
თამაზ გინტურის ძმა: "სტრასბურგის სასამართლოს უნდა მივმართო"
10/01/2024 13:54:22 კონფლიქტები
თამაზ გინტურის ძმა ნიკოლოზ გინტური აცხადებს, რომ მისი ძმის მკვლელობის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღებს.
როგორც ნიკოლოზ გინტური აცხადებს, მისი ძმის მკვლელობიდან ორი თვე გავიდა, ოჯახს კი გამოძიებასთან კითხვები დაუგროვდა. მისი თქმით, მას პროკურატურიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
"ამ დრომდე ველოდები, არავინ გამომხმაურებია. ტელეფონზე ვრეკავ, პასუხს არავინ მცემს და არ ვიცი რა ხდება. მე ისე ვატყობ, ჩვენი პროკურატურის იმედიც არ მაქვს და უნდა მივმართო სტრასბურგის სასამართლოს, დანარჩენი უკვე არაფრის იმედი აღარ მაქვს. 2 თვეზე მეტი გავიდა და არაფერი ვიცი გამოძიებაში რა ხდება, საქმის მასალა სადამდეა მიყვანილი. ჩვენთვის მთავარია დაისაჯოს ჩემი ძმის მკვლელი, ვინც ჩემი ძმა ჩაცხრილა, ჩვენმა მთავრობამ მოითხოვეს მისი საქმე, წამოიღოს საქართველოში, ქართველ ხალხში, საქართველომ გაასამართლოს და აგებინოს პასუხი", – აცხადებს ნიკოლოზ გინტური.
ამასთან, მისი თქმით, ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს თამაზ გინტურის მანქანის დაბრუნებას.
"ამ დრომდე ვითხოვ მანქანის დაბრუნებას, რომელ მანქანაშიც ჩემი ძმა ჩაცხრილეს, ოჯახს სჭირდება მანქანა, ჩემი ძმის მეუღლე "დიალიზზე" არის, დღეგამოშვებით დაგვყავს გორში. არ არის იმდენი საშუალება, რომ მეზობლებმა ატარონ", - ამბობს ნიკოლოზ გინტური.
ცნობისთვის: 2023 წლის 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.