Accentnews.ge
შსს-ს 20 ივნისს დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება და ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა

შსს-ს 20 ივნისს დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება და ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა

27/12/2023 14:42:48 სამართალი, საზოგადოება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულთა სასარგებლოდ შეცვალა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს, რომელიც დაზარალებულთა ინტერესებს იცავს.

ერთ-ერთი დაზარალებული გიორგი სულაშვილია, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად თვალი დაკარგა, თუმცა საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა ყოველთვიური სარჩოს დანიშვნაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით დააკისრა, რაც საიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

იხილეთ ასევე: 20 ივნისს დაზარალებული: „მოსამართლემ უარი თქვა შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე"

საიას ცნობით, 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე – ნინო ყანჩაველი) არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიორგი სულაშვილსა და კიდევ ერთი დაზარალებული პირის სააპელაციო საჩივრები.

კერძოდ, შსს-ს დაეკისრა გიორგი სულაშვილისთვის 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება და ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მეორე დაზარალებულს (რომელსაც იდენტიფიცირება არ სურს), მისთვის შსს-ს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 000 ლარის და ყოველთვიურად სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა ჰქონდა დაკისრებული. თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა და შსს-ს მის სასარგებლოდაც დააკისრა 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება.

საიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არაა შესული.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს უხეში ზალის გამოყენებით დაშალეს მომიტინგეები, რომლებიც რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში ვიზიტს აპროტესტებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S