მედია: IDF-ის მიერ "ჰამასის" გვირაბების ზღვის წყლით დატბორვა წარმატებული აღმოჩნდა
15/12/2023 07:25:50 მსოფლიო
IDF-ის მიერ "ჰამასის" გვირაბების ზღვის წყლით დატბორვა წარმატებული აღმოჩნდა,– იუწყება Times of Israel დეტალების მითითების გარეშე.
მანამდე, 13 დეკემბერს Wall Street Journal წერდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაიწყეს ზღვის წყლის გადატუმბვა ღაზას სექტორში არსებული გვირაბების კომპლექსში, რომელსაც "ჰამასი" იყენებს.
IDF-ის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ გვირაბების დატბორვა "კარგი იდეაა, მაგრამ დეტალებზე კომენტარს არ გავაკეთებ."
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ არმია მოქმედებს სადაზვერვო ცნობების საფუძველზე, თუ სად არიან მძევლები და არ გადადგამს ზომებს, რომლებიც ზიანს მიაყენებს მათ.
4 დეკემბერს IDF-მა განაცხადა ღაზას სექტორში 800-ზე მეტი გვირაბის აღმოჩენის შესახებ, რომელთაგან 500 განადგურდა, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით.
ისრაელის სამხედროების ცნობით, გვირაბები გადის ღაზას სექტორში სკოლებისა და სპორტული ცენტრების, მეჩეთებისა და საავადმყოფოების ქვეშ. ამ გვირაბების სისტემის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. "ჰამასის" ლიდერების თქმით, მათი სიგრძე 500 კილომეტრს აღწევს, სიღრმე კი 35 მეტრს.
"ჰამასი" მრავალი წლის განმავლობაში იყენებს მიწისქვეშა გადასასვლელების ფართო სისტემას სამხედრო მიზნებისთვის, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე შესაღწევად. ასე იყო ისრაელზე 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს, – ამტკიცებს IDF.
"ჰამასი" ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს და მოაწყო ხოცვა–ჟლეტა. დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ორასზე მეტი მძევლად აიყვანეს, ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით გაათავისუფლეს. საპასუხოდ ისრაელმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია ღაზას სექტორში, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს. პალესტინური მხარის ინფორმაციით, ისრაელის დარტყმებისა და სახმელეთო ოპერაციების შედეგად, სექტორის დაახლოებით 18 ათასი მცხოვრები დაიღუპა. ბრძოლა გრძელდება.


