Accentnews.ge
აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 8-10 იანვარი

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 8-10 იანვარი

11/01/2024 12:43:32 კონფლიქტები

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე ე.წ. შეთანხმების დაჩქარებული რატიფიცირების ირგვლივ აქტიური დისკუსიები გრძელდება. ამჯერად განხეთქილება ადგილობრივ ოპოზიციაში მოხდა.

სოხუმში გაიმართა პრეს-კონფერენცია, სადაც ოპოზიციის ნაწილმა („აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტის“ ლიდერმა ლევან მიქაამ, დე ფაქტო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ვეტერანთა ორგანიზაცია „ახიაცა“-ს ლიდერმა ახრა ბჟანიამ, საექსპერტო ფონდი „ამთაა“-ს წარმომადგენელმა ალხას ჯინჯოლიამ და ომის ვეტერანმა ლაშა ზუხბამ) ოპოზიციური ძალების ბლოკიდან გამოსვლა და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ 27 დეკემბერს დე ფაქტო პარლამენტის გარკვეულმა წევრებმა ოპოზიციიდან შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს და მეტიც, გამარჯვებად მიიჩნიეს. პრეს-კონფერენციაში მონაწილე ოპოზიციურმა ძალებმა განაცხადეს, რომ არსებული ფორმით შეთანხმების რატიფიცირება დაუშვებელი იყო, რადგან ამით აფხაზებმა ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე იურისდიქცია დაკარგეს. მათივე თქმით, რატიფიცირების პროცედურა შინაგანაწესის სრული უგულვებელყოფით განხორციელდა და უკანონოდ ითვლება. პრეს-კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ოპოზიციური ძალები ამ მიმართულებით ბრძოლას ახალი პლატფორმის ფარგლებში გააგრძელებენ, აფხაზი ხალხის ინტერესების დასაცავად. ეხო კავკაზა

გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ოპოზიციურ მოძრაობას შეუერთდა ახალგაზრდების საინიციატოვო ჯგუფი “ჰარაჰპიცუნდა”, რომელიც 2022 წლის სექტემბერში ბიჭვინთის საკითხის გარშემო გაერთიანდა.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების რატიფიცირების საკითხზე კრიტიკული განცხადება ყოფილმა დე ფაქტო ომბუდსმენმა, ისიდა შაკრილმაც გააკეთა. DnewsAbkhazia

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს სიტყვიერ თავდასხმებს დამოუკიდებელი მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ.

„ეხო კავკაზა“-სა და მისი ჟურნალისტების წინააღმდეგ გაკეთებული ბრალდებების შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლების თავდასხმის ობიექტი ამჯერად ადგილობრივი მედია-საშუალება „ნუჟნაია გაზეტა“ გახდა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მილანა ხაშბამ მას ნეგატივის გავრცელება, საზოგადოებრივი დაპირისპირების გაღვივება და პოლიტიკური დესტაბილიზაციის წახალისება დააბრალა. ამასთან, მან მორიგჯერ გააკრიტიკა გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), რომელიც, მისი თქმით, „ნუჟნაია გაზეტას“ აფინანსებს, და აფხაზეთში „კოლექტიური დასავლეთის“ პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ტელეგრამ-არხი.

საგულისხმოა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება თანდათან ამკაცრებს კონტროლს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ადგილზე მნიშვნელოვან სოციალურ და ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევიან. ამის ნათელი მაგალითი შარშან რამდენიმე საერთაშორისო პროექტის შეჩერება და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ინიციატივების აკრძალვა იყო. 2023 წლის ბოლოს „პერსონა ნონ-გრატად“ საქართველოში აშშ-ის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ჯონ პენელი გამოცხადდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ აფხაზეთის ნავთობპროდუქტებით მომარაგების ექსკლუზიური უფლება კომპანია „როსნეფტს“ მიანიჭა, აფხაზეთში საწვავის დეფიციტი შეინიშნება.

1 იანვრიდან ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვა პრაქტიკულად შეწყვეტილია. ადგილობრივი საწვავის ასოციაციის ხელმძღვანელის, არტურ აშუბას თქმით, ამ მხრივ მდგომარეობა სავალალოა, საწვავის მარაგი ამოწურულია, ხოლო ახალი მარაგების შემოტანა რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო შეუძლებელია. მისივე თქმით, საწვავის ასოციაცია ეწინააღმდეგება „როსნეფტისთვის“ ექსკლუზიური უფლების მინიჭებას, რადგან ეს ბაზრის მონოპოლიზაციას გამოიწვევს. აფსადგილ-ინფო

ნავთობპროდუქტების მიწოდების საკითხის მოსაგვარებლად დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთს მიმართა და რეაგირებას ელოდება. ამის შესახებ დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მიქვაბიამ განაცხადა. აფსადგილ-ინფო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S