
წამების პრევენციის კომიტეტი „ვივამედში“ სამკურნალო პირობების შესახებ კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
18/01/2024 12:06:31 პოლიტიკა, საზოგადოება
„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი“ მისი წარმომადგენლების საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მათ შორის, „ვივამედში“ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო პირობებია შეფასებული.
როგორც ანგარიშშია მითითებული, ზოგადად მისაღები პირობებისა და მთელი რიგი სამედიცინო სპეციალისტებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, „ვივამედის“ სამი დაცული პალატა ვერ უზრუნველყოფს სათანადო თერაპიულ გარემოს იმიტომ, რომ ყველა არსებით საკითხზე საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სასჯელაღსრულების და არა ჯანდაცვის პერსონალს. ასევე აღნიშნულია პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის სრული უპატივცემულობა.
„ბატონი C-ის [მიხეილ სააკაშვილი] შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს წვდომა მთელ რიგ სამედიცინო სპეციალისტებთან და მკურნალობასთან, ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა მარტო ყოფნა მრავალი თვის განმავლობაში, გარეთ ვარჯიშის შესაძლებლობის არქონა და კამერების მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ყოფნა, იწვევს სიტუაციას, რომელიც არის მჩაგვრელი, დამამცირებელი და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას",– ნათქვამია ანგარიშში.
კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ მოხდეს კლინიკა „ვივამედის“ დაცული პალატების ფუნქციონირების წესის რეფორმირება ზემოთ აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით. კომიტეტი ელოდება, რომ მიიღებს დეტალურ მონახაზს ამ ანგარიშის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ამ კონტექსტში, კომიტეტს ასევე სურს, მიიღოს ინფორმაცია პაციენტ სააკაშვილის პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით აღწერილი შეშფოთების შესახებ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახულია 2023 წლის მარტში მათი ექსპერტების კლინიკა „ვივამედში“ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია.
ძამაშვილი რამდენიმე ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:
„პირველ რიგში, აღნიშნულია, რომ არ დაფიქსირებულა პატიმრებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის არც ერთი შემთხვევა, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა. ასევე, ექსპერტების შეფასებით, იმ მსჯავრდებულთა უმრავლესობა, რომლებიც მკურნალობას გადიან კლინიკა „ვივამედში“, არიან კმაყოფილი მიღებული სამედიცინო სერვისით და თავად ექსპერტებიც აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას, რომ კლინიკა „ვივამედში“ შექმნილია ყველანაირი პირობა, რათა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწიოთ პატიმრებს. აქ საუბარია როგორც ინფრასტრუქტურაზე, ისე სამედიცინო პერსონალზე და მიწოდებულ სამედიცინო სერვისზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში, რამდენადაც იუსტიციის სამინისტროსთვის პატიმრების უფლებების დაცვა და განსაკუთრებით, მათ შორის, ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროსაბჭოს ყველა შესაბამის ორგანოსთან“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021