19-12-2023 18:53:57 პოლიტიკა
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2024 წელი ისევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება იყო.
მისი თქმით, საქართველოსგან მოელიან რეფორმებს ევროკავშირს მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის ფარგლებში, რათა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომლებიც ასევე აქვს ნატო-საც.
“ქართველი ხალხს, ქართველ ოფიციალურ პირებს ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მივულოცე შეხვედრების დროს, რომლებიც მქონდა. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ამბავია, ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, მაგრამ ეს ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის კარგი ამბავი. ვფიქრობ, რომ ეს მომენტს ხსნის, რომლის გამოყენებაც უნდა გავაგრძელოთ 2024 წელს. 2024 წელი ისევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც ეს გადაწყვეტილება იყო. საქართველოსგან მოველით, რომ 9 ნაბიჯს შეასრულებს, რეფორმებს, რომლებიც გატარებულ უნდა იქნას ამ 9 ნაბიჯის ფარგლებში, რათა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომლებიც ასევე ნატო-საც აქვს",– თქვა კოლომინამ.
მისი თქმით, ჯერ კიდევ აშკარად არსებობს გაუმჯობესებისთვის სივრცე, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურების ზედამხედველობაში, სასამართლო რეფორმაში, დეპოლარიზაციაში, დეოლიგარქიზაციაში.
“ვიცით, რომ ქართველებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმებში. ჯერ კიდევ ვხედავთ, რომ აშკარად არსებობს გაუმჯობესებისთვის სივრცე, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურების ზედამხედველობაში, სასამართლო რეფორმაში, დეპოლარიზაციაში, დეოლიგარქიზაციაში. ყველა ეს ასპექტი, როგორც ხედავთ, 9 ნაბიჯის ნაწილია, რომლებშიც ევროკავშირი ქართველებისგან მეტის გაკეთებას ელის. გვჯერა, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულდა, ზოგიერთში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები, მაგრამ, როგორც ვთქვი, არსებობს გაუმჯობესებისთვის სივრცე და გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისთვის ბიძგის მიცემას, რომ ეს რეფორმები გატარებულ იქნას.გვჯერა, რომ ევროკავშირი ძალიან ახლოდან დააკვირდება 9 ნაბიჯის შესრულების პროცესს და იმ რეფორმებს, რომლებიც ვახსენე”, - განაცხადა კოლომინამ.
მან შეხვედრები დადებითად შეაფასა და თქვა, რომ საუბარი, მათ შორის, შეეხო ევროინტეგრაციის მხარდაჭერის გზებს:
"უკვე მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდები. ასევე შევხვდი პარლამენტის სპიკერს. მთლიანობაში ყველა კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან კარგია, ვილაპარაკეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ხსნის, და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გზებზე”.