
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში „ანტიტერორისტული წვრთნები“ ჩაატარა
11/01/2024 07:57:15 კონფლიქტები
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში „ანტიტერორისტული წვრთნები“ ჩაატარა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 10 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაცის თანახმად, "სწავლება ჩატარდა პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეტევის მოსაგერიებლად". ამავე ცნობის მიხედვით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს უნდა აღეკვეთათ "სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პირობითი მოწინააღმდეგის შეღწევის მცდელობა".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ "პირადმა შემადგენლობამ შეთანხმებულად იმოქმედა ტერორისტული ჯგუფის ბლოკირების და საგანგებო ვითარებაში გადაწყვეტილებების მიღების მიზნით".
საქართველოს თავის ტერიტორიაზე – ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები უკანონოდ აქვს გამოცხადებული.