26-01-2024 17:09:54 პოლიტიკა
საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის ახლო კავშირს.
„ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, არამხოლოდ მეზობლები, არამედ მეგობრები, გვაქვს კარგი პარტნიორობა ყველა მიმართულებით. ფე ფაქტო ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და პარტნიორები. დღეს კი ეს მოცემულობა ოფიციალურად გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში მეექვსე, საექსპორტო პარტნიორებში კი მეორე ქვეყანაა, საიდანაც 2023 წელს საქართველოს „თითქმის მილიონი ტურისტი, ვიზიტორი ესტუმრა“.
მხარეებს ჯერჯერობით არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რას მოიცავს „სტრატეგული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება“.