Accentnews.ge
რატომ აქვს აფხაზურ კამბალას თვალები შუბლზე

რატომ აქვს აფხაზურ კამბალას თვალები შუბლზე

17/01/2024 11:00:13 კონფლიქტები

ვინ თქვა, რომ პატარა ქვეყანა გვაქვს? - არა, ჩვენი აფხაზეთი დიადია და ძლევამოსილი, მთელი მისი ულევი რესურსებით!… შავი ზღვის უსაზღვრო აფხაზური ნაწილი, ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაუცველი და მოუფრთხილებელი, უკვე 25 წელია, იძარცვება, მაგრამ არც თევზი ამოლეულა და ზღვაც სუფთაა. წარმოგიდგენიათ, რაოდენ ბრძენი მეცნიერები გვყავს და როგორი კვლევითი ბაზა? - ჩვენთვის, აფხაზებისთვის და ჩვენი უბრძენესი სამეცნიერო თანამეგობრობისთვის ხომ ყველაფერია ცნობილი, რაც ხდება ზღვაში, მის სიღრმეებში, უმცირესი დეტალებით... თანაც, ყოველგვარი ფლოტის გარეშე ვახერხებთ, საიმედოდ ვაკონტროლოთ მთელი ზღვა! მსოფლიოს უნდა ჰშურდეს ჩვენი: მათ ხომ იქ მთელი კვლევითი ინსტიტუტები აქვთ და ფლოტილიები, მაგრამ არაფერი გაეგებათ არც ზღვის, არც საზღვაო საზღვრების დაცვის... სულ სხვა საქმეა ჩვენი უბადლო, ყოვლისმცოდნე სპეციალისტები: მათ ხომ გვერდზე მოიტოვეს დღემდე ცნობილი ყველა სამეცნიერო დასაბუთება, ზღვის შესწავლის კუთხით მსოფლიო დონის მეცნიერების ნაშრომები გააბათილეს და დაადგინეს, რომ თუ ზღვიდან მთელს ხამსას არ ამოვიყვანთ, ის დაიღუპება და ფსკერზე ჩაწვება, რაც წყლის დაბინძურებას გამოიწვევს... ჩვენების გარდა, ვერავინ მიხვდა, რატომ დაგროვდა თურმე, შავ ზღვაში, 200 მეტრის სიღრმეზე გოგირდწყალბადი: ეს, თურმე, - იმიტომ, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნები ხამსას არ იჭერენ! ჩვენ კი ვიჭერთ და ხედავთ, როგორი სიფთა ზღვა გვაქვს? მთელმა მსოფლიომ ჩვენგან უნდა ისწავლოს!.. ისე, ჩვენში დარჩეს და კი ვიხრჩობით სიმყრალისგან … მაგრამ ფულს ხომ სუნი არ აქვს? ხამსა კი, საბოლოო ჯამში, სწორედ ფულია...

ბუნებაზე ესოდენ მზრუნველმა ჩვენმა ადმინისტრატორებმა კლიენტებიც მოიძიეს, რომლებიც თევზს ტონაში 2 ათას რუბლად ყიდულობენ... ძალიან იაფია მათთვის ჩვენი ხამსა... მაგრამ ყველა რომ არ დავიჭიროთ, უკანასკნელ თევზამდე, ხომ მოკვდება და ხომ დაგვიბინძურებს ზღვას?!

როგორ ფიქრობთ, რატომ იკლავდა ესოდენ პატრიოტულად თავს ჩვენი სასიქადულო ოპოზიცია ამასწინათ ბიჭვინთის გამო? - იმიტომ, რომ ეშინოდა, სამომავლოდ ზღვის ამ გზით „წმენდის“ შესაძლებლობა არ წართმეოდა. მაგრამ არა, მიდი, მოილხინე, ინავარდე მშობლიურ ველ-მინდვრებზე! ყველაფერი ნათესავურ, ძმურ „გაგებაზეა“ აგებული: შეაქვთ ფული საჭირო კაბინეტებში, ეკოლოგებიც იჭირვებენ და პოულობენ სამეცნიერო დასაბუთებას - და აი, უკვე თურქული სეინერების მოქმედებას ვადევნებთ თვალს... ხოლო ის, რომ ქვირითობის პერიოდია, მხოლოდ თევზს აღელვებს, რომელიც, როგორც ცნობილია, უტყვია.

ეს მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩენი რესპულიკის მართვის ამჟამინდელი სისტემა დამღუპველია. ხელმძღვანელი პირები ანადგურებენ ყველაფერს, მიუხედავად ეკოლოგიური ნორმებისა და მთელი იმ ცხადი ზიანისა, რომელიც ჩვენს ბუნებას ადგება. სისტემა ხომ აუცილებლად უნდა გადარჩეს, ამისთვის კი საჭიროა, კვებონ თავისი დაცვა, აპარატი, მთელი ადმინისტრაციული რესურსი... სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი ვაქჰანალია თითქოსდა სახალხო მეურნეობის ყველა დარგში. მთავარია, გადარჩნენ და გამდიდრდნენ - იმას იქით ყველაფერი წყალს წაუღია!

ჩვენ უბრალოდ უმოწყალოდ ვძარცვავთ საკუთარ ბუნებას ათასგვარი გამოგონილი მოტივით - ვითომდა ბიუჯეტის შესავსებად, ვითომდა პენსიონერებსა და მოქალაქეთა სოციალურ უზრუნველყოფაზე ზრუნვით... არის ვინმე, ვინც ჯერაც ვერ გააცნობიერა, რას წარმოადგენს ჩვენი მმართველობითი სისტემა და საით მივექანებით ყველანი ერთად, რომელი „უკეთესი ხვალინდელი დღისკენ“? ეს ალბათ, ზუსტად იცის ჩვენმა ოპოზიციამ - იმან, რომელიც ხელისუფლების ასლია, ოღონდ გაუარესებული ვერსია …

ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი პოლიტიკური სისტემა საფუძველს უქმნის ახალი სახელმწიფოს შენებას მთელი მისი შემაძრწუნებელი სილამაზით. ყველა სახელისუფლებო ორგანოს 30-წლიანმა მუშაობამ, მილიციიდან ჩეკისტებამდე, მათი ყველაზე წარჩინებული მოწაფეების მმართველობის პირობებში აფხაზეთი იქამდე მიიყვანა, რომ ხალხს უკვე უჩნდება კითხვები: რა მიზანს ისახავდა საერთოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და რისთვის გაწირეს სიცოცხლე ჩვენი ერის საუკეთესო შვილებმა - როგორი მომავლისა და რა „თავისუფლებისთვის“?

საერთოდაც, რაზე შეიძლება საუბარი, როცა ჩვენი წინაპრების მიწა იყიდება, როცა აფხაზეთში გვისახლებენ უცხოტომელებს, რომელთაც აფხაზურ ეთნოსთან არაფერი აკავშირებთ?! რამდენად მეტნი გავხდით 30 წლის განმავლობაში აფხაზები, რამდენი მუჰაჯირი დავიბრუნეთ შინ? ან როგორ მოვიხსენიოთ აწი ჩვენი ქვეყანა? ან რა პრინციპებზე ვზარდოთ მომავალი თაობები - პრინციპზე, „მოიტყუე, უღალატე, იცხოვრე სინდის-ნამუსის გარეშე, გაყიდე მამა-პაპების მიწა გამდიდრებისთვის"?!

ან იქნებ, სულაც არ გვიომია აფხაზეთისთვის? – მედლებს ხომ მოსკოვში გვიშტამპავენ! მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ვიომეთ რუსეთისთვის ამიერკავკასიაში! რას ვიკატუნებთ თავს დამოუკიდებელ რესპუბლიკად და თან ათასგვარ აფერისტებს ჩვენი გამოყენების შესაძლებლობას ვაძლევთ?! ვთქვათ პირდაპირ - და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, გასაგები გახდება, რატომ ინახავს რუსეთი ჩვენს ხელისუფლებას, რატომ გვიხდის პენსიებს, ხელფასებს და თან საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს აფხაზეთის „ამოქაჩვა“ სურს, თითქოს საქართველოსა და მთელი დანარჩენი მტრული სამყაროსგან გვიცავს...

ჩვენს გარშემო რუსი მესაზღვრეებია, არავის უშვებენ არც შიგნით, არც გარეთ, ძალიან გვიფრთხილდებიან იმის შიშით, რომ სხვა სამყაროს ხილვამ არ გაგვაფუჭოს... მართალია, აბა რა! თუ არ გჯერათ, ანქვაბს ჰკითხეთ: მან უკეთ იცის, რატომაც … აბა, თუ თევზს მღვრიე წყალში არ დაიჭერ, მოკვდება, საწყალი, - ჩვენი სასიქადულო მეცნიერები ტყუილს ხომ არ გვეტყოდნენ?!

ახლა გასაგებია, რატომ აუვიდა აფხაზურ კამბალას თვალები შუბლზე?

ინალ არისთავა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S