Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 18-21 იანვარი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 18-21 იანვარი

22/01/2024 14:36:27 კონფლიქტები

სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ დაიწყვა

სოხუმში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი 21 იანვარს, ღამის 3:38 საათზე, შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ხანძარს აქრობდა 11 რაზმი სოხუმიდან, გუდაუთიდან, გულრიფშიდან და ოჩამჩირიდან. ხანძრის ლოკალიზაცია მხოლოდ დილის 7 საათისთვის მოხერხდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები დაიწყო, მათ შორის მოსახლეობას შუქი ღამის 01:00-დან 03:00 საათამდე არ მიეწოდება. თვითმხილველები ამბობენ, რომ ხანძარი ელექტროენერგიის აღდგენისთანავე, ელექტრო გაყვანილობაში მოკლე ჩართვის გამო მოხდა.

სამხატვრო გალერეის საგამოფენო დარბაზის ფონდში 4000-ზე მეტი სამუზეუმო ექსპონატი ინახებოდა, რომელთაგან 300 ნამუშავეარი აფხაზ მხატვარს, ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას ეკუთვნოდა. დე ფაქტო კულტურის მინისტრის დინარა სმირის თქმით, ხანძარმა თითქმის მთელი ფონდი გაანადგურა.

შემთხვევის ადგილი დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამაც მოინახულა და გენერალურ პროკურატურას ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება დაავალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ხანძრის შემდეგ გადარჩენილი ნამუშევრების აღდგენის პროცესს რუსი სპეციალისტები შეუერთდებიან. ამის შესახებ რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლიუბიმოვამ განაცხადა.

სახატვრო გალერეაში მომხდარ ხანძარს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან ძალზე ემოციური გამოხმაურება მოჰყვა. ისინი მომხდარში დე ფაქტო ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ზოგიერთი მათგანი დე ფაქტო კულტურის სამინისტროს გაუქმებას ითხოვს. ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „ჰარაჰპიცუნდამ“ ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლების ხელები „აფხაზური კულტურის სისხლშია გასვრილი“.

საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება დე ფაქტო პარლამენტში განიხილეს

დე ფაქტო პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკის, რეფორმებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კომიტეტის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების ხელმძღვანელმა პირებმაც მიიღეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა საწვავის მომარაგების ალტერნატიული გზები და აღინიშნა რუსეთთან მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობა. ამასთან, ხაზი გაესვა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავების აუცილებლობას.

მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ აფხაზეთის ნავთობპროდუქტებით მომარაგების ექსკლუზიური უფლება კომპანია „როსნეფტს“ მიანიჭა, აფხაზეთში საწვავის დეფიციტი შეიქმნა და თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის რეალიზაცია შეწყდა.

არსებული მდგომარეობა ეკონომიკის ექსპერტმა ახრა არისთავამაც შეაფასა და განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, ნავთობპროდუქტები აფხაზურ კომპანიებს არ მიყიდოს, არ შეესაბამება სოხუმსა და მოსკოვს შორის ჩამოყალიბებულ სამოკავშირეო ურთიერთობებს და ამასთან, წინააღმდეგობაში მოდის სავაჭრო რეჟიმის შესახებ მათ შორის გაფორმებული შეთანხმების სულისკვეთებას.

ყოფილი დე ფაქტო ომბუდსმენი ასიდა შაკრილი ბიჭვინთის აგარაკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა

ასიდა შაკრილმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა. მისი თქმით, დე ფაქტო ხელისუფლება ამისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიას იყენებს, მათ შორის სოციალურ ქსელებში ანონიმური „ბინძური“ განცხადებები ვრცელდება, რაშიც დაქირავებული პირები ფულს იღებენ. ასიდა შაკრილის შეფასებით, სწორედ ამ ხერხით დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს, კრიტიკული საზოგადოებრივი ორგანიზაციები გააჩუმოს.

რაც შეეხება ბიჭვინთის აგარაკის საკითხს, ყოფილმა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ 26 დეკემბერს შეთანხმების რატიფიცირებით პარლამენტმა კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევით იმოქმედა. მან დასძინა, რომ ოპოზიცია, საკითხის მშვიდად განხილვის მიზნით, სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიოდა, თუმცა დე ფაქტო პარლამენტარებს განხილვა და კონსენსუსის მიღწევა არ უნდოდათ. ასიდა შაკრილის შეფასებით, ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ საზოგადოებასთან კონსენსუსის მიღწევის მზაობა არ აქვს, საშიში ნაბიჯების გადადგმა შეუძლია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S