კოლომინა: საქართველოში უნდა იცოდნენ ჩინეთზე დამოკიდებულების რისკები, ეს იყო საუბრების ნაწილი
19/12/2023 16:37:17 პოლიტიკა
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინასა და ქართველ ოფიციალურ პირებს შორის გამართულ შეხვედრებზე განსახილველი ერთ–ერთი თემა ჩინეთის საკითხიც იყო. ამის შესახებ ალიანსის წარმომადგენელმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მან ჩინეთთან დაბალანსებული პოლიტიკის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ჩინური ინვესტიციებისადმი ფრთხილ დამოკიდებულებაზე.
“ამაზე თბილისში ჩემი ვიზიტების დროს ხშირად გვილაპარაკია. გეოსტრატეგიული შეჯიბრის სამყაროში ვცხოვრობთ, ეს ნათელია. რუსეთისა და ჩინეთის სიტუაციებს არ ვადარებთ ერთმანეთს, მაგრამ შეშფოთება გვაქვს იმ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩინეთი წარმოადგენს. ამ მხრივ, გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებსა და ჩვენს მოკავშირეებსაც კი შეუძლიათ უფრო დახვეწილი ურთიერთობები ჰქონდეთ ჩინეთთან, ვინაიდან, ჩინეთს გარკვეულ დონემდე შეუძლია, პარტნიორი იყოს, შეუძლია, გლობალური აქტორი იყოს, რომელთანაც ჩართულობა შეიძლება. ნატო ჩართულია ჩინეთთან, მაგრამ ამავდროულად, უნდა გესმოდეს ის ფაქტი, რომ ის წარმოადგენს უსაფრთხოების ამ გამოწვევებს, განსაკუთრებით კი როდესაც საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და დამოკიდებულებებს ეხება, რომელთა შექმნაც ზოგიერთ ინსევსტიციას შეუძლია",– თქვა კოლომინამ და დასძინა, "ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთთან პარტნიორობა ან ჩინეთისგან ინვესტიციების მიღება არ შეგიძლია".
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი "სრულიად განსხვავებული ისტორიაა": ის საფრთხეა, დამპყრობელია და "რუსეთზე ჩვენი შეხედულება არ შეიცვლება მანამ, სანამ ომი მიმდინარეობს".
"ეს იყო საუბრების ნაწილი, რომლებიც ქართველ ოფიციალურ პირებთან მქონდა. მათ უნდა იცოდნენ დამოკიდებულებების შექმნის რისკები, განსაკუთრებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში. ამავდროულად, გვესმის, იმ სექტორებში ინვესტიციების საჭიროება, რომლებიც ასეთ დამოკიდებულებებს არ ქმნიან. ასე რომ, ჯამში დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს”, - დასძინა კოლომინამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ და ჩინეთმა ურთიერთობების სტრატეგიულ დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.
იხილეთ ასევე: საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობაში ჩინეთის ელჩიც ჩაერთო?


