უკრაინის დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთში ჩამოვარდნილ "ილ–76"-ის ბორტზე შესაძლოა, ყოფილიყო "როგორც S-300–ის რაკეტები, ასევე ხალხი"
25/01/2024 13:34:43 მსოფლიო
რუსულ მხარეს შეეძლო უკრაინელი სამხედრო ტყვეების "ცოცხალ ფარად" გამოყენება საბრძოლო მასალისა და სარაკეტო სისტემებისთვის იარაღის გადატანისას,– ვარაუდობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი.
მისი თქმით, ბელგოროდის რაიონში ჩამოვარდნილ ილ-76–ის თვითმფრინავზე შესაძლოა, ყოფილიყო როგორც რაკეტები, ასევე ყოფილიყვნენ ადამიანები.
„ბორტზე შეიძლება ყოფილიყო როგორც რაკეტები S-300 კომპლექსისთვის, ასევე ხალხი. საუბარია დიდ სამხედრო თვითმფრინავზე. ის იყო მხოლოდ მესამედით დატვირთული, მათი ნათქვამიდან გამომდინარე. ჰქონდა აზერი ამ კონკრეტული ბორტის გამოყენებას? პარალელურად მასთან ერთად იყო სხვა თვითმფრინავებიც - AN-26 და AN-72 – ილ - ის გვერდით სივრცეში, რომელიც ჩამოვარდა. არის მრავალი გარემოება, რომელიც საჭიროებს გამოძიებას და მაქსიმალურ შესწავლას“, - განაცხადა იუსოვმა.
მან გაიხსენა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სწორედ ის სახელმწიფოა სამხედრო ტყვეების უსაფრთხოებაზე, მათ შორის ტრანსპორტირებაზე გაცვლის მიზნით, პასუხსიმგებელი, რომელსაც დატყვევებული ჰყავს ადამიანები.
„უკრაინამ შეასრულა ყველა პირობა და ვალდებულება. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ნებისმიერი სცენარი, მათ შორის მიზანმიმართული პროვოკაცია, ასევე უკრაინელი სამხედრო ტყვეების გამოყენებით, ფაქტობრივად, "ცოცხალ ფარად" საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებისთვის სარაკეტო სისტემებისთვის, რომლებიც ანადგურებენ უკრაინის ქალაქებს“, - თქვა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.
იუსოვი ვარაუდობს, რომ რუსეთს თავად შეეძლო თვითმფრინავის ჩამოგდება. მისი თქმით, მაგალითად, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებს შეეძლოთ უკრაინულ სამიზნეთ აღქმა.
„დღეს შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ეს არის რეალურად ომის ზონა. მაგალითად, ამ დღეს ორივე მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატების აქტიური გამოყენება იყო. კერძოდ, საუბარია უკრაინის მიერ სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე, რაც თავის მხრივ შეიძლება, იყოს აგრესორის საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების სამიზნე. სინამდვილეში, ეს არის ის სცენარი, რომელიც უკვე რამდენჯერმე მოხდა რუსეთში, როდესაც ე.წ. „მეგობრულმა ცეცხლმა“ გაანადგურა მათი თვითმფრინავები: როგორც სატრანსპორტო, ასევე სამხედრო. და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ახლა საუბარია სამხედრო თვითმფრინავზე, რომელშიც, პრინციპში, ტყვე არ უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნა მან.
იუსოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას, რათა ზუსტად გაირკვეს მომხდარის ყველა დეტალი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური განმარტავს, რომ გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა) დაიწყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 იანვარს, დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავი ილ-76, რომელშიც იმყოფებოდნენ 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები. რუსეთის თანახმად, თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.
რუსეთი ილ-76-ის ჩამოგდებაში უკრაინას ადანაშაულებს. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თვითმფრინავს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით დაარტყეს ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტის, ლიპცის რაიონიდან. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური საშუალებებით დააფიქსირეს ორი უკრაინული რაკეტის გაშვება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინა დაადანაშაულა თვითმფრინავის „მიზანმიმართულად“ ჩამოაგდებაში და დაგმო „კიევის რეჟიმის ტერორისტული აქტი“.
ბელგოროდის ოლქში ილ-76-ის კატასტროფის შესახებ პირველი ცნობების გავრცელებისთანავე, ზოგიერთმა უკრაინულმა მედიასაშუალებამ გენერალურ შტაბში წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსულ სამხედრო თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 24 იანვარს დაადასტურა, რომ ტყვეთა გაცვლა იგეგმებოდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამჟამად არ აქვთ სანდო და ამომწურავი ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების წარმოების 30-კილომეტრიან ზონაში სატრანსპორტო თვითმფრინავის დაშვება უსაფრთხო ვერ იქნება და ორივე მხარის მიერ უნდა იყოს განხილული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის ტყვეთა გაცვლის პროცესს. შესაბამისად, უკრაინული მხარე არ გამორიცხავს რუსეთის წინასწარ დაგეგმილ, მიზანმიმართულ ქმედებას უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის და საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტების მიზნით.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინის ხელისუფლებამ იცოდა, რომ უკრაინელი სამხედროები გაცვლის მიზნით სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით უნდა გადაეყვანათ ბელგოროდის აეროდრომზე.
იხილეთ ასევე: ISW – როგორ იყენებს რუსეთი "ილ-76"-ის ჩამოვარდნას


