Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 22-24 იანვარი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 22-24 იანვარი

25/01/2024 13:42:37 კონფლიქტები

სოხუმში საწვავის კრიზისი გრძელდება

დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლის თანახმად რუსეთში სხვადასხვა ნავთობკომპანიებისგან შეძენილი და განბაჟებული საწვავი აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიშვება. შესაბამისად, ნავთობპროდუქტებით დატვირთული ვაგონები, რომლებიც ე.წ. რუსეთის საზღვარზე ერთ თვეზე მეტია გაჩერებული, უკვე მალე აფხაზეთში მოხვდება. განკარგულების მოქმედების ვადა 6 თვით განისაზღვრა. ჯანსუღ ნანბას შეფასებით, რუსეთის აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთში შექმნილ კრიზისს განმუხტავს. მისივე თქმით, საწვავთან დაკავშირებული საკითხის განსახილველად, მომავალ კვირას დაიგეგმა მისი და აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში.

დე ფაქტო მინისტრის მოსაზრებას კრიზისის განმუხტვის თაობაზე არ იზიარებენ ადგილობრივი საწვავის კომპანიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც 24 იანვარს სოხუმში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები დე ფაქტო ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვნდნენ. მათ ჯანსუღ ნანბას პირდაპირ დაუსვეს კითხვა, შესულია თუ არა აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში და თუ არა, რა უფლებით იღებს მოსკოვი ცალმხრივ გადაწყვეტილებებს აფხაზეთთან მიმართებით და რატომ არ ეწინააღმდეგება ამას დე ფაქტო ხელისუფლება.

აქციის მონაწილეთა შორის ასევე იყვნენ ახალგაზრდული ორგანიზაცია „ჰარაჰპიცუნდა“-ს წევრები. ორგანიზაცია მიმდინარე მოვლენებს განცხადებითაც გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ განბაჟებული საწვავის აფხაზეთში შემოტანა მდგომარეობას არსებითად არ ცვლის. რუსეთის მთავრობის დადგენილება და საწვავის ბაზრის მონოპოლიზაციის საფრთხე კვლავაც არსებობს, რაც საწვავის ფასის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს და საბოლოო ჯამში აფხაზეთის ეკონომიკას დააზარალებს.

აღსანიშნავია, რომ აფხაზურ ტელეგრამ-არხებზე საპროტესტო აქცია შეფასებულ იქნა როგორც ანტირუსული პროტესტი.

შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტის ექსკლუზიური უფლება „როსტნეფტს“ მიენიჭა. შესაბამისად, რუსი „მესაზღვრეები“ სხვა ნავთობკომპანიებისგან შეძენილ საწვავს აფხაზეთში არ ატარაბდნენ, რის გამოც ადგილზე კრიზისი შეიქმნა. არსებული ინფორმაციით, ამჟამად აფხაზეთში არსებული 11 ნავთობიმპორტიორისგან სტაბილურად მხოლოდ ორი - „როსნეფტ აფხაზეთი“ და „აფსნი ოილი“ მუშაობს. საგულისხმოა, რომ ორივე კომპანიას სხვადასხვა წლებში მოქმედი დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი ხელმძღვანელობდა.

აფხაზეთი რუსეთიდან ელექტროენერგიას ამჟამად უფასოდ იღებს

ბოლო წლებში ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკის სექტორის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. კრიზისის მთავარ მიზეზებს შორის ელექტროენერგიის მაღალი მოხმარება და საფასურის არგადახდა სახელდება. გასული წლის ბოლოს, დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ აფხაზეთმა რესეთიდან მიღებული ელექტროენერგიისთვის 800 მილიონ რუბლზე მეტი (დაახლოებით 9 მლნ დოლარი) გადაიხადა. ბოლო პერიოდში მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდებოდა.

ახლახან დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის პერიოდული გამორთვები მოსალოდნელი არ არის, რადგან 21 იანვრიდან აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან სოციალური გადადინებით უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა აბესალომ კვარჩიამაც ისაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება ჯვრის წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი დონით არის განპირობებული. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, ელექტროენერგიის საკითხის გადასაწყვეტად, რუსეთს დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია და ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ჯანსუღ ნანბა ეწვევიან რუსეთს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ციმბირში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

ციმბირის ფედერალურ ოლქთან ურთიერთობების საკითხებში დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენლად ნოდარ შონია დაინიშნა. მისი მანდატი ოლქში შემავალ ტერიტორიულ სუბიექტებთან თანამშრომლობის განვითარებას წარმოადგენს. ძირითადი ყურადღება სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურული და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას დაეთმობა.

აღსანიშნავია, რომ ნოდარ შონია ციმბირის სამშენებლო ინდუსტრიის ერთერთი უმსხვილესი კომპანია „SELF”-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია.

რუსებს აფხაზი მოქალაქეების სიები გადაეცემა

აფხაზურ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკანასკნელ პერიოდში აფხაზ მოქალაქეებს ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე აჩერებენ და დაკითხვას უწყობენ. „მესაზღვრეები“ აღნიშნავენ, რომ ინფორმაციას „გასაჩერებელი პირების“ თაობაზე თავად აფხაზებისგან იღებენ. მოქალაქეებს, მაგალითად, ეკითხებიან, რატომ არ მოსწონთ ინალ არძინბა. ტელეგრამ-არხების მომხმარებლები ასკვნიან, რომ კონკრეტული პირები რუსებს კეთილსინისიერი მოქალაქეების სიებს გადასცემენ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების მხრიდან საპასუხო ნაბიჯებს მოითხოვს. მათივე მოსაზრებით, ამ მოქალაქეების მიმართ დე ფაქტო ხელისუფლებას პრეტენზიები არ გააჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ უკვე დაიწყებოდა საგამოძიებო ქმედებები, ამიტომ ე.წ. საზღვარზე მათი გაჩერება და დაკითხვა კითხვებს ბადებს.

უცხოური აგენტები აფხაზ ჟურნალისტებს წვრთნებს უტარებენ

ასეთი სათაურით გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე, რომელიც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ განსაკუთრებულად კრიტიკული დამოიკიდებულებით გამოირჩევა. პოსტის ავტორი აცხადებს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა ღიად დაიწყეს თანამშრომლობა რუსეთში უცხოურ აგენტებად აღიარებულ პირებთან, რათა გაიზიარონ მათი გამოცდილება საზოგადოებაში საინფორმაციო ტრიგერების გავრცელებასთან დაკავშირებით და შემდგომ აფხაზეთის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ. ამ მიმართულებით ტრენინგების ჩასატარებლად ისინი იწვევენ რუსეთისთვის „არასასურველ“ პირებს, როგორიც, მაგალითად, არის „უცხოური აგენტების“ სიაში შეტანილი ჟურნალისტი ალექსეი პივოვაროვი. პოსტის ავტორი ასევე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მომავალში ამ ოპოზიციურმა არასამთავრობო ძალებმა ალექსეი ნავალნის და სხვა „პროდასავლურ თაღლითებს“ დაუჭირონ მხარი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S