
ომბუდსმენი ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე: "განსაკუთრებით საგანგაშოა"
27/12/2023 10:46:10 კონფლიქტები, საზოგადოება
"შემაშფოთებელია დღეს, 2023 წლის 27 დეკემბერს გამთენიისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა", - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების კიდევ ერთი, საგანგაშო მცდელობა:
"აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც ეს განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში.
საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ზემოაღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი გამოვლენაა იმ არაერთი და მასშტაბური, ეროვნული კანონმდებლობის, და მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო პრაქტიკისა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება და რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მუდმივად დღის წესრიგში მდგარი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკის ფონზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების კიდევ ერთი მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა".
ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.
რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს. რუსეთის მხარეს აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ "რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის.მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას".