
სოხუმი: "ასადმა პირობა დადო, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებს არაბული სამყაროს მიერ აფხაზეთის აღიარების გაფართოებისთვის"
13/12/2023 17:38:04 კონფლიქტები
სირიის ლიდერმა ბაშარ ალ ასადმა დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მიიღო.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინალ არძინბამ სირიის ლიდერს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასგან გულითადი მოკითხვა და აფხაზეთში მიწვევა გადასცა, რომელიც ასადმა მიიღო და აფხაზურ მხარეს სოხუმში 2024 წლის განმავლობაში ვიზიტ დაჰპირდა.
ამასთან, სოხუმის ინფორმაციით, ასადმა პირობა დადო, რომ "ძალღონეს არ დაიშურებს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ აფხაზეთის აღიარების გაფართოებისთვის".
დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ შეხვედრაზე "განათლების, კულტურის, ინვესტირების მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდენ, ამასთან აღინიშნა ეკონომიკის განვითარებისთვის რუს და ბელარუს ინვესტორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა".