
შსს ფერაძის სახლთან შეკრებილებს მოუწოდებს, "არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს"
10/01/2024 11:28:05 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილებს მოუწოდებს, "კანონით დადგენილ ნორმებს" არ გასცდნენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტი მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „თავად აღასრულებენ იმას, რაც სახელმწიფომ და კანონმა არ აღასრულა".
აქტივისტის მისამართით ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები.
ნატა ფერაძის სახლთან იმყოფებიან პოლიციელები.
თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულია წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც ასევე სტალინია გამოსახული.
გუშინ ხატს საღებავი შეასხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.