
ფიდანი: აზერბაიჯან–სომხეთის შეთანხმებას მყისიერად მოჰყვება სომხეთ–თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზება, ახლოს ვართ მშვიდობასთან
14/12/2023 13:40:57 კავკასია
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "ძალიან ახლოს ვართ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობასთან". მანამდე სომხეთის პრემიერ–მინისტრმა სავსებით რეალისტური უწოდა ახლო მომავალში აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას.
მისივე თქმით, აზერბაიჯან–სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზებას მყისიერად მოჰყვება სომხეთ–თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზება.
„სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, ყველა მხარემ უნდა იბრძოლოს მშვიდობისთვის. სამწუხაროდ, სომხური ლობი დასავლეთში ცდილობს გარკვეული ქსელების შექმნას აზერბაიჯანის წინააღმდეგ. უკეთესი იქნება, თუ ეს ქვეყნები იმუშავებენ აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებაზე. ასევე, ძალიან ვაფასებთ ბოლო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ძალიან ახლოს ვართ მშვიდობასა და სტაბილურობასთან რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტებს აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით“, – განაცხადა ჰაქან ფიდანმა.
ცნობისთვის: სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სავსებით რეალისტურად მიიჩნევს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ახლო მომავალში გაფორმებას.
„თუ აზერბაიჯანი დაადასტურებს ამ პრინციპებს [ლიდერებს შორის შეთანხმებულს], მაშინ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა უახლოეს მომავალში ძალიან რეალურია“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით ეს ძირითადი პრინციპებია: რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა იმ ქვეყნების სუვერენიტეტის შენარჩუნების პრინციპით, რომლის ტერიტორიაზეც ისინი გადიან;სომხეთის (29 800 კვ.კმ) და აზერბაიჯანის (86 600 კვ.კმ) ტერიტორიული მთლიანობის საჯარო აღიარება, ასევე საზღვრების დელიმიტაცია უახლესი საბჭოთა რუკების მიხედვით.„ტყვეების გუშინდელი გაცვლა გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია უახლოეს მომავალში“, - დასძინა ფაშინიანმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ოთხშაბათს თავიანთ საზღვარზე გაცვალეს სამხედრო ტყვეები. გაცვლა მოიცავდა აზერბაიჯანის მიერ 2020 წლის ბოლოს ტყვედ აყვანილ 32 სომეხს, ხოლო სომხურმა მხარემ ბაქოს გადასცა ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომლებიც მას 2023 წლის აპრილიდან ჰყავდა დაკავებული.
ბაქომ და ერევანმა 7 დეკემბერს გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც საუბარი იყო, ტყვეთა პატიმრების გაცვლაზე. შეთანხმების ფარგლებში სომხეთმა მოხსნა კანდიდატურა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP-29) მხარეთა კონფერენციის 29-ე სესიაზე და მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის კანდიდატურას.
გარდა ამისა, მხარეებმა აღნიშნეს, რომ განაგრძობენ მოლაპარაკებებს ნდობის აღდგენისთვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით და მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის დამყარებას.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა არარატ მირზოიანმა 13 დეკემბერს განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი განიხილავენ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან ჯარების გაყვანის იდეას.
„ჩვენ გვჯერა, რომ ჯარების გაყვანას ნამდვილად დადებითი ეფექტი ექნება და ხელს შეუწყობს შესაძლო ახალი ესკალაციის თავიდან აცილებას. მე არ ვამბობ, რომ ამაზე შეთანხმება გვაქვს. ეს არის იდეა, რომელიც განიხილება“, - განაცხადა მან.