარმოეჩინათ. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ცენტრალური ხელისუფლების პოზიციას, რომ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის მიმართ ჩვენ ვიქნებით შეურიგებლები და ყოველთვის ვიბრძოლებთ და ყველა არსებულ ფორმატში გამოყენებული იქნება ყველა შესაძლებლობა მკვლელების მიმართ მოხდეს სამართლის აღსრულება“, - თქვა ირაკლი ანთაძემ.

მან თქვა, რომ გამოძიების პრეროგატივაა მკვლელების იდენტიფიცირება. მისივე თქმით, მკვლელობის მოწმე ლევან დოთიაშვილმა,ვერ შეძლო მკვლელების ამოცნობა.

მან ასევე ისაუბრა ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 5 მოქალაქის საკითხზეც და თქვა, რომ მათ შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით "არანაირი კონკრეტული დაპირება არ გაჟღერებულა".

თავის მხრივ, ოსურმა მხარემ, ირაკლი ანთაძის თქმით, დააყენა "დაუსაბუთებელი პრეტენზიები ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სტანდარტულ პოსტთან დაკავშირებით, რასაც გაეცა პასუხი და დასაბუთდა მათი უსაფუძვლობა".

6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S