ხათუნა ბურკაძე - ერთიანობითა და რეფორმებით 2024 წელს ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება უნდა შევძლოთ

29-12-2023 13:08:38 თვალსაზრისი ,რეკლამა

შესავალი

2023 წელი საქართველოსათვის ევროინტეგრაციის გზაზე გარდამტეხ წლად იქცა. ჩვენმა ქვეყანამ ხელშესახებ შედეგს მიაღწია. ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველოს, როგორც ევროპულ სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა, რეფორმების გზით, საბოლოოდ განახორციელოს მისი ევროპული მიზნები და გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ამასთან, ეს არის აღიარება იმისა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულია და შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ერთიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირება. შესაბამისად, გეოპოლიტიკური მოცემულობა გვკარნახობს, პარტნიორების მხარდაჭერით, მთელი რიგი ცვლილებების განხორციელების გაგრძელებას ევროპულ კრიტერიუმებთან უფრო მეტად დაახლოებისათვის. მით უფრო, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და არათუ წლები, არამედ საუკუნეებია ისწრაფვის დასავლურ სისტემასთან სრული ინტეგრირებისათვის. ეს როგორც ჩვენი წინაპრების, ასევე საქართველოს მოსახლეობის ურყევი არჩევანია, რომელიც ქმნის მყარ, კონსტიტუციურ საფუძველს იმისა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და ჩვენ შევძლებთ მეტი სტრატეგიული ნაბიჯის გადადგმას ჩვენი ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანის იმპლემენტაციისათვის. ევროპული გზა საქართველოს მისცემს შესაძლებლობას დასავლური ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, რომლის ფარგლებში სწორედ ადამიანია მთავარი ღირებულება. ნებისმიერი სისტემა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ გვჭირდება ინდივიდების უფლებების, თავისუფლებების დასაცავად და მათთვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შესაქმნელად. ეს ლოკისეული თეორიიდან გამომდინარე, ერთგვარი კონტრაქტია ინდივიდებსა და სისტემებს შორის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. სწორედ აქ იკვეთება ევროკავშირის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან მისი მიზანია ყველა საკვანძო მიმართულებით (განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკა, აგრარული სექტორი, სატრანსპორტო პოლიტიკა, ენერგეტიკა, საჯარო ადმინისტრირება და ა.შ.) იმ ტიპის რეფორმების განხორციელება, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეს შესაძლებლობებს მოაპოვებინებს და სამართლიან, ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას განაპირობებს.

ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის განმსაზღვრელი სამი მთავარი ფაქტორი

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ანალიზისათვის აუცილებელია სამი მთავარი ფაქტორის: ისტორიულის, საშინაო და საგარეო ფაქტორების გამოკვეთა, რაც კიდევ უფრო ცხადყოფს ევროინტეგრაციის პროცესის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

ევროპული ინტეგრაციის 73-წლიანმა პერიოდმა აჩვენა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის იდეამ გაამართლა. ევროპულმა სახელმწიფოებმა როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ინტეგრაციის საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწიეს. ამიტომაცაა ევროკავშირი გამორჩეული სხვა გაერთიანებებისგან. ევროკავშირის ზენაციონალური ელემენტები განაპირობებენ ორგანიზაციის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების როლისა და კომპეტენციის ისე განსაზღვრას, რომ მათ ხელი შეუწყონ, ერთი მხრივ, ერთიანი ევროპული პოლიტიკის შემუშავებას და, მეორე მხრივ, მის ეფექტიან იმპლემენტაციას.

ეფექტიანი ევროპული ერთობა მნიშვნელოვანი მაგალითია სხვა სახელმწიფოებისთვის, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობის, სოლიდარობის გზით მეტი შესაძლებლობების შექმნა ეროვნული სისტემების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი განვითარებისთვის და ამავდროულად, მათი ინტეგრაცია საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ გაერთიანებაში.

ევროინტეგრაციის ისტორიის ანალიზის შედეგად თვალსაჩინოა, რომ გაერთიანებული ევროპის იდეა გულისხმობს მშვიდობას, უსაფრთხოებას, განვითარების რეალური შესაძლებლობების შექმნას და, რასაკვირველია, მრავალფეროვნების, ევროპული ქვეყნების იდენტობის პატივისცემას, დაცვას.

ევროპულმა გაერთიანებამ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციით შეძლო მაღალი ევროპული სტანდარტების განვითარება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. შესაბამისად, ამ სისტემის მიზანია ხელი შეუწყოს წევრ სახელმწიფოებში იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც გულისხმობენ ინდივიდის პოლიტიკური, სამოქალაქო, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული უფლებების დაცვას. ევროპულ სახელმწიფოებს ინსტიტუციურად გათვითცნობიერებული აქვთ თავიანთი ვალდებულებები მოქალაქეების წინაშე. მით უფრო იმ ფონზე, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე იმავდროულად ევროკავშირის მოქალაქეა, რაც ნიშნავს წვდომას ევროპულ განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ევროკავშირის ბაზარსა და ყველა იმ საკვანძო მიმართულებაზე, რომლებიც განსაზღვრავენ მოქალაქის უკეთეს მომავალს. ასევე, ეს პროცესი განაპირობებს 4 ფუნდამენტური თავისუფლების (ადამიანის, კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილების) იმპლემენტაციას ერთიანი ევროპული სივრცის ფარგლებში.

საქართველოს ევროკავშირში წევრობა ჩვენი მოქალაქეებისათვის ევროკავშირის მოქალაქეობის სტატუსის მინიჭებას ნიშნავს, რაც ევროპული შესაძლებლობების ფანჯრის სრულფასოვან გაღებაზე მიანიშნებს. ეს კი საკუთარი მიზნების განხორციელების საუკეთესო, დემოკრატიული, დაცული, სტაბილური საშუალებაა. ის მოიცავს ევროპული გაერთიანების ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესაბამისი შესაძლებლობების გამოყენებას, მათ შორის პროფესიული განვითარების თუ ბიზნეს გეგმის იმპლემენტაციის მიმართულებებით. ამასთანავე, ეს გულისხმობს თითოეული ჩვენგანის კანონიერი ინტერესის უზრუნველყოფის ქმედითი ინსტრუმენტების არსებობას და, კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის სრული დაცვით, მათზე ხელმისაწვდომობას. სწორედ სამართლის უზენაესობის პატივისცემაა აუცილებელი მოქალაქის უფლებების სათანადოდ რეალიზებისათვის და ამ მიმართულებით მთელი რიგი გარანტიების შექმნისათვის. კერძოდ, ევროპული სტანდარტების თანახმად, დამსაქმებელმა უნდა დაიცვას დასაქმებულთა შრომითი უფლებები, ამ უკანასკნელს უნდა ჰქონდეს გაწეული, მათ შორის ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ღირსეული ანაზღაურება. დაცული უნდა იყოს არასრულწლოვანთა უფლებები მათი განვითარების ყველა საფეხურზე. ყველა მოწყვლად ჯგუფს უნდა გააჩნდეს მათი უფლებების დაცვის შესაბამისი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები. გათვალისწინებული უნდა იყოს მომხმარებელთა ინტერესები. საჯარო სამსახურს მდგრადი განვითარების სათანადო პირობები უნდა გააჩნდეს და მოხელის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის შესაბამისი პროგრამები უნდა ვითარდებოდეს. ეკონომიკა თავისუფალ საბაზრო პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. სამართლიანობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს ფერმერების მხარდამჭერი ინიციატივები, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზრის ათვისება. რეგიონების თანამედროვე, ევროპული ინფრასტრუქტურით აღჭურვისათვის უნდა შემუშავდეს მთელი რიგი ინიციატივები, რაც „ევროპული სოფლების“ კონცეფციის განვითარებისათვის აუცილებელია და საჭიროა ადგილობრივი წარმოებისათვის. ამდენად, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე მისი მრავალგანზომილებიანი ბუნებაც მეტყველებს, რომელიც ქმნის ფუნდამენტს თითოეული ჩვენგანის ინტერესის გასათვალისწინებლად და კეთილდღეობის სივრცის ისე გასავითარებლად, რომ ადამიანის ღირსება იყოს დაცული.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ჭრილში კი უნდა ითქვას, რომ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოთა გაერთიანებებს საერთო საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით შესაბამისი მექანიზმები გააჩნიათ. ეს კი კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებლობას, რადგან ეს პროცესი გვაძლევს შესაძლებლობას, პარტნიორების მხარდაჭერით, განვავითაროთ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა ისე, რომ ეფექტიანად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს და საკუთარი როლის, ფუნქციის მეტად გამოკვეთით ეროვნული ინტერესები დავიცვათ.

დღეს საქართველოს საერთაშორისო არენაზე საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის მეტი რეალური ინსტრუმენტი სჭირდება. ეკონომიკური თვალსაზრისით ამისათვის ახალი, ფართომასშტაბიანი პროექტების ინიცირება და განხორციელებაა აუცილებელი, ხოლო პოლიტიკურ კონტექსტში მხოლოდ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ჩართულობა საკმარისი არ არის, საჭიროა წარმოადგენდე ერთ-ერთ იმ სუბიექტს, რომლის პოზიციას პირდაპირი გავლენა ექნება გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი რეგიონალური გაერთიანებაა, ის გავლენას ახდენს გლობალურ პროცესებზე. მეტიც, ყოველდღიურად იზრდება მისი როლი და მნიშვნელობა საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში უნივერსალურ დონეზე. ევროკავშირის წევრობა კი ნიშნავს იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სრულფასოვან მოთამაშედ ჩართვას, რომლებიც განსაზღვრავენ რეგიონალურ პოლიტიკას და გავლენას ახდენენ გლობალურ პროცესებზე. ეს მთლიანად შეცვლის ჩვენს საგარეო პოლიტიკურ უწყებას როგორც შინაარსობრივად, ასევე სტრუქტურულად და ხელს შეუწყობს საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ახალი ფუნქციების გამოკვეთას. განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოსათვის აუცილებელია რეალური დიპლომატიური ინსტრუმენტების განვითარება პროცესების შედარებით უმტკივნეულოდ წარმართვისათვის.

კანდიდატობიდან წევრობამდე

საქართველოსათვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს მეტი წვდომა ევროკავშირის პროგრამებზე და გაიზარდოს ქვეყანაში ევროპული ინვესტიციები, რაც შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ეს პროცესი ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონების ინფრასტრუქტურულ განვითარებას და ფერმერებს დაეხმარება ევროკავშირის ბაზრის სათანადოდ ათვისებაში. კანდიდატის სტატუსი გულისხმობს მეტი ინტესივობით რეფორმების განხორციელებას და ყველა საკვანძო მიმართულებით ევროპული სტანდარტების დანერგვას ევროკავშირის ფინანსური, პოლიტიკური მხარდაჭერის გაზრდის გზით. ჩვენი მეცნიერები, სტუდენტები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჩართულები იქნებიან მეტ ევროპულ საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისათვის.

ასევე, გეოპოლიტიკური მოცემულობის ანალიზის საფუძველზე აუცილებელია, საქართველომ უახლეს პერიოდში შეძლოს ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. ამ სტრატეგიული ამოცანის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის შემუშავებული რეკომენდაციების განხორციელება. კერძოდ, ინსტიტუციური მექანიზმების განვითარება დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციურ მოქმედებებთან გასამკლავებლად, რაც აუცილებელია ევროპული ღირებულებების დასაცავად. ასევე, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის გაუმჯობესება. ამასთან, პოლიტიკური პოლარიზაცია შესამცირებელია და ინკლუზიური გარემო შესაქმნელია. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ეუთო-ს რეკომენდაციებს. გარდა ამისა, საარჩევნო რეფორმა დასასრულებელია. ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაცია მოიცავს სასამართლო რეფორმის დასრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით. მნიშვნელოვანია, ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. დოკუმენტი მოიცავს დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებას მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად. ასევე, ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელების აუცილებლობაზე. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტული მიმართულების მიხედვით, საქართველოს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. რეფორმების ეფექტიანი განხორციელება ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლის საფუძველი უნდა გახდეს და ამისათვის საჭიროა, პოლიტიკურ პროცესში ჩართულმა ყველმა აქტორმა თავისი წილი პასუხისმგებლობა კარგად გაიაზროს. ეროვნული ინტერესები უპირატესია ვიწრო ინტერესებზე. სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომებითაა შესაძლებელი საერთო საქმისადმი მსახურება.

რაც შეეხება გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ის გულისხმობს 35 სფეროს მიხედვით ევროკავშირთან განხილვების წარმართვას. ეს პროცესი, მთლიანობაში, 6 ჯგუფად იყოფა. პირველი ჯგუფი ფუნდამენტურ საკითხებს აერთიანებს და ხდება იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეძლო ქვეყანამ საკანონმდებლო და ინსტიტუციური თვალსაზრისით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, თავისუფლებების დასაცავად შესაბამისი ინსტრუმენტების განვითარება. ასევე, მოიცავს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და საჯარო ადმინისტრირების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, აღნიშნული რეფორმა გულისხმობს საჯარო სამსახურში მოხელეთა პროფესიონალიზმის ნიშნით შერჩევასა და დამსახურების მიხედვით დაწინაურების მექანიზმის უზრუნველყოფას, რაც გამორიცხავს ნეპოტიზმს და ქმნის განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს. ეს კი პირდაპირ დაკავშირებულია საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობასთან. მეორე ჯგუფი ეხება პროდუქციის თავისუფალ გადაადგილებას, ინტელექტუალურ საკუთრებას, დასაქმებულთა უფლებებსა და შიდა ბაზართან დაკავშირებულ სხვა თემებს. მესამე ჯგუფი დაკავშირებულია მონეტარულ პოლიტიკასთან, გადასახადებთან, სოციალურ პოლიტიკასთან, განათლებასთან და იმ სხვა სფეროებთან, რომლებიც ეხება კონკურენციას, ინკლუზიურ ზრდას. მე-4 ჯგუფი - მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირები მოიცავს კლიმატის ცვლილებებს, ტრანსპორტს, ენერგეტიკას. მე-5 ჯგუფი ორიენტირებულია აგრარული სფეროს განვითარებასა და საკვების უსაფრთხოებაზე. მე-6 ჯგუფი აერთიანებს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს.

გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების ფარგლებში განსაზღვრული თემები მკაფიო დასტურია იმისა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მოიცავს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლის სისტემის განვითარებისათვის აუცილებელ ყველა საკვანძო მიმართულებას. ევროკავშირის მიერ შემუშავებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ კრიტერიუმებთან შესაბამისობა კი განაპირობებს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებულ ევროპულ გაერთიანებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.

დასკვნა

წლებია საქართველო და უკრაინა იბრძვიან რუსული ოკუპაციისა და ანექსიის წინააღმდეგ. აღნიშნული საფრთხეების ფონზე, ამ სახელმწიფოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ევროპული მომავლისათვის სწრაფვა, რომელიც მათ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას განაპირობებს. საქართველოს, რეფორმების გაგრძელების კვალდაკვალ, 2024 წელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ჩვენი ქვეყანა უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან ერთად უნდა განიხილებოდეს ერთიან რეგიონალურ კონტექსტში, რაც ევროინტეგრაციის ამოცანების მიღწევას გაადვილებს. ასევე, ეს პროცესი თავად ერთიანი ევროპული უსაფრთხოების სისტემის დაცულობისათვის არის აუცილებელი. ევროკავშირის გაფართოების ახალმა ტალღამ ახალი გარანტიები უნდა შექმნას მშვიდობის უზრუნველსაყოფად და წესებზე დაფუძნებული სისტემის დასაცავად.

საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენგან გაერთიანებას მოითხოვს და არა არასაგნობრივ, არაჯანსაღ დაპირისპირებას. ქვეყნის განვითარების საერთო დღის წესრიგზე შეთანხმება, გამაერთიანებლის ფუნქციის გამოკვეთა ის გზაა, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს საქართველოს მოქალაქეთათვის მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად. სწორედ ისინი წარმოადგენენ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს. ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასრულება კი, საბოლოოდ, საქართველოს ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ფორმირებასა და აღიარებას ნიშნავს. ეს კი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მიზნების, ამოცანების განსახორციელებლად მყარ საფუძვლებს შექმნის.

Новости

Другие новости