28-12-2023 10:50:01 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას უკანონოს უწოდებს. პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაერო–ს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
"აშშ გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მუდმივი ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებითა და გაერო–ს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები", - განაცხადა მილერმა.
ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.
რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს. რუსეთის მხარეს აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ "რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის.მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას".