მედია: უკრაინამ ერთ კვირაში მეოთხედ შეუტია რუსეთის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურას
23/01/2024 14:43:16 მსოფლიო
რუსული ბრიანსკის ოლქის სტაროდუბსკის რაიონის სოფელ ჟეჩაში, "რუსნეფტ-ბრიანსკის" ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე, უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, – იუწყება Baza. ტელეგრამ–არხი აღნიშნავს, რომ ეს ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე მეოთხე თავდასხმაა.
Baza წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უპილოტო საფრენმა აპარატმა ტერმინალში 22 იანვარს დილით შეაღწია და #3 საცავს შეეჯახა. წყარო ტელეგრამ–არხს ეუბნება, რომ მსხვერპლი და ხანძარი არ ყოფილა.
როგორც მედია აღნიშნავს, სოფელ ჟეჩას ტერმინალი ექვს თვეზე მეტია, სრულ კონსერვაციაშია. მისი ინფრასტრუქტურა მოიცავს ნავთობის ჩამტვირთველს და ნავთობის შესანახ ოთხ ავზს. მსგავსი ინციდენტები ყურადღების ცენტრშია რუსეთის სხვა რეგიონებში ნავთობის ობიექტებზე ადრე განხორციელებული თავდასხმების ფონზე.
მანამდე, 21 იანვარს, სანკტ-პეტერბურგის მახლობლად, უსტ-ლუგას პორტში, დიდი ხანძარი გაჩნდა კომპანია Novatek-ის ტერმინალში. მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ პორტს წინა ღამეს დრონები დაესხნენ თავს. 20 იანვარს დრონმა დააზიანა ბელგოროდის ოლქში გაზმომარაგების ხაზი. 19 იანვარს საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის ნავთობსაცავის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც საწვავის ავზებს ცეცხლი მოედო.
იხილეთ ასევე: მედია – რუსეთი საექსპორტო ნავთობის 40%–ის დაკარგვის რისკის წინაშეა


