
თამაზ გინტური ძმა: "ძმა ჩამიცხრილეს, ერთი გამოსავალია, სტრასბურგს უნდა მივმართო"
09/01/2024 16:27:51 კონფლიქტები
თამაზ გინტურის მკვლელობიდან ორი თვე გავიდა, ოჯახს კი გამოძიებასთან კითხვები დაუგროვდა. ამ დრომდე არაა გარკვეული მკვლელის ვინაობა, რომლის იდენტიფიცირებას და დასჯას გინტურის ოჯახის წევრები მოითხოვენ.
როგორც თამაზ გინტურის ძმა ნოკოლოზ გინტური ამბობს, ელოდება რას ეტყვიან ხვალ პროკურატურაში და შემდეგ საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებასაც არ გამორიცხავს.
"ორ თვეზე მეტია გასული, საქმის მასალები ჯერ არ ვიცით, არ ვიცით რა ეტაპზეა საქმე, აქ ჩემი საშველი არ არის, ჩემ ძმას ყურადღების მიქცევა უნდა, მე დავრჩი და მე რომ არ მივხედო ჩემ ძმას, არ გამოვა. ჩამიცხრილეს ძმა, 35 ტყვია მოარტყეს მანქანას და მოკლესო, მოკლეს სხვა არის და ჩაცხრილვა სხვა არის. არ ვიცი ვიღას მივმართო, ერთი გამოსავალია სტრასბურგს უნდა მივმართო, ხვალ მეცოდინება პროკურატურაში რა იქნება და დანარჩენს მერე გეტყვით", - აცხადებს ნიკოლოზ გინტური ჟურნალისტებთან საუბარში.
ცნობისთვის: 2023 წლის 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.