19-01-2024 12:29:51 თვალსაზრისი ,რეკლამა
ვიქტორ ყიფიანი
„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე
ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ბევრი ითქვა და მომავალშიც ბევრს იტყვიან. საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პოლიტიკურ-სამართლებრივი, ეკონომიკური თუ მორალურ-სოციალური არსის გათვალისწინებით, ეს აბსოლუტურად გასაგებია. მეტიც: სათქმელი თუ შესაფასებელი ახლა კიდევ უფრო მოიმატებს: ჩვენს ქვეყანას ხომ ჯერ კიდევ წინ აქვს ევროკავშირის მიერ წამოყენებული პირობების შესრულების პროცესი, რომელმაც გაწევრებაზე მოლაპარაკების დაწყების წინაპირობა უნდა შექმნას.
აქვე, მიუხედავად კომენტარების სიმრავლისა, 14 დეკემბრის გადაწყვეტილების რამდენიმე პრაქტიკულ ასპექტზე შევჩერდებით. ვფიქრობთ, რომ მათი აღნიშვნა აუცილებელია არა მხოლოდ ევროკავშირის მიერ საქართველოს, როგორც კავკასიური ქვეყნის, საშუალო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდაჭერის მნიშვნელობის სრულად გაცნობიერებისათვის, არამედ, ეს გადაწყვეტილება, ასევე, ევროკავშირის შიგნით შესაძლო რეფორმირებისა და მისი აღმოსავლეთით გაფართოების სრულფასოვნად დახასიათებაში გვეხმარება.
ჩვენი აზრით, საქართველოს ევროპელი პარტნიორების ისტორიული გადაწყვეტილების შესატყვისი „მარკერები“ შემდეგნაირად ყალიბდება (შემოთავაზებული თანმიმდევრობა არავითარ შემთხვევაში არ მიუთითებს მათ შორის რაიმე პრიორიტეტულობის განსაზღვრას. ისინი მხოლოდ აუდიტორიის სამსჯავროზე გამოგვაქვს და ჩვენთვის თითოეულს დამოუკიდებლად, ცალკე აღებულს, დიდი დანიშნულება აქვს):
1. 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს, ისე უკრაინისა და მოლდოვის ნაწილში, ვფიქრობთ, მეტყველებს ევროკავშირის განზრახვაზე, რომ უარი თქვას ე.წ. „ყრუ თავდაცვაზე“ და ჩვენს რთულ კავკასიურ რეგიონში „სტრატეგიულ კონტრშეტევაზე“ გადავიდეს.
შესაბამისად, თუკი გავიხსენებთ არაერთი ქართველი პოლიტიკოსისა თუ მკვლევრის ადრეულ განცხადებებს, რომლებიც წევრობის კანდიდატის სტატუსის თაობაზე მისაღებ გადაწყვეტილებას, გარდა მისი შინაარსობრივად მერიტოკრატიული ბუნებისა, გეოპოლიტიკურ განზომილებაშიც განიხილავდნენ, შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილების მიღებამდელმა და შემდგომმა პერიპეტიებმა ამგვარი „დუალისტური“ მიდგომის პროგნოზი სწორედაც რომ გაამართლა. დროულადაც: თანამედროვე მსოფლიოში დღევანდელი დღის იდეალიზმით ზედმეტად გატაცება ხვალინდელი დღის რეალურად აღქმას უფრო ართულებს, რომ არაფერი ვთქვათ გამოწვევების გადალახვაზე, რომლებიც იმ დროისათვის დაგროვდება.
ამდენად, ერთიანი ევროინტეგრაციული პროცესის ქართული ბოლოდან გაკეთებული დასკვნა, მაღალი ალბათობით, ასე ყალიბდება: აღნიშნული გადაწყვეტილება თანაბრად მნიშვნელოვანია ევროპული კავშირისათვის, რამეთუ იგი ხაზგასმით გამოხატავს მის სტრატეგიულ ხედვას ევრაზიის ერთ, მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სივრცესთან დაკავშირებით და ამავე სივრცის მომავალზე მის მიერ (თანა)პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს.
2. ამ სტატიაში უკვე არაერთგზის აღნიშნული გადაწყვეტილება მიუთითებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთიანობაზე მეტად პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებისას. უდავოა, რომ საქართველოსთან (ასევე უკრაინასა და მოლდოვასთან) მიმართებით გაცხადებული პოზიცია განსაკუთრებით ფასობს უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ისე როგორც ევრაზიულ კონტინენტზე მიმდინარე მოვლენების კონტექსტში.
ფაქტია, რომ სკეპტიკოსები ერთიანობაში შესაძლო ბზარის გაჩენას ვარაუდობდნენ და არცთუ უსაფუძვლოდ. ამ სკეპტიციზმს, ძირითადად, „აცოცხლებდა“ და დღესაც „აცოცხლებს“ ზოგადად დასავლურ დემოკრატიებში წარმოქმნილი გამოწვევები, ისე როგორც ამ გამოწვევების ნიადაგზე რადიკალიზმისა და პოპულიზმის მზარდი ხმა.
3. მიგვაჩნია, რომ აღმოსავლეთით გაფართოების შესახებ ოფიციალურად გაცხადებული პოზიცია გამოხატავს ევროკავშირის სურვილს, დაიმკვიდროს თავი როგორც თვითკმარმა გეოპოლიტიკურმა აქტორმა. ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ეს გზავნილი გაკეთდა არა მარტო მისი აღმოსავლეთით მყოფი საერთაშორისო მართლწესრიგის რევიზიონისტი ქვეყნების მისამართით, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების გასაგონადაც.
აქ სიტყვა „თვითკმარი“ გარკვეული ფიქრის შედეგად შევარჩიეთ, ანუ იმის თქმა გვსურს, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით ევროპული კავშირი, როგორც კონკურენტ, ისე პარტნიორ გეოპოლიტიკურ აქტორებთან ურთიერთობაში საკუთარი ხმის მოპოვებას ცდილობს. ამავდროულად, ასეთი მცდელობა არ უნდა განიმარტოს (და ვერც განიმარტება) როგორც ევროკავშირის მიერ ევროპულ საქმეებში ამერიკის შეერთებული შტატებისაგან გამოცალკევება. ის არც იმთავითვე წარუმატებლობისთვის განწირული, ე.წ. ევროპული ავტონომიის ინდიკატორად გამოდგება.
4. გადაუჭარბებლად დიდია 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების იდეური თუ იდეოლოგიური დატვირთვა. საქმე ისაა, რომ ეს არის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პასუხი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული წესრიგის უხეშ ხელყოფაზე: ამ წესრიგის შეუვალობა ხომ, უწინარესად, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელუხლებლობაზეა დამყარებული.
ამდენად, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება, ისე როგორც 2030 წლის გაფართოების პოლიტიკური დოკუმენტი, არის ევროპაში საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და წესრიგის გეოგრაფიულ-პოლიტიკური ანატომიის ერთგვარი საკონსტიტუციო საფუძველი. ევროპელი პარტნიორების მიერ თავიანთი „ქცევის კოდექსის“ დეკლარირება გაცხადებული საპირწონეა იმ „ქცევის კოდექსისა“, რომელიც საერთაშორისო ნორმების დარღვევის გზით, მათ შორის, სამეზობლოში, საკუთარი გეოპოლიტიკურ-გეოეკონომიკური Lebensraum-ს, ე.წ. „სასიცოცხლო სივრცის“ გაფართოებისკენ არის მიმართული.
რაკი ევროინტეგრაციული პროცესის ერთიანობა უკვე ვახსენეთ, მის ფარგლებში „ორმხრივი მოძრაობის“ უზრუნველსაყოფად, ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს:
1. საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით საკითხის გეოპოლიტიკური „კონტენტი“, მაღალი ალბათობით, საბოლოოდ ამოიწურა ან, მინიმუმ, მკვეთრად შემცირდა. შესაბამისად, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრებაზე მოლაპარაკებათა გახსნისაკენ მიმავალ გზაზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან „ტურბორეჟიმის“ ჩართვა ნაკლებად მოსალოდნელია. ამჯერად, ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგი დიდწილად დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული და მკაცრი მერიტოკრატიული საზომით გაიზომება. მარტივი სიტყვებით რომ ითქვას: ევროინტეგრაციისათვის საჭირო ესა თუ ის ცვლილება უნდა იყოს რეალური და არა „ვითომ ცვლილება“, „ნახევრად ცვლილება“, „ფსევდო ცვლილება“ ან „კვაზი ცვლილება“.
2. მოლაპარაკებათა დასაწყებად ევროკავშირის მიერ დასახელებული პირობების შესრულება, გარდა მათი შესრულების არსებითობისა, მოითხოვს ასევე დროულ და გამართულ საკომუნიკაციო პოლიტიკას: თანაც არა მარტო ევროკავშირის დონეზე, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. ამის გარკვეული გამოცდილება, ვფიქრობთ, კანდიდატის სტატუსის მოპოვების დასკვნით მონაკვეთზე მოვიპოვეთ. თუმცა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს საკომუნიკაციო ხაზი არ იყო სრული და თანმიმდევრული და უფრო ფინიშის სწორზე აჩქარებას დაემსგავსა. ამგვარი მიდგომა, უკვე მეორე ჯერზე, აწ უკვე 9 დათქმის შესრულებისას, სარისკოა და, დიდი ალბათობით, ვერ იმუშავებს. ამიტომ, ევროპელებთან სწორი და სისტემური კომუნიცირების ნიუანსები თავიდანვე გასათვალისწინებელია. ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანაში ელექტორატის მერყეობისა და იზოლაციონისტური პოლიტიკური ტენდენციების გათვალისწინებით, ეს მით უფრო აქტუალურია.
ამასთანავე, ცალკე გამოყოფას მოითხოვს კიდევ ერთი არსებითი გარემოება:
3. საჭიროა გაცნობიერება იმისა, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვებიდან გაწევრებაზე მოლაპარაკების დაწყებამდე (და, ცხადია, საკუთრივ მოლაპარაკების პროცესში) „ემოციური დიპლომატიის“ (მაგალითად, „ორ ფეხზე დგომა“ vs. „ცალ ფეხზე დგომა“ და სხვა ეპისტოლარული ჟანრის პოლიტიკური უვერტიურები) სივრცე ასევე შეიზღუდება. ზოგადად, ქართული დიპლომატიის სახვალიო დღის წესრიგზე წარსულში გვისაუბრია და, მაღალი ალბათობით, უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ საგანგებოდ ვისაუბრებთ. ამიტომ, აქ და ამჯერად, მკითხველის დროს და მოთმინებას დავზოგავთ. ჩვენი განზოგადებული მოწოდება კი ამ სტატიაში ისევ და ისევ ეროვნული პოლიტიკური ფიქრის „დერომანტიზაცია“ და რეალისტური ქართული პოლიტიკის წარმოებაა.
რეალიზმის პირობითა და დათქმით, ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ:
4. ევროკავშირი თავად გეგმავს რეფორმირებას, რამაც ეს საკმაოდ ტლანქი სტრუქტურა მეორე გაეროდ გადაქცევისაგან უნდა იხსნას და თანამედროვე გამოწვევების გადაწყვეტის უნარი შესძინოს. აქვე უნდა ვახსენოთ 2024 წლის გაზაფხულისათვის ევროკავშირის რეფორმირების ე.წ. „საგზაო რუკა“. ზედმეტია თქმა, რომ ამ პროცესს არა მხოლოდ თვალი უნდა ვადევნოთ, არამედ ფეხი უნდა ავუწყოთ ქვეყნის შიგნით ჩვენივე რეფორმებით, რაც, საბოლოოდ, განახლებულ ევროკავშირთან შეწყობისა და მის დაწერილ და დაუწერელ („საოპერაციო კოდექსი“) წესებთან მისადაგების შედარებით უკეთეს საშუალებას შეგვიქმნის.
ეს და სხვა არაერთი მოსაზრება, მათი შეხსენება და გახმოვანება, ცხადია, საქმეში გათვალისწინების მიზნით, პრაქტიკული სარგებლის მქონეა ევროინტეგრაციის ქართულ რეალობაში საქმით და არა სიტყვით გასაგრძელებლად. ბუნებრივია, რომ ამ პროცესს რამდენიმე მონაწილე ჰყავს. თუმცა ჩვენი თანამონაწილეობის ხარისხი, რა თქმა უნდა, მთავარი და განმსაზღვრელია. ამ მხრივ, ჩვენი თანამედროვეობა ვალდებულია წარსულის მიმართ, ხოლო მომავლის წინაშე კი ანგარიშვალდებული.