Accentnews.ge
აფხაზეთის გადაფორმატება

აფხაზეთის გადაფორმატება

15/01/2024 22:08:30 კონფლიქტები

აფხაზეთი იმ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღების ზღურბლზეა, რომლებიც 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ რეალობას კარდინალურად შეცვლიან.

საუბარია „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ რეზონანსულ კანონპროექტზე, ასევე რუსეთთან სამთავრობო შეთანხმებებზე „ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებისა და სისრულეში მოყვანის შესახებ“ და „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების თაობაზე“. საკანონმდებლო ინიციატივების ეს პაკეტი აფხაზურ საზოგადოებაში არაერთგვაროვნად აღიქმება. მისი შესაძლო მიღების შედეგები უკვე შეადარეს „აფხაზეთის გადაფორმატებას“.

საქმე იმაშია, რომ აპარტამენტების შესახებ კანონის მიღება არსობრივად, აფხაზეთში უძრავი ქონების ბაზრის გახსნას გამოიწვევს. ეს კი რევოლუციური ცვლილებაა, რადგან ამ რეგიონში დღემდე მოქმედებს აკრძალვა აფხაზური „მოქალაქეობის“ არმქონე პირთა მიერ საცხოვრებელი ქონების შესყიდვაზე. ანუ, არცერთ უცხოელს არ შეუძლია, კანონიერ საფუძველზე შეიძინოს ბინა ან სახლი, - მხოლოდ იჯარა.

ადგილობრივი კანონმდებლობის ეს თავისებურება ძვირად უჯდებოდათ მრავალრიცხოვან რუსებს, რომლებმაც აფხაზეთში შედარებით იაფი უძრავი ქონების შეძენა სცადეს. ვინაიდან შეძენილ ქონებას საკუთრებაში ოფიციალურად ვერ იფორმებდნენ, ადგილობრივი გამყიდველები მათ ათასგვარ რუხ სქემებს სთავაზობდნენ. საბოლოოდ კი საქმე ყოველთვის იმით მთავრდებოდა, რომ მყიდველი როგორც ფულის, ისე ქონების გარეშე რჩებოდა, მოხერხებული გამყიდველი კი იგივე ქონებისთვის ახალი კლიენტის ძებნას იწყებდა. დაზარალებულებმა თანხა ვერც ერთ შემთხვევაში ვერც სასამართლოს, ვერც სამართალდამცველთა დახმარებით დაიბრუნეს.

ადგილობრივი კანონმდებლობის კიდევ ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ საცხოვრებელი ქონებისგან განსხვავებით, რუსეთის მოქალაქეებს დღესაც აქვთ უფლება, კანონიერ საფუძველზე შეიძინონ ან აიშენონ კომერციული უძრავი ქონება, თუმცა ამ შემთხვევაშიც მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, თუ საუბარია ოტელზე, იგი არანაკლებ 20 სასტურო ოთახს უნდა მოიცავდეს. გარკვეული დათქმებით შესაძლებელია, სცადო კერძო სახლის კომერციულ ობიექტად - ოფისად გადაფორმება, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია და იშვიათი პრაქტიკაა აფხაზეთისთვის. მისაღებად გამზადებული კანონპროექტის თანახმად კი, აპარტამენტები კომერციული უძრავი ქონების სტატუსს მიიღებენ, რაც ნიშნავს, რომ რუსებს შეეძლებათ, უკვე კანონიერ საფუძველზე, თავისუფლად გაიფორმონ ისინი საკუთრებად, ხოლო არაკეთილსინდისიერი გამყიდველები მყიდველის მოტყუების ხარჯზე გამდიდრების შესაძლებლობას დაკარგავენ.

სოხუმის ხელისუფლება კანონპროექტის მიღებას დაჟინებით ლობირებს, მოტივად ეკონომიკის განსავითარებლად ტურისტულ სექტორში ინვესტიციების მიზიდვის აუცილებლობას ასახელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, „განაგდოს შიში, რომელსაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილი ამწვავებენ“. თავის მხრივ რუსულმა ბიზნესმა რეგიონში დაგეგმილი მშენებლობის მასშტაბები უკვე დაასახელა: საუბარია სულ მცირე, 30 ათას აპარტამენტზე მარტო სოხუმში, გეგმაშია ასევე გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, ოჩამჩირე და სხვა.

რაც შეეხება რუსეთთან დანარჩენ ორ ხელშეკრულებას - „სამთავრობო შეთანხმებას ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებისა და სისრულეში მოყვანის შესახებ“ და „მთავრობებს შორის შეთანხმებას რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების თაობაზე“, ეს დოკუმენტები რუსეთს აფხაზეთის სრული ეკონომიკური შთანთქმის იურიდიული თანხლებისთვის ესაჭიროება. და ისინი აპარტამენტების შესახებ კანონპროექტთან ერთ პაკეტად უნდა განვიხილოთ: ერთობლიობაში ეს სამი დოკუმენტი რუსულ ბიზნესს ფართოდ უხსნის კარს აფხაზეთში ყველაფერ მეტ-ნაკლებად ღირებულის, უპირველესად სტრატეგიული ობიექტებისა და ეკონომიკის მთელი სექტორების ხელში ჩასაგდებად და მოწოდებულია, მაქსიმალურად დაიცვას რუსი ინვესტორების უფლებები მათ სამომავლო საკუთრებასთან ერთად.

სოხუმის ოფიციოზი ირწმუნება, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში აფხაზეთის „საარბიტრაჟო სასამართლოში“ 11 განცხადება შევიდა მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებების ცნობისა და სისრულეში მოყვანის თაობაზე. საქმეები უმთავრესად აფხაზეთის მოქალაქეების მიერ რუსულ ბანკებში აღებულ კრედიტებს ეხებოდა და სოხუმი შეთანხმების არარსებობის პირობებში სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე უარს ამბობდა. კანონის მიღების შემდეგ მსგავსი გზით იოლი ფულის მიღებას ვეღარავინ შეძლებს, რაც, რა თქმა უნდა, რუსული მხარის ინტერესებშია. მაგრამ მეორეს მხრივ, ეს ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ბიზნესს არათანაბარ პირობებში ჩააყენებს რუსეთის მოქალაქეებსა და რუსულ ბიზნესთან.

ეკონომისტ ახრა არისთავას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარება უპირველესად, რუსული ბანკების დაცულობას უზრუნველყოფს, მაგრამ წარმოქმნის არაკეთილსინდისიერ კონკურენციასა და უთანასწორო პირობებს. „რუსეთის მოქალაქე რუსეთში კრედიტს აიღებს და ფულს აფხაზეთში დააბანდებს. აფხაზეთის მოქალაქეს კი რუსეთის ბანკებში დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი კრედიტების აღების შესაძლებლობა არ აქვს. ამდენად, რუსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეები უთანასწორო ვითარებაში აღმოჩნდებიან“, - განუმარტა „Эхо Кавказа“-ს არისთავამ.

მარტივად რომ ვთქვათ, მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში, ვთქვათ, აპარტამენტების ლეგალურად შეძენა შეეძლებათ, ნებისმიერი მათგანი რუსულ ბანკში აიღებს კრედიტს გაცილებით შეღავათიანი პირობით, ვიდრე აფხაზეთის მკვიდრი და შესაბამისად, საბოლოოდ სწორედ რუსები გახდებიან აფხაზეთში ათობით ათასი აპარტამენტის მფლობელები.

და მარტო აპარტამენტები ხომ არაა! სახეზეა იურიდიული მომზადება რუსების მიერ აფხაზეთის მასშტაბური „პრივატიზებისთვის“. სწორედ ამაში სჭირდება მოსკოვს ორივე დოკუმენტი - სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებისა და რუსული ინვესტიციების შესახებ.

Bloomberg-ის შეფასებით, 2024 წლის 2 იანვრის მდგომარეობით, რუსეთის 25 უმდიდრესი მოქალაქის ქონება ჯამურად 328 მლრდ დოლარს შეადგენდა. სულ კი „ფორბსის“ 2023 წლის ნუსხაში 110 რუსი მილიარდერია. უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე მდიდარი რუსები დასავლეთის ქვეყნებში ვეღარ ოპერირებენ, ამდენად, მათი საინვესტიციო არეალი კარდინალურად შეიზღუდა. რატომაც არ უნდა მოუნდეთ მათ ასეთ ვითარებაში, შეისყიდონ მთელი აფხაზეთი?!

ზოგადად, ინვესტიციები თითქოს პოზიტიური მოვლენაა, მსოფლიოს უმძლავრესი ეკონომიკებიც კი - აშშ იქნება ეს, ჩინეთი თუ ევროკავშირი, ინვესტიციების მიზიდვაში ერთმანეთს ეპაექრებიან. მაგრამ აფხაზეთის შემთხვევაში ეს ფორმულა არ იმუშავებს. მეტიც, რუსული ინვესტიციები მას სრულ კატასტროფად ექცევა, რადგან ძალიან მალე ყველაფერი, რასაც თუნდაც მცირე საინვესტიციო მიმზიდველობა გააჩნია, მცირე და საშუალო ბიზნესის ჩათვით, ადგილობრივთაგან სხვადასხვა ყაიდის მიმწოლი რუსი მილიონერების ხელი გადაინაცვლებს.

გარდა ამისა, რუსებმა რომ საცხოვრებლად შეძენილი აპარტამენტების თუნდაც მხოლოდ მესამედი გამოიყენონ, ეს გარანტირებულად ნიშნავს აფხაზეთის მოსახლეობის უკონტროლო ზრდას, რაც დემოგრაფიული ლანდშაფტის რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს. ახალ მოსახლეთა მსგავსი რაოდენობა არა მარტო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაძაბულობას წარმოქმნის, არამედ ყველა სფეროში (კულტურა, განათლება, ეკონომიკა და სხვა) რუსების დომინირებას გამოიწვევს. როგორც შედეგი, სულ რამდენიმე წელიწადში, ათწლეულის განმავლობაში დღის წესრიგში დადგება მთავარი საკითხი - იმ დროისთვის აფხაზეთში უკვე მუდმივ საფუძველზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ადგილობრივებთან გათანაბრებული პოლიტიკური უფლებებით აღიჭურვონ. და ვინ დაიცავს აფხაზეთში ბინადადებული რიგითი რუსებისა თუ რუსი ინვესტორების უფლებებს? - არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთი და პირადად პრეზიდენტი პუტინი.

რაჟდენ ქაჯაია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S