
პრეზიდენტი – ბიჭვინთაზე: ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფო რეაგირებისკენ
27/12/2023 10:50:54 კონფლიქტები, პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას" მკაცრად გმობს.
"მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ", – აცხადებს პრეზიდენტი.
ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.
რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს. რუსეთის მხარეს აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ "რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის.მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას".