
ოკუპიებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 15-17 იანვარი
18/01/2024 16:23:53 კონფლიქტები
აფხაზეთში ქართველი ტურისტების ვიზიტს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა
აფხაზურ ტელეგრამ-არხებში აქტიურად ვრცელდება სურათები და ვიდეო-რგოლი აფხაზეთში „ქართველი მოგზაურების“ ვიზიტის შესახებ. აფხაზების შეშფოთება განსაკუთრებით იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ერთ-ერთი სურათი მოიცავდა წარწერას „ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს“, ხოლო ენგურის ხიდზე გადაღებულ ვიდეო-რგოლში აფხაზეთი როგორც ოკუპირებული ტერიტორია იყო მოხსენიებული. ისინი ამას საქართველოს მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის ნაწილად მიიჩნევენ.
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა აღშფოთებით დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართეს და მოითხოვეს ინფორმაცია, ვინ გასცა ნებართვა აფხაზეთში ქართველების შესვლაზე და რატომ არ ექცევა ამას სათანადო ყურადღება. აღსანიშნავია, რომ ამასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. ერთადერთი წარმომადგენელი, ვინც ამ სიტუაციას გამოეხმაურა, იყო გალის რაიონის დე ფაქტო გამგებელი კონსტანტინე ფილია. მისი თქმით, ვიდეო-რგოლის ავტორი აფხაზეთში მარტო იმყოფებოდა, ხოლო მასთან ერთად სურათში გადაღებული პირები გალის მცხოვრებლები არიან. მან ასევე დასძინა, რომ ამ ადამიანს აფხაზეთზე არც ერთი ცუდი სიტყვა არ წამოსცდენია.
ბედიის მონასტერში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება იგეგმება
ამის შესახებ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა სასულიერო პირებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბედიის მონასტრის სახურავის გამოსაცვლელად, რომელიც ომის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა. ასევე დასასრულს უახლოვდება მოქვის საკათედრო ტაძრის სახურავის რეაბილიტაცია. ანქვამბა აღნიშნა, რომ სოხუმი გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს ხალხის მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის და სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვა მართლმადიდებლურ ძეგლებზეც ჩატარდება.
წერილში ციზა გუმბამ აღნიშნა, რომ დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებამ ბიჭვინთის აგარაკის გასხვისების თაობაზე მთელი აფხაზეთი შეარყია, რადგან ამ ობიექტს აფხაზი ხალხისთვის უზარმაზარი ისტორიული, ეკოლოგიური და კულტურული მნიშვნელობა აქვს. მან გამოთქვა იმედი, რომ ეს გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინის ზურგს უკან იქნა მიღებული და ამდენად, მისი აზრით, ჩრდილს აყენებს ურთიერთობებს სოხუმსა და მოსკოვს შორის. ციზა გუმბამ ხაზი გაუსვა რუსეთის და მისი პრეზიდენტის პირად წვლილს აფხაზეთის მხარდაჭერაში და ამ სულისკვეთებით მიმართა პუტინს, გაგებით მოეკიდოს აფხაზების ტკივილს და დამოკიდებულებას ბიჭვინთის საკითხის მიმართ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.
აფხაზეთში მცხოვრებმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ პირადი ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა, ხოლო სოხუმში დაბრუნებისას იგი ე.წ. საზღვარზე ერთი საათით ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გააჩერეს. ელეონორა გილოიანმა მიიჩნია, რომ მისი თავისუფალი გადაადგილების უფლების დარღვევა ვიღაცის შურისძიებისა და ძალის დემონსტრირების მცდელობითაა გამოწვეული, და დე ფაქტო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობას მიმართა. მან განაცხადა, რომ მზად არის მისი მისამართით არსებულ ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი. მოგვიანებით ელეონორა გილოიანი სპეცსამსახურში გასაუბრებაზე დაიბარეს, როგორც უთხრეს, მხოლოდ მის მიერ დაწერილი განცხადების გამო, რადგან მის მიმართ სხვა კითხვები არ არსებობს.