Bloomberg: ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს განიხილავს
23/01/2024 10:32:18 მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, მიიღონ მკაცრი ზომები უნგრეთის მიმართ, თუ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის ბლოკირებას გააგრძელებს, - იუწყება Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად არიან, მიიღონ უკრაინის დახმარების პაკეტი 1 თებერვალს ბრიუსელში გამართულ სამიტზე, მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა მას უნგრეთი. მათი მტკიცებით, თუ ორბანი გააგრძელებს დახმარების პაკეტის ბლოკირებას, ევროკავშირის დანარჩენი 26 ქვეყანა მას მაინც მიიღებს და ასეთი სცენარისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. ამ კუთხით ერთ-ერთი შესაძლო სარეზერვო ვარიანტია უკრაინისთვის დახმარების ევროკავშირის საბიუჯეტო პროცესის გარეშე მიწოდება.
მანამდე WSJ წერდა, რომ ევროკავშირმა გეგმა შეიმუშავა უკრაინის დასახმარებლად უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლით.
ამასთან, Bloomberg–ის წყაროების თქმით, თუ ორბანი გადაწყვეტს უკრაინის დახმარების პაკეტის დაბლოკვას, ევროკავშირს შეუძლია უნგრეთის წინააღმდეგ საჯარიმო ზომების შემდეგი რაუნდი შემოიღოს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთმა სცენარმა შეიძლება, უფრო ფართო დაპირისპირება გამოიწვიოს, ვინაიდან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ ადრე განაცხადა, რომ უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევისკენ მიმართული ნაბიჯებისგან დაიცავს.


