უკრაინამ რუსული "ილ-76"-ის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება "ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის" მუხლით დაიწყო
25/01/2024 10:22:35 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური განმარტავს, რომ გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა) დაიწყო.
ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია ყველა ფაქტის დადგენა და გამოძიების ჩატარება რუსული „ილ-76“ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი მალიუკმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა სერგეი შაპტალამ თვითმფრინავთან და ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა მკაფიო ფაქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე, ჩვენი კონტროლის მიღმა, ჩამოვარდა."ფაქტები" ახლა მთავარი სიტყვაა. დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ მონაცემების შესახებ, რაც უკრაინას აქვს. ჩვენი სახელმწიფო დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 იანვარს, დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავი ილ-76, რომელშიც იმყოფებოდნენ 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები. რუსეთის თანახმად, თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.
რუსეთი ილ-76-ის ჩამოგდებაში უკრაინას ადანაშაულებს. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თვითმფრინავს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით დაარტყეს ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტის, ლიპცის რაიონიდან. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური საშუალებებით დააფიქსირეს ორი უკრაინული რაკეტის გაშვება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინა დაადანაშაულა თვითმფრინავის „მიზანმიმართულად“ ჩამოაგდებაში და დაგმო „კიევის რეჟიმის ტერორისტული აქტი“.
ბელგოროდის ოლქში ილ-76-ის კატასტროფის შესახებ პირველი ცნობების გავრცელებისთანავე, ზოგიერთმა უკრაინულმა მედიასაშუალებამ გენერალურ შტაბში წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსულ სამხედრო თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 24 იანვარს დაადასტურა, რომ ტყვეთა გაცვლა იგეგმებოდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამჟამად არ აქვთ სანდო და ამომწურავი ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების წარმოების 30-კილომეტრიან ზონაში სატრანსპორტო თვითმფრინავის დაშვება უსაფრთხო ვერ იქნება და ორივე მხარის მიერ უნდა იყოს განხილული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის ტყვეთა გაცვლის პროცესს. შესაბამისად, უკრაინული მხარე არ გამორიცხავს რუსეთის წინასწარ დაგეგმილ, მიზანმიმართულ ქმედებას უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის და საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტების მიზნით.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინის ხელისუფლებამ იცოდა, რომ უკრაინელი სამხედროები გაცვლის მიზნით სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით უნდა გადაეყვანათ ბელგოროდის აეროდრომზე.
იხილეთ ასევე: ISW – როგორ იყენებს რუსეთი "ილ-76"-ის ჩამოვარდნას


