
აფხაზეთი-2024: დიდი უბედურების მოახლოება უკვე არა განცდაა, არამედ მოცემულობა
15/01/2024 00:03:35 კონფლიქტები
ახალი წელი სურვილების ჩაფიქრების, საჩუქრებისა და ბევრი სასიხარულო მომენტის დროა. მაგრამ მე ბავშვი აღარ ვარ და დიდი სურვილის მიუხედავად, ზღაპრების აღარ მჯერა. პირადად ჩემთვის ახალი 2024 იქცა წლად, როცა დიდი უბედურების მოახლოება უკვე არა განცდაა, არამედ მოცემულობა. და თუ ერთი-ორი წლის წინ სკეპტიციზმს მხოლოდ დროდადრო ვეძლეოდი, სადღეისოდ ეს უკვე მუდმივ მდგომარეობად მექცა.
მკითხველისთვის, რომელსაც ეს შესავალი ალბათ, გაუგებრად მოეჩვენა, განვმარტავ: საუბარია აფხაზეთსა და იმაზე, რაც მის ხალხს უკვე მიმდინარე წელს ელის.
აფხაზური საზოგადოების ხანგრძლივი დაპირისპირება კრემლის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან საბოლოოდაა წაგებული, - მართალია, ყველა პუნქტში ჯერ არა, მაგრამ დასაბამი უკვე დადებულია. ყველაზე საწყენი კი ისაა, რომ ამას არა მტრებმა ან მათმა ჯაშუშებმა, არამედ ხალხის მიერ არჩეულმა იმ აფხაზმა მოღვაწეებმა შეუწყვეს ხელი, რომლებმაც პირადი სარგებლის სანაცვლოდ რუსეთს აფხაზეთიც მიჰყიდეს და მისი ხალის მომავალიც.
„მეგობრობანას, მეზობლობანას და სრატეგიულპარტნიორობანას“ ამ თამაშის საკვანძო მომენტად იქცა აფხაზეთის პარლამენტის მედიისთვის დახურული სხდომა, რომელზეც ჩვენი ქვეყნისთვის საბედისწერო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. და საქმე მხოლოდ 184 ჰექტარ ბიჭვინტის მიწაში კი არაა, რომელიც რუსეთს გადაეცა, არამედ იმაში, რომ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე მეორეს იურისდიქციაში არსებული საკმაოდ დიდი ტერიტორია გაჩნდა.
ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ თუ მომუშავე ყოველ ადამიანს ამიერიდან დიპლომატიური ხელშეუხებლობა აქვს, რომელსაც აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოების ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ დაარღვევს. და მეტიც, აფხაზეთის პრეზიდენტიც კი ვერ შეძლებს ამ ტერიტორიაზე მოხვედრას მოსკოვის სპეციალური თანხმობის გარეშე. მიწის, ნაგებობებისა და ნაკრძალის გარდა, პარლამენტმა რუსეთის დაცვის სახელმწიფო სამსახურს ბიჭვინთაში ზღვის ნაწილიც აჩუქა. და ვაი იმ ადგილობრივ მცხოვრებსა თუ ტურისტს, რომელიც შემთხვევით ამ წყლებში შეცურავს - მაშინვე ციხეში გააქანებენ რუსეთის ფედერაციის სუვერენულ ტერიტორიაზე უკანონო შეღწევისთვის.
სინამდვილეში, თავისი გადაწყვეტილებით აფხაზეთის პარლამენტმა ხალხს მისი მომავალი უჩვენა, რომელიც ამიერიდან განუყოფელია რუსეთისგან და მოსკოვის სურვილებზეა დამოკიდებული.
ამასთან, თუ გავიხსენებთ პარლამენის ამ გადაწყვეტილებამდელ ჰარმონიზაციას, კანონების რუსეთის სასარგებოდ შეცვლასა და ბევრ სხვას, გასაგები ხდება, როგორი იქნება აფხაზეთის ხელმძღვანელობის შემდეგი ნაბიჯი. იმაში, რომ ის, მაღალი ალბათობით, ჩვენი რესპუბლიკისთვის საბედისწერო საკითხებთან იქნება დაკავშირებული, ეჭვი აღარავის ეპარება.
მოსკოვის მხრიდან "ურჩი" აფხაზების მიმართ არაერთი შანტაჟისა და სადამსჯელო ღონისძიების მიუხედავად, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აფხაზეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელები თავს არიდებდნენ რუსეთის „შემოთავაზებებს“ და მეტიც, შესასრულებლად სავალდებულო რუსული „ინიციატივების“ განხილვაც კი არ დაუშვიათ.
მაგრამ გავიდა ხანი და იმ უდრეკი ხელმძღვანელების ადგილზე, რომლებმაც საიქიოში, სხვათა შორის, მოსკოვის კლინიკებიდან გადაინაცვლეს, მოვიდნენ სხვანი - რუსეთისთვის ხელსაყრელი კადრები, რომელთაც ავალიათ, მოსკოვის სურვილები უმწიკვლოდ აღასრულონ.
ახლა აფხაზეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეებს არა მარტო ანონიმური წყაროები, არამედ ოფიციალური პირებიც, მათ შორის მაღალჩინოსნებიც ნათლავენ „ანტირუსებად“, „მტრულ ელემენტებად“ და „ჯაშუშებად“, რომელთა მიზანიც თურმე, „მოსკოვისა და სოხუმის მშვიდობიანი, კეთილმეზობლური ურთიერთობების არევაა“.
რად ღირს თუნდაც გამოჟონილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ამრევთა“ სიები რუსეთის საელჩოს მიაწოდა შემდგომში მოსკოვში გადასაგზავნად... გადაწყვეტილია, ყველას, ვინც აფხაზეთის ასიმილაციასა და განადგურებას ეწინააღმდეგება, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან.
მსგავსი ქმედებების მთავარი მიზანი უკმაყოფილოთა დაშინებაა საბოლოოდ მოსათვინიერებლად. მაგრამ ამის ნაცვლად ხელისუფლებამ საპასუხო დარტყმა მიიღო, შეიტყო რა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა მზადაა, უარი თქვას რუსულ პასპორტსა და მოქალაქეობაზე, მაგრამ არა ბრძოლაზე აფხაზეთის მომავლისთვის.
ბოლო რამდენიმე წელი აფხაზური საზოგადოებისთვის მძიმე გამოდგა. თავისუფალი ქვეყანა სულ უფრო ემსგავსება საპოლიციო სახელმწიფოს, რომელშიც სიტყის თავისუფლება ლიტონი სიტყვებია. წინა პერიოდისგან განსხვავებით, სადღეისოდ აფხაზეთში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ღალატთან ათანაბრებენ, რადგან იგი წინააღმდეგობაში მოდის მოსკოვის პოლიტიკასთან. და ყველა, ვინც მზადაა, რუსეთის გავლენას ებრძოლოს, მზად უნდა იყოს შემდეგისთვის: უახლოეს თვეებში აფხაზეთის პარლამენტი პრეზიდენტ ბჟანიას ჩაწოდებით კიდევ რამდენიმე საბედისწერო გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც აფხაზეთისა და მისი ხალხისთვის ფატალურად იქცევა.
კრისტინა ავიძბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება