Accentnews.ge
ვის აწყობს აფხაზეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციების განდევნა

ვის აწყობს აფხაზეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციების განდევნა

22/01/2024 06:37:00 კონფლიქტები

უკვე რამდენიმე წელია, დე-ფაქტო ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით დევნის საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთში ათწლეულების განმავლობაში ოპერირებენ.

ყველაფერი დაიწყო 2021 წლის ნოემბერში - დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბას დანიშნვით, რომელიც გარკვეულ დრომდე კრემლში მუშაობდა და კარიერულ კიბეზე წარმატებით მიიწევდა წინ. მოსკოვში აქტიურ, მაგრამ არცთუ კანონიერ საქმიანობას შეჩვეულმა ახალგაზრდამ აფხაზეთში უფრო მნიშვნელოვანი საქმე ვერ იპოვა და დანიშნვიდან ორიოდ კვირაში დაკავდა საერთაშორისო ორგანიზაციების იძულებით, ყველა პროექტი მის უწყებასთან შეეთანხმებინათ.

ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მალევე ახალი „მინისტრის“ მხრიდან ბრალდებების მთელი წყება გადმოიღვარა იმ ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც ადგილზე რიგ პროექტებს აფინანსებდნენ და ახორციელებდნენ. არძინბას რისხვა შეეხო პრაქტიკულად ყველას – გაერო-ს სააგენტოებსაც, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსაც, „შიმშილის წინააღმდეგ მოძრაობასაც“ და ბერგჰოფის გერმანულ ფონდსაც.

ახალგაზრდა „მინისტრს“ არც სადამსჯელო ღონისძიებები ეთაკილა. მისმა უწყებამ ორგანიზაციებს ჯერ სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარება აუკრძალა შიდაპოლიტიკურ და თბილისთან ურთიერთობის თემებზე, რის შედეგადაც ადგილობრივებს ფაქტობრივად, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება წაერთვათ. ამის კვალდაკვალ კი არძინბამ გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით რეალიზებად პროექტ COBERM-ს შეუტია, რომელიც სახალხო დიპლომატიის განვითარებასა და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფ ცალკეულ ადამიანებს შორის კონტაქტების აღდგენაზე იყო მიმართული. „გიკრძალავთ ამის კეთებას!“ - უკიდურესად არადიპლომატიურად განუცხადა პროექტის მესვეურთ ახალგაზრდა „დიპლომატმა“.

შემდეგ დაიხურა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „შიმშილის წინააღმდეგ მოძრაობის“ პროექტი „ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება განვითარების დარგში ინკლუზიური მიდგომების გამოყენებით“.

კიდევ მოგვიანებით „მინისტრმა“ მოუწოდა მოსახლეობას, არ ეკონტაქტა ბერგჰოფის ფონდთან, რომელიც, მისი მტკიცებით, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ქართულ და აფხაზურ ახალგაზრდობას შორის „უკონტროლო“ შეხვედრებს მართავდა... არადა, იმავდროულად გერმანული „მაიბახით“ სოხუმის ქუჩებში გრიალი ინალ არძინბასთვის პრობლემას, როგორც ჩანს, არ წარმოადგენდა...

რაღა თქმა უნდა, „მინისტრს“ არც კრემლისთვის ესოდენ საყვარელი შეთქმულების თეორიებისთვის აუვლია გვერდი, ამ შემთხვევაში - პროპაგანდისტული განცხადებებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების „სადაზვერვო საქმიანობის“ თაობაზე. ინალ არძინბამ არ დაიზარა, ექსპერტიზაზე მოსკოვში (შესაძლოა, მოსკოვის ბრძანებითვე) გაეგზავნა ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც გაერო-ს განვითარების პროგრამას აფხაზეთში კლიმატური ცვლილებების კვლევის მიზნით ჰქონდა დამონტაჟებული. ამ „დამოუკიდებელი“ ექსპერტიზის შედეგად, რა საკვირველია, დადგინდა, რომ დანადგარი „დაზვერვის საწარმოებლად“ გამოიყენებოდა. შესაბამისად, ეს კომპონენტი პროექტიდან ამოიღეს.

აფხაზური საზოგადოება ამ ისტორიამ კარგად გაახალისა. ინალ არძინბას მთელი კვირა დასცინოდნენ სოცქსელებში. მაგრამ ახალგაზრდა „მინისტრი“, რომელმაც, როგორც ჩანს, ნამდვილ დიპლომატად წარმოიდგინა თავი, სულ უფრო მეტად შედიოდა როლში და მალევე „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა გაერო-ს კიდევ ერთი სააგენტოს - სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის წარმომადგენელი ტიფენი ლუკასი. მას გუდაუთის რაიონში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის სიახლოვეს რეალიზებადი ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში „სადაზვერვო მონაცემების შეგროვებაში“ დაედო ბრალი.

შემდეგ ნაბიჯად არძინბამ გასული წლის ბოლოს აკრძალა ახალი პროექტების რეალიზება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სრული ან ნაწილობრივი ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში სააგენტოს წარმომადგენელი ჯონ პენელი კი უკვე აპრობირებული სქემით „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა. რაც შეეხება გაერო-ს განვითარების პროგრამას, გადაწყდა, მისი პროექტების შეთანხმება და მათი რეალიზებისთვის სერტიფიკატების გაცემა შეეჩერებინათ. დანარჩენ ორგანიზაციებს „მინისტრმა“ მკაფიოდ მიანიშნა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში აფხაზეთიდან გააძევებდნენ.

ამავდროულად, 7 დეკემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, აიკრძალა შიდა და საგარეო პოლიტიკის გაშუქებაზე მიმართული მედიაპროექტების დაფინანსება, ასევე იმ პროექტების რეალიზება, რომელთა მიზანს აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის კონტაქტების ხელშეწყობა წარმოადგენდა. და ეს - იმ ფონზე, რომ არძინბას უშუალო უფროსი (არა - ვლადიმირ პუტინი კი არა, ასლან ბჟანია) და სხვა პოლიტიკური ლიდერები უკვე დიდი ხანია, მხარს უჭერენ სოხუმსა და თბილისს შორის პირდაპირი დიალოგის ჩამოყალიბებას!

ინალ არძინბას, როგორც ჩანს, არ ესმის, ან არ სურს, გაიგოს, რომ ადამიანები, რომლებიც მან ლამის მოღალატეებად გამოაცხადა ნდობის აღდგენაზე მიმართულ პროექტებში მონაწილეობის გამო, წინა პლანზე ყოველთვის აფხაზეთის ინტერესს აყენებენ, განსხვავებით თავად მისგან. ისინი ხომ ამ პროექტების ფარგლებში აფხაზეთზე საუბრობენ, ლობირებენ მის პრიორიტეტებს, ეუფლებიან ახალ ტექნოლოგიურ შესაძლელობებს, რომელთაც შემდეგ წარმატებით იყენებენ პრაქტიკაში, ამ გზით ხელს უწყობენ ამა თუ იმ სექტორის განვითარებას, ეუფლებიან საუკეთესო საექსპერტო ცოდნა-გამოცდილებას მედიცინაში, განათლებასა და სოფლის მეურნეობაში, აჟღერებენ წინადადებებს თანამემამულეთა სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და სხვა.

ნამდვილ აპოგეას ანტიდასავლურმა პროპაგანდამ მაშინ მიაღწია, როცა რუსეთის დაცვის სახელმწიფო სამსახურისთვის ბიჭვინთის აგარაკის არალეგიტიმური გადაცემის წინააღმდეგ სრულიად ლეგიტიმურ მასობრივ პროტესტთან დაკავშირებით დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაერო-ს განვითარების პროგრამა, ისევე, როგორც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „საზოგადოებაში შუღლის გაღვივებასა“ და „ფერადი რევოლუციებისთვის“ ნიადაგის მზადებაში“ დაადანაშაულა. მათთან მოთანამშრომლე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაპლატფორმების წარმომადგენლები დაკითხვაზე „მიიწვიეს“. ამასთან, ამჯერად ამ საკითხში დე-ფაქტო საგარეო უწყებისადმი სოლიდარობა გამოხატეს „უშიშროების სამსახურმაც“ და დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც კი.

პირდაპირ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! თავად მიართვეს პუტინს აგარაკი ლანგრით, ახლა კი საერთაშორისო ორგანიზაციებს აბრალებენ! აი, ასე მუშაობს აფხაზური დიპლომატია ინალ არძინბას თაოსნობით...

ამასწინათ ერთ-ერთმა აფხაზურმა ტელეგრამ-არხმა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთში 2022 წელს რეალიზებული პროექტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. მათი ჯამური ბიუჯეტი 11 537 000 აშშ დოლარს შეადენდა. ეს - მაშინ, როცა თავად აფხაზეთის წლიური ბიუჯეტი, რომლის ნახევარზე მეტი რუსული ფინანსებით ივსება, 100 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტის ფარგლებში მერყევობს. პროექტები მოიცავდა ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მოსახლეობის მოწყვლადი ფენების სამართლებრივი დახმარება და კონსულტირება, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის გაუმჯობესება, მათ შორის - წვლილი კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლაში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, კერძო მეურნეობების მდგრადი შემოსავლის გაფართოება და თვითუზრუნველყოფილობის ამაღლება, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და მავნებლებთან ბრძოლა, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა, მცირე ინფრასტრუქტურული ობიექტების (სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სხვა) აღდგენა, ბავშვებისთვის საბაზისო სოციალური მომსახურებების განვითარება-გაძლიერება, სხვა ჰუმანიტარული და სოციალური საქმიანობა. ასე, რომ არავითარი კონსპირაცია!

უპრიანი იქნება, აღინიშნოს ისიც, რომ ახალ წლამდე ინალ არძინბა საქველმოქმედო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კიარაზის“ ბენეფიციარებს შეხვდა, დიდად კმაყოფილი დარჩა შეხვედრით, ბავშვებს მათ პროფესიულ ზრდაში ყოველმხრივ დახმარებას დაჰპირდა და საახალწლო საჩუქრების სახით სმარტფონები და პლანშეტები გადასცა. მაგრამ იცის კი ბ-ნმა არძინბამ, საიდან აქვს ამ ორგანიზაციას სახსრები რთულ მდგომარობაში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად? - ნამდვილად არა მისი ძვირადღირებული პიჯაკის ჯიბიდან! ეს სახსრები მის მიერ მრავალგზის გაკრიტიკებული გაერო-ს სააგენტოების ბიუჯეტიდანაა!

ამასთან, ხშირად თავად დე-ფაქტო ხელისუფლებაც სიამაყით აქვეყნებს ინფორმაციას და უშუალოდ მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების პრეზენტაციებში - იქნება ეს სამედიცინო დაწესებულებების რემონტი და აღჭურვა, საბავშვო მოედნების გახსნა, თუ გრანტების გაცემა ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში.

მოვიყვან მაგალითს. ინალ არძინბა აკრიტიკებდა, მათ შორის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალ პროგრამას „პარტნიორობა მდგრადობისთვის“ და აცხადებდა, რომ ეს უკნასკნელი „ემსახურება საქართველოს ინტერესს, ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს“. არადა, სულ რაღაც ერთი წლით ადრე მისი კოლეგა, დე-ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი ედუარდ ბუთბა UNISEF-ის წარმომადგენელ ოლივერ ტონეს ხვდებოდა და სიხარულს ვერ მალავდა, როცა შეიტყო, რომ ფონდი მზად იყო, ხსენებული პროგრამის ფარგლებში გაეგრძელებინა აფხაზეთის მხარდაჭერა ისეთ საკითხებში, როგორიცაა დედისა და ჩვილის ჯანმრთელობის დაცვა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეფერალური სამსახურის გაძლიერება და სამედიცინო პერსონალის უნარების დახვეწა.

არც ის უზარმაზარი დახმარება უნდა დავივიწყოთ, რომელიც იმავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა აფხაზეთს პანდემიის პერიოდში გაუწიეს. სად იყო მაშინ რუსეთი? მოდით, გავიხსენოთ: რუსული ვაქცინის პირველი პარტია აფხაზეთში მხოლოდ 2021 წლის აპრილში გამოჩნდა, მაშინ, როცა თავად რუსეთის რეგიონებში ვაქცინაცია წინა წლის დეკემბერში იყო დაწყებული! ამასთან, დე-ფაქტო ხელისუფლება სულ რაღაც 30 000 დოზას ელოდა 220-ათასიანი მოსახლეობის პირობებში!

ამასობაში საერთაშორისო დონორები წლებია, მილიონებს ხარჯავენ აფხაზეთის მოსახლეობის მხარდასაჭერად. მარტო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორზე 10 მლნ ამერიკულ დოლარამდე დაიხარჯა, განათლებაზე – 15 მილიონამდე, თითქმის მაგდენივე - სოფლის მეურნეობასა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერაზე. რომ აღარაფერი ვთქვათ ჰუმანიტარული დახმარების მრავალრიცხოვან პროექტებზე, რომლებიც არაერთი ათწლეულია, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების საკეთილდღეოდ ხორციელდება.

გულახდილი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ კი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები იმის თქმას, რომ მსგავს ხარჯებს საკუთარი ძალებით გაუმკლავდებიან? მაშ რატომ შფოთს ინალ არძინბა ესოდენ დაუოკებლად საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის გამო? ისინი რა, რუსეთის მსგავსად, დახმარების სანაცვლოდ აფხაზეთს მიწებს, აგარაკებსა და სტრატეგიულ ობიექტებს ართმევენ, თუ მილიონებს ითხოვენ მოხმარებულ ელექტროენერგიაში და მოსახლეობის უშუქოდ დატოვებით ემუქრებიან? პასუხი, მე მგონი, ნათელია!

აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის წმინდად ჰუმანიტარული და სოციალური ხასიათიდან გამომდინარე, ისედაც ნათელია, რომ მათი პროქტები ვერ იქნება მიმართული „ეროვნული უსაფრთხოების მორყევაზე“, როგორც ამაოდ ამტკიცებს დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო. სინამდვილეში, ეს პროექტები მიმართულია მხოლოდ ერთზე - კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყოფის შემსუბუქებაზე, უფრო ფართო ჭრილში - აფხაზეთის განვითარებაზე. ინალ არძინბას კი რატომღაც ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში ქართული და დასავლური სპეცსამსახურები ელანდება. თუმცა რუსეთში მისი მრავალწლიანი მუშაობის გათვალისწინებით, ეს ალბათ, არცაა გასაკვირი…

შემთხვევითი როდია, რომ არძინბა ასე დაჟინებით ლობირებს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღებას, რითაც მისივე თანამემამულეების კეთილდღეობაზე ყველა მზრუნველის დისკრედიტაცია სურს. უმტკიცებს რა მოსკოვს, რომ დასავლეთთან ბრძოლაში რომის პაპზე მეტად კათოლიკეა, ინალ არძინბა წირავს აფხაზეთის ინტერესებსა და ყველა იმ სიკეთეს, რომელსაც რეგიონის მაცხოვრებლები საერთაშორისო ფინანსური დახმარების შედეგად იღებენ.

იქნებ დროა, დე-ფაქტო ხელისუფლებამ სიმართლეს თვალებში ჩაჰხედოს და გაერკვეს, ვინაა სოხუმისთვის რეალური პარტნიორი, ვინ - მტერი?

ეკა ცანავა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S