
ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველების შესვლას კრიტიკა მოჰყვა
16/01/2024 11:32:27 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველების ვიზიტს კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკოსები ინტერესდებიან, რატომ შეუშვეს ქართველები რეგიონში და რატომ გაიცა მათზე ე.წ. "ვიზები".
ირკვევა, რომ ქართველების ჯგუფი აფხაზეთში ნოემბერში იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა მოგზაურობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ამჟამად მიუწვდომელია. ვიდეოს მიხედვით, ჯგუფმა სამი დღის განმავლობაში მოინახულა სოხუმი, გაგრა, რიწის ტბა და ბზიფის ხეობა.
საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში სავარაუდოდ, ადგილობრივების მიწვევით იმყოფებოდნენ.
"აფხაზების და რუსების პოსტი უკვე გავიარეთ და მივდივართ ჩვენებისკენ... გულდაწყვეტილი ვარ, რომ რაღაც ფარატინა ვიზები, ხალხის ჩარევები და მთელი ამბები გვჭირდება, რომ ენგურის მეორე მხარეს ჩვენს ძმებს და ვენს ლამაზ ქვეყანას მოვეფეროთ. მადლობა ჩვენს მასპინძლებს... იმედია, სულ მალე ყველაფერი უკეთესად და მარტივად იქნება",– ამბობს ვიდეოში ჯგუფის ერთ–ერთი წევრი.
ვიდეო მთავრდება სიტყვებით, „ჩვენ გავერთიანდებით“.