Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 11-14 იანვარი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 11-14 იანვარი

15/01/2024 12:00:44 კონფლიქტები

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთი აფხაზეთში აშენებს საზღვაო ფლოტის ბაზას, რომელიც, შესაძლოა, 2024 წელს ამოქმედდეს

შამბას თქმით, სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მათი პროექტირება მიმდინარეობს. ამასთან, მან არ დააკონკრეტა, რა ტიპის ხომალდები განთავსდება ბაზაზე. შამბამ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით, რომელსაც "მოსკოვი პირნათლად ასრულებს". მან იქვე დასძინა, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტის განთავსების შესახებ მიღწეული შეთანხმებით "გარკვეული ვალდებულებები აფხაზეთმაც აიღო და ასევე ასრულებს მათ".

ოჩამჩირეში რუსეთის ბაზასთან დაკავშირებით 11 იანვარს უკრაინის საზღვაო ძალების სარდალმა ალექსეი ნეიჟპაპამ აღნიშნა, რომ ის "ლეგიტიმური სამიზნეა" და უკრაინულ სამხედრო ძალებს "შეუძლიათ და სრული უფლება აქვთ, რუსულ გემებზე დარტყმა განახორციელონ".

ადრე მსგავსი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა.

2023 წლის ოქტომბერში მოსკოვიდან დაბრუნებულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთთან ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ძალები განთავსდება.

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ ბიჭვინთის აგარაკის საკითხზეც გააკეთა კომენტარი

მისი თქმით, აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე შეთანხმების სკანდალური რატიფიცირება, რომელსაც აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა, "სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების განვითარების ინტერესს ემსახურება".

რუსეთმა აფხაზეთში „ანტიტერორისტული წვრთნები“ ჩაატარა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწავლება ჩატარდა პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეტევის მოსაგერიებლად. ამავე ცნობით, სამხერდო ძალების წარმომადგენლებს უნდა აღეკვეთათ "სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პირობითი მოწინააღმდეგის შეღწევის მცდელობა".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირადმა შემადგენლობამ შეთანხმებულად იმოქმედა „ტერორისტული ჯგუფის ბლოკირების“ და „საგანგებო ვითარებაში გადაწყვეტილებების მიღების“ მიზნით.

თემურ ნადარაიამ მხარი დაუჭირა ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას

ვეტერანთა ოპოზიციური გაერთიანება „არუაას" წარმომადგენელმა თემურ ნადარაიამ მხარი დაუჭირა გაერთიანების ლიდერ თემურ გულიას განცხადებას, რომლის თანახმად, შეთანხმების ირგვლივ მიღწეულ იქნა კომპრომისი და ახლა ის მისაღებია.

ნადარაია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასაც შეეხო და განაცხადა, რომ მათი "გარკვეული ნაწილი აფხაზეთისა და აფხაზური საზოგადოებისთვის საზიანოა, მაგალითად, როდესაც ისინი გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევებზე ღიად საუბრობენ".

ამ კონტექსტში მან ისიც აღნიშნა, რომ მხარს უჭერს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღებას.

2019 წლის დეკემბრამდე თემურ ნადარაია იყო გალის რაიონის დე ფაქტო გამგებელი და ეთნიკური ქართველების მიმართ მკაცრად დისკრიმინაციული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

„ეხო კავკაზა“-სა და „ნუჟნაია გაზეტა“-ს ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდებებს უპასუხა

იზიდა ჭანიამ "პროპაგანდისტული სვლა და ცილისწამება" უწოდა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს „ნუჟნაია გაზეტა“ და პირადად იგი დასავლეთის დაფინანსებით ადგილზე პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ახალისებენ.

ჭანიას თქმით, ეს განცხადება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან საერთაშორისო დაფინანსებით მიმდინარე ყველა პროექტი საგარეო უწყებასთან თანხმდება, რაც ნიშნავს, რომ დე ფაქტო უწყება თავის უსაფუძვლო ბრალდებებს იმთავითვე მცდარი ინფორმაციით ამყარებს. გარდა ამისა, «ნუჟნაია გაზეტა» დარეგისტრირებულია კომერციულ ორგანიზაციად, ხოლო საერთაშორისო დონორები კომერციულ ორგანიზაციებს საერთოდ არ აფინანსებენ, - განმარტა ჟურნალისტმა.

აქვე ჭანიამ აღნიშნა ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დე ფაქტო უწყება საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმებისთვის დეზინფორმაციას მიმართავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S