
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 25-28 იანვარი
30/01/2024 05:47:51 კონფლიქტები
უცხოური აგენტების შესახებ კანონი სოხუმის დღის წესრიგში ბრუნდება
გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზურმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ უკვე დაავალა დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროს, კანონპროექტი კიდევ უფრო გაამკაცროს და უცხოური აგენტის სტატუსი არა მხოლოდ ორგანიზაციებზე, არამედ ფიზიკურ პირებზეც გაავრცელოს.
ადგილობრივი ექსპერტები ამ ინიციატივას ერთ წელიწადში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ასლან ბჟანია არ არის პოპულარული საზოგადოებაში და, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ მისი ხელახალი არჩევის ერთადერთი გზაა ოპონენტების ანტირუსულ ელემენტებად გამოვლენა. ამ გზით, ერთის მხრივ, მოსკოვიც კმაყოფილი დარჩება, ხოლო მეორე მხრივ, თავად ბჟანიას ექნება შესაძლებლობა, ამ კანონის დახმარებით ნებისმიერ ოპონენტს უსიამოვნო იარლიყი მიაწებოს.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში დე ფაქტო ხელისუფლება განსაკუთრებით გააქტიურდა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს არა მხოლოდ კრიტიკული განცხადებების გაკეთებითა და დესტაბილიზაციის მცდელობებში მათი ღია დადანაშაულებით, არამედ კერძო პირების საბანკო ანგარიშების გასაჯაროებით, დაკითხვებზე დაბარებითა და ე.წ. საზღვარზე პრობლემების შექმნით ვლინდება.
უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება გათვალისწინებულია 2020 წელს მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული „ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების“ მემორანდუმით (ე.წ. „ჰარმონიზაციის გეგმა“). აღნიშნული კანონპროექტი აქტიურად განიხილებოდა 2022 წელს, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების მკვეთრად ნეგატიური პოზიციის გამო პროცესი გადაიდო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლოდროინდელი განვითარებები, იქნება ეს ელექტროენერგიის სექტორში შექმნილი გამოწვევები, საწვავის ბაზრის მონოპოლიზაცია თუ სამხატვრო გალერეაში მომხდარი ხანძარი, იმაზე მეტყველებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას და მის ლიდერს, ასლან ბჟანიას საკუთარი მოსახლეობა საერთოდ არ აინტერესებს. განცხადების ხელმომწერი პარტიები აცხადებენ, რომ მიმდინარეობს “აფხაზური სახელმწიფოებრიობის” ღია და მიზანმიმართული განადგურება. ისინი აღნიშნავენ, რომ პირველად აფხაზეთის ისტორიაში მისი ლიდერი ფაქტობრივად თავად არის უცხოური აგენტი და აფხაზების ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს, რაც ადგილობრივი მეწარმეების უცხოელი ოლიგარქებით ჩანაცვლებაში, აფხაზეთში ასობით ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩამოსახლებაში, ელექტროენერგიის განადგურებასა და სხვა ქმედებებში გამოიხატება. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ძალები ადგილობრივ მოსახლეობას მიმართავენ და მოუწოდებენ მას, დე ფაქტო ხელისუფლების საქმიანობას ყველა დონეზე წინააღმდეგობა გაუწიოს.
აფხაზი აქტივისტი ლევან მიქაა ფსოუს ე.წ. სასაზღვრო პუნქტზე უმიზეზოდ გააჩერეს
ინციდენტის თაობაზე დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ლევან მიქაა ე.წ. საზღვარზე თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. ლევან მიქაა არის პოლიტიკური აქტივისტი, რომელმაც 2024 წლის დასაწყისში თანამოაზრეებთან ერთად საკუთარი ოპოზიციური პლატფორმა დააარსა. იგი ასევე საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა გადაწყვეტილებას ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე და საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.
უკანასკნელ პერიოდში ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე აფხაზი მოქალაქეების გაჩერებისა და დაკითხვის პრაქტიკა მნიშვნელოვნად გახშირდა. აფხაზეთში ვარაუდობენ, რომ რუს მესაზღვრეებს კრიტიკულად განწყობილი აქტივისტების სიები გადაეცემა.
ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად დაზიანებული ნამუშევრების გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია და მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას, მიიღოს სათანადო ზომები, რათა ისინი ნალექიანმა ამინდებმა საბოლოოდ არ გაანადგუროს.
აღსანიშნავია, რომ 25 იანვარს აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის კულტურის სამინისტროს სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც დაზიანებული ნამუშევრების აღდგენის პროცესში ჩაერთვება. გავრცელებული ინფორმაციით, ნახატების ნაწილი რესტავრაციისთვის შესაძლოა მოსკოვში და პეტერბურგში გაიგზავნოს.
სოხუმში მწერალ ფაზილ ისკანდერის სახლი გაიყიდა
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩირიკბას მიერ გავრცელებული განცხადებით, ფაზილ ისკანდერის სახლი უკვე მეორედ გაიყიდა. ჩირიკბა დე ფაქტო ხელისუფლებისგან სახლის გამოსყიდვას და მასში მუზეუმის მოწყობას ითხოვს.
2023 წელს ცნობილი გახდა, რომ ფაზილ ისკანდერის ერთ-ერთი ძმა რიზიკ ისკანდერი საცხოვრებლად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდა, ხოლო სახლის ნაწილი აფხაზმა ბიზნესმენმა რომან ხარჩილავამ შეიძინა.
სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ეს დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან უკვე მეორე უარია. ტოივო კლაარმა ისაუბრა ევროკავშირის დაფინანსებით აფხაზეთში მიმდინარე პროექტებზე და განაცხადა, რომ ფუნდამენტური პოლიტიკური განსხვავებების და უთანხმოების მიუხედავად, ევროკავშირი ყოველთვის ახერხებდა აფხაზეთთან კომუნიკაციის არხების ღიად შენარჩუნებას. მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთის შედარებით ღიაობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მსხვერპლი არ უნდა გახდეს და რომ აფხაზეთთან კომუნიკაციების არხების დახურვა არავის ინტერესებში, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესში არ არის.
“ბევრი გამოწვევაა, რომელიც უნდა გადაიჭრას, მაგრამ საერთაშორისო ჩართულობისთვის სივრცის დახურვა ან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის და შესაბამისად აფხაზეთის დახმარების შეზღუდვა არსებულ პრობლემებს მხოლოდ ამწვავებს“, - აცხადებს ტოივო კლაარი.
სპეციალური წარმომადგენლის განცხადებას დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. კერძოდ, პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მილანა ცვიჟბამ გაავრცელა განცხადება სათაურით „ტოივო კლაარის ქართული ოცნება“, რომელშიც აღნიშნა, რომ ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე საუბრისას, სპეციალური წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მისი განხორციელების პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ და ამით ფაქტობრივად უცხოური აგენტების ფუნქციებს ასრულებენ. ცვიჟბას თქმით, აფხაზეთის კარი სამუდამოდ დახურულია იმათთვის, ვინც მას ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. მან ტოივო კლაარს აფხაზეთთან მიმართებით სწორი ტერმინოლოგიის გამოყენება მოსთხოვა (მაგალითად, „სახელმწიფო საზღვარი“ გამყოფი ხაზის ნაცვლად, „სუხუმ“ და არა სოხუმი). უკრაინის ომთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ „აფხაზეთი არ არის და არ შეიძლება იყოს მთავარი მოკავშირის, რუსეთის მიერ განხორციელებული სპეციალური ოპერაციის მსხვერპლი“. საკუთარ განცხადებას იგი მუქარით ამთავრებს. „ბატონი კლაარი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო იმედგაცრუებული იქნება. არ გამოვრიცხავ, აფხაზეთის ეროვნული ინტერესების შელახვის მცდელობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც გააკეთოს“ - აღნიშნავს მილამა ცვიჟბა.