Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 29-31 იანვარი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 29-31 იანვარი

02/02/2024 06:01:47 კონფლიქტები

აფხაზური საზოგადოება ე.წ. სასაზღვრო პუნქტზე უმიზეზო დაკითხვებს აპროტესტებს

31 იანვარს სოხუმში გაიმართა პოლიტიკური აქტივისტების პრესკონფერენცია, სადაც მათ ე.წ. სასაზღვრო პუნქტზე მოქალაქეების დაკითხვებზე ისაუბრეს. არსებული ინფორმაციით, რუსი მესაზღვრეები დაკითხვის მიზეზად დე ფაქტო ხელისუფლების მოთხოვნას ასახელებენ.

ერთ-ერთი პოლიტური აქტივისტი ლევან მიქაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ე.წ. საზღვარზე არასრულწლოვან შვილთან ერთად უმიზეზოდ გააჩერეს, მის დაკითხვას საზოგადოებრივ საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, მესაზღვრეების კითხვები აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს და შესაძლო ანტირუსული განწყობების არსებობას ეხებოდა. ლევან მიქაამ განაცხადა, რომ აფხაზური ლიდერი ასლან ბჟანია, მსხვილი რუსული ბიზნების ლობირებითა და საკუთარი პირადი ინტერესების გატარებით, აფხაზეთის შიდა სივერენიტეტს ლახავს. პრესკონფერენციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ახრა ბჟანიამ აღნიშნა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე გაჩერებას იყენებს როგორც ზეწოლის საშუალებას იმ აქტიურ მოქალაქეებზე, რომლებიც არ ეთანხმებიან დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკასა და შეხედულებებს.

პრესკონფერენციის გარდა, აფხაზმა ვეტერანებმა, ჟურნალისტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა აფხაზეთში „რუსეთის ელჩს“ მიმართეს მოთხოვნით, დაუყონებლივ ჩაატაროს კონსულტაციები კომპეტენტური სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რათა შეწყდეს შემდგომი არამეგობრული და უკანონო ქმედებები აფხაზეთის მოქალაქეების მიმართ. საკუთარ მიმართვაში მათ ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთმა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები არა ასლან ბჟანიასთან, არამედ აფხაზეთთან გააფორმა, რითიც აფხაზი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების, უპირველესად, აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის ვალდებულება აიღო.

გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებმა ანონიმურად დე ფაქტო ომბუდსმენს, ანას ქიშმარიასაც მიმართეს. ანას ქიშმარიამ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ე.წ. საზღვარზე დაკითხვის მხოლოდ ერთ ფაქტი, რის თაობაზეც, საკითხის გარკვევის მიზნით, მან უსაფრთხოების სამსახურს უკვე მიმართა.

„ჰარაჰპიცუნდა“ ე.წ. აპარტოტელების კანონის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას იწყებს

ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ღიად ეწინააღმდეგებიან კანონს და აცხადებენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში, აფხაზები მალე უმცირესობაში აღმოჩნდებიან, შემდეგ კი საერთოდ გაქრებიან.

აღსანიშნავია, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრები იმასაც აცხადებენ, რომ უცხოელებს შორის, რომლებიც აფხაზეთში ბინებს შეიძენენ, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველებიც იყვნენ. „ქართველი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთში ერთი მილიონი ქართველი ცხოვრობს. მათ შორის არიან ლტოლვილები და მათი შთამომავლები, რომლებსაც აფხაზეთში დაბრუნება უნდათ. ასობით ათასი ქართველი ფლობს რუსეთის მოქალაქეობას და ეს რიცხვი იზრდება. მაგალითად, მხოლოდ შარშან 23000 ქართველი გახდა რუსეთის მოქალაქე, და შესაძლოა ყველა მათგანმა აფხაზეთში უძრავი ქონება შეიძინოს და ჩვენს გვერდით იცხოვროს“ - განაცხადეს „ჰარაჰპიცუნდა“-ში.

რუსი სპეციალისტები დე ფაქტო ხელისუფლებას სამხატვრო გალერეის ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიების გამოძიებაში დაეხმარებიან

ამის შესახებ დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ განაცხადა. 29 იანვარს ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა შეხვედრა გამართა აფხაზ მხატვართა კავშირის წარმოამადგენლებთან, რომელშიც მონაწილეობა გენერალურმა პროკურორმა და კულტურის მინისტრმაც მიიღეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ხანძრის შედეგები და საგამოფენო დარბაზის მუშაობის განახლების შესაძლებლობა. დე ფაქტო გენერალური პროკურორის განმარტებით, სანამ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება და არ დადგინდება ხანძრის მიზეზები, შენობაში გაწმენდითი და სარემონტო სამუშაოები არ უნდა დაიწყოს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

ასლან ბჟანია შეხვედრებს რუსეთის სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებთან გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარ განსახილველ საკითხებს შორის ელექტროენერგიისა და საწვავის მომარაგება იქნება.

აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრის ჯანსუღ ნანბას დაპირების მიუხედავად, რუსეთმა აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა, რის გამოც მოსახლეობას შუქი ისევ გრაფიკით მიეწოდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S