Accentnews.ge
SJC კონფლიქტებზე სამი პოლიტიკოსის პოზიციას "მკვეთრად პრობლემურს" უწოდებს

SJC კონფლიქტებზე სამი პოლიტიკოსის პოზიციას "მკვეთრად პრობლემურს" უწოდებს

19/12/2023 19:15:45 კონფლიქტები, პოლიტიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ეხმიანება თამაზ გინტურის და თემურ კარბაიას მკვლელობის ფაქტებზე პოლიტიკოსების – შალვა ნათელაშვილის (ლეიბორისტული პარტია), გიგა ბოკერიას (ევროპული საქართველო) და ბექა დავითულიანის (ქართული ოცნება) "მკვეთრად პრობლემურ" განცხადებებს და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, გაიაზრონ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის მშენებლობაში და საკუთარი პოზიციები სახელმწიფოს მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის სულისკვეთებასთან შესაბამისობაში მოიყვანონ.

ორგანიზაციას მოჰყავს სამივე კომენტარი:

  • "2023 წლის 6 დეკემბერს ტვ პირველის გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“ სტუმრობისას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გაიმეორა 1990-იანი წლების შოვინისტური ნარატივი, რომელიც აფხაზების ეთნოგენეზისზე სპეკულაციურ და დამახინჯებულ წარმოდგენებს ქმნის და შუღლის გაღვივებას უფრო ახდენს: „აფსუებს თუ უნდათ წავიდნენ ყაბარდო-ბალკარეთში. ჩამოხეტებული აფსუები მივიღეთ, ჩავიხუტეთ და ასე გადაგვიხადეს მადლობა... ტანსაცმელი არ ჰქონდათ, რომ ჩამოეხეტნენ გუდაუთაში. მსოფლიოს არ უნდა ეგონოს რომ ჩვენ და აფსუებს თანაბარი უფლებები გვაქვს. ვისაც მოუნდება დამოუკიდებელი სახელმწიფო წავიდეს, წაეთრას, საიდანაც მოვიდა და იქ შექმნას.“ სამწუხაროდ, პოლიტიკოსის ამ უპასუხისმგებლო განცხადებას საჯაროდ არ გაემიჯნა და სათანადო კომენტარი არ გააკეთა არც გადაცემის წამყვანმა, ეკატერინე მიშველაძემ.
  • 2023 წლის 13 დეკემბერს პოლიტიკური პარტიის „ევროპული საქართველო“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა: „ამ ხელისუფლების პირობებში ბოლო წლებში ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის 80% და ზოგჯერ მეტიც მიეწოდება საოკუპაციო რეჟიმს. კითხვა ისმის, რატომ? [..] რატომ ვაფინანსებთ და რატომ ვაწვდით ჩვენს მტერს ენერგიას? რაში იცვლება ეს, თუკი ოკუპირებულ აფხაზეთში მდგომარეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის უარესდება, მკვლელობები გრძელდება და ამისთვის ჩვენი მტერი არანაირ ფასს არ იხდის. ჩვენ დღეს ამ ინსტრუმენტის გამოყენებით შეგვიძლია ზეწოლა მოვახდინოთ საოკუპაციო რეჟიმზე, რუსეთის მარიონეტებზე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ადგილზე ჩვენი მოქალაქეებისთვის ვითარება არ გამოსწორდება, მთლიანად ჩაიკეტება ენგურჰესი მათთვის.“ მანამდე მის ოფიციალურ ფეისბუქ –გვერდზე გიგა ბოკერია წერდა: „მშვიდობიან მოგვარებაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მუდმივი ღაღადი მხოლოდ სისუსტისა და უმწეობის გამოვლინებაა და ჩვენი საზოგადოების სწორი მიზნის გარშემო მობილიზების ნაცვლად, მხოლოდ დემორალიზაციას იწვევს და ამით გვაშორებს ჩვენს ეროვნულ ამოცანებს“.
  • განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო მმართველი პოლიტიკური პარტიის დეპუტატის, ბექა დავითულიანის 2023 წლის 11 დეკემბრის განცხადება, სადაც ის პირდაპირ დაუპირისპირდა მისი პარტიის მიერ განცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას: „სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა, რომ ეს ტერიტორიები დაუყოვნებლივ დავიბრუნოთ ძალისმიერი მეთოდებით. რომ გვქონდეს, აუცილებლად ასე მოვიქცეოდით, მაგრამ გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს“.

ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული განცხადებები "აცდენილია საქართველოს ოფიციალურ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც 2010 წლიდან ადგენს, რომ დეოკუპაციისა და კონფლიქტების მოგვარების მიზანს საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მიაღწევს და ის გამორიცხავს სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობას.

  • ორგანიზაციის შეფასებით, სამივე პოლიტიკოსის ხსენებული განცხადებები: არ აღიარებს მშვიდობის, როგორც თავისთავად მნიშვნელოვანი პოლიტიკური იდეის მნიშვნელობას (ბ. დავითულიანის განცხადება)
  • აფხაზების მიმართ მტრულ და შოვინისტურ განწყობებს აღრმავებს (შ. ნათელაშვილის განცხადება)
  • სრულად გამორიცხავს კონფლიქტის ქართულ-აფხაზურ/ქართულ-ოსურ განზომილებას, ამ საზოგადოებებთან დიალოგის, ნდობის შენებისა და მათთვის რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის კვალდაკვალ უფლებრივი და სოციალური სიკეთეების შეთავაზების ლოგიკას (გ. ბოკერიას განცხადება).

"იმ პირობებში, როდესაც აფხაზი და ოსი საზოგადოებები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დისკუსიებს, ამგვარი განცხადებების ჯაჭვი უნდობლობასა და გაუცხოებას აღრმავებს. წლებთან ერთად ისედაც გაზრდილია გაყოფილ საზოგადოებებს შორის გაუცხოება და უნდობლობა, რომელიც კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობას არსებითად ამცირებს და შეუქცევად და უმძიმეს დანაკარგად აქცევს. ძალიან ვწუხვართ, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ნდობის შენების მნიშვნელობა არ ესმით და მას უგულებელყოფენ",– აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, "სოციალურ სამართლიანობის ცენტრში" მიაჩნიათ, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი "ვერ ახერხებს, უპასუხოს შეცვლილ რეგიონულ კონტექსტს და კონფლიქტების მიმართულებით რეალისტური და საინტერესო პოლიტიკური ინიციატივები შექმნას":

"ყარაბაღის II ომის და უკრაინაში რუსეთის მიერ სასტიკი ომის დაწყების შემდეგ, აფხაზურ და სამხრეთ ოსურ საზოგადოებებში შიშები გაჩნდა მათ მომავალთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რუსეთის მიმართ ნდობა კი შემცირდა. ეს პროცესი განსაკუთრებით მწვავედ ჩანს აფხაზეთში, სადაც სამოქალაქო საზოგადოება ღია წინააღმდეგობას უწევს რუსეთის მხრიდან რესურსების და სტრატეგიული ობიექტების აპროპრიაციას. ამავდროულად, უკრაინის ომის შემდეგ დაჩქარდა უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რომელსაც ასევე ძირეული გავლენა ექნება ამ ქვეყნების კონფლიქტების მოგვარებაზე და სამშვიდობო პოლიტიკაზე. მშვიდობა, ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპია და მას კონფლიქტების მშვიდობიანი რეგულირების და ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი გამოცდილებები და რესურსები აქვს".

ორგანიზაცია გამოთქვამს წუხილს, რომ ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ ახალი ხედვები, გამაერთიანებელი გზავნილები და კომპრომისული გამოსავლები შესთავაზოს ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, ისინი კვლავ "გაუაზრებელ პოპულიზმში რჩებიან", "არ გააჩნიათ დეოკუპაციის საფუძვლიანი ხედვა და ამ საკითხებზე ზედაპირული განცხადებებით შემოიფარგლებიან".

"ჩვენთვის ცხადია, რომ პოლიტიკური პოპულიზმის ტენდენცია პარტიების მიმართ მზარდი უნდობლობით, ასევე პარტიების, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციების შიგნით ადამიანური და ინტელექტუალური რესურსების დეფიციტით უნდა აიხსნას",– ამბობენ სსოციალური სამართლიანობის ცენტრში.

ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მათ ლიდერებსა და წარმომადგენლებს:

  • სიფრთხილით მოეკიდონ კონფლიქტების თემაზე გაკეთებულ გაცხადებებს და ის შესაბამისობაში მოიყვანონ სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად პრინციპებთან და სულისკვეთებასთან, რომელიც კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიანი და პოლიტიკური გზებით გადაწყვეტის პრინციპებს აღიარებს და ითვალისწინებს გაყოფილი საზოგადოების ჩართულობისა და მათთან თანამშრომლობის გაზრდას;
  • გაიაზრონ რეგიონში მიმდინარე ცვლილებები და გაჩენილი ახალი და ისტორიული გეოპოლიტიკური შესაძლებლობები საქართველოსთვის და მთავრობას და პოლიტიკურ პარტიებს შორის მაღალი კოორდინაციისა და შეთანხმებების პირობებში იმუშაონ სამშვიდობო პოლიტიკის განახლებასა და გაძლიერებაზე, რომელიც გაყოფილი საზოგადოებებისთვის ახალი ალტერნატივების და დიალოგის ინტერესის შეთავაზებაზე იქნება ორიენტირებული. არსებითია ეს პროცესი ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, ასევე ანგარიშვალდებულებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის რეალური მონაწილეობის პრინციპებით წარიმართოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S