Accentnews.ge
შეესაბამება თუ არა ქართველოფობია აფხაზების ინტერესებს

შეესაბამება თუ არა ქართველოფობია აფხაზების ინტერესებს

05/02/2024 08:23:40 კონფლიქტები

30 წელია, აფხაზეთში დარჩენილი, შესამჩნევად შეთხელებული ქართული მოსახლეობა სამშობლოში მკაცრი დისკრიმინაციის პირობებში აგრძელებს არსებობას. ეს უპირველესად ეხება გალის რაიონს - ერთადერთს მთელს აფხაზეთში, სადაც ქართველებს მართალია, უუფლებოდ, მაგრამ მაინც ნებადართული აქვთ ყოფნა.

თავი დავანებოთ რადიკალ ნაციონალისტებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ქართული წარმომავლობის გამო ქართველების უფლებრივი შევიწროებისკენ უკიჟინებენ. განვიხილოთ აფხაზების იმ ნაწილის არგუმენტები, რომელიც შესაძლოა, გულწრფელად ფიქრობდეს, რომ „გალის რეზერვაცია“ და ქართველების დისკრიმინაცია აფხაზების ინტერესებს პასუხობს.

მათი ძირითადი არგუმენტები ასეთია: ქართველებს რომ აფხაზური „პასპორტები“ მივცეთ, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით უზრუნველვყოთ არჩევნებზე ხმის მიცემის ჩათვლით, ისინი ამას აუცილებლად აფხაზეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. ისმის კითხვა, ასეა კი რეალურად? იქნებ გარკვეული გარე და შიდა ძალები გამიზნულად ნერგავენ ამ ნარატივს აფხაზების შეცდომაში შესაყვანად?

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, გალელ ქართველებს რომ ადამიანის ელემენტარული უფლებები მიეღოთ. განვიხილოთ ვითარება აფხაზური ვიწროეროვნული გადასახედიდან.

დავუშვათ, ქართველებმა აფხაზურ „პარლამენტში“ რამდენიმე დეპუტატის გაყვანა და მეტიც, რომელიმე „სამინისტროს“ ხელმძღვანელობაც კი მოახერხეს. როგორ შეუშლით აფხაზებს ხელს, თუკი რამდენიმე დეპუტატი გალელი ქართველების ინტერესებს დაიცავს? ან რა კონკრეტული სარგებელი აქვთ აფხაზებს იმით, რომ ქართველები მშობლიურ ენაზე ვერ ახერხებენ სწავლას და ამას არათუ აფხაზურად, რუსულად აიძულებენ? ან რა ზიანი მიადგება ეროვნულ ინტერესებს, თუკი ქართველები აფხაზეთში ღიად შეძლებენ საუბარს თბილისთან კეთილი ურთიერთობების აღდგენის საჭიროებაზე? შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ამის გამო მოკლეს ზურაბ აჩბა - იშვიათი ინტელექტუალი და აფხაზური ნაციონალიზმის ერთ-ერთი ლიდერი. არადა, დღესაც ზოგიერთი ლიდერები დროდადრო იმავე აზრს აჟღერებენ, თუმცა აფხაზეთის დამოუკიდებლობის პრიზმაში.

ერთადერთი, რისი მიღწევაც სოხუმს ქართველების უფლებრივი შეზღუდვის პოლიტიკით შეუძლია, გალის რაიონის საბოლოო დეპოპულაცია და ქართველებსა და აფხაზებს შორის კიდევ უფრო მეტი გაუცხოებაა. არადა, სოხუმს არაერთგზის „ოფიციალურად“ აქვს დეკლარირებული საპირისპირო მიზანი - თბილისთან „კეთილმეზობლური“ ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ხოლო ის, რომ სოხუმს თბილისთან თავდაუსხმელობის შესახებ დოკუმენტის გაფორმება სურს, რეალურად, მხოლოდ ხრიკია „დამოუკიდებლობის“ ირიბი აღიარების მოსაპოვებლად, რადგან თბილისს უკვე არაერთხელ აქვს აღებული კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალის არგამოყენების ვალდებულება. შესაბამისად, თბილისის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის აღიარების“ საკითხის გალელი ქართველების დისკრიმინაციის შეწყვეტის თანაწონადად წარმოჩენა აბსოლუტურად არაკონსტრუქციული მიდგომაა და ფიასკოსთვისაა განწირული.

და საერთოდაც, მსგავსი დისკრიმინაცია XXI საუკუნეში შეიძლება, მხოლოდ არცთუ ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანებს ახარებდეთ. რაც მთავარია, იგი კონტრპროდუქტიულია, რადგან შეუძლებელია, ადგილობრივ ქართველებში აფხაზების მიმართ საპასუხო დამოკიდებულებას არ იწვევდეს.

ამგვარად, ქართული მოსახლეობის შევიწროებას მხოლოდ ზიანი მოაქვს არა მარტო მათთვის, არამედ აფხაზებისთვისაც და ის, ვინც აბსოლუტურად ირაციონალურ შიშებს იყენებს ქართველოფობიის გასაღვივებლად და ხალხების დასაპირისპირებლად, აშკარად არ ხელმძღვანელობს აფხაზების სტრატეგიული ინტერესებით - თუნდაც „ომის გმირი“ იყოს და ეროვნებით ასგზის აფხაზი.

მეტიც, რომ დავფიქრდეთ, ქართველების დისკრიმინაციით აფხაზები ყველაზე სანდო მოკავშირეს კარგავენ აფხაზეთის სრული შთანთქმის რუსულ საფრთხესთან წინააღმდეგობაში. ყველამ ხომ მშვენივრად იცის, რომ ჯერჯერობით ჩრდილში მყოფი მსხვილი სომხური და რუსული თემების გონება და გული კრემლისკენაა მიმართული და როცა მოსკოვი გადაწყვეტს, რომ აფხაზეთისთვის „მომენტი X” დადგა, ისინი შესაბამისად გაამჟღავნებენ თავს.

თვითგადარჩენის ინსტინქტმა უნდა უკარნახოს აფხაზებს, რომ მსგავს სიტუაციაში მათ აღარ შერჩებათ მოკავშირეები და მეგობრები ადგილობრივი ქართველების გარდა, რომლებიც მოსკოვის მიმართ სიმპათიით ნამდვილად არ არიან განწყობილი და შესაბამისად, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ისინი წარმოადგენენ ბუნებრივ მოკავშირეებს თუნდაც ყველაზე რადიკალი აფხაზი ნაციონალისტებისთვისაც კი. შესაბამისად, ყველაზე ლოგიკური იქნებოდა ქართველების არა შევიწროება, არამედ პირიქით, მოკავშირეობა და ერთად ბრძოლა რეალური მტრის წინააღმდეგ.

რაჟდენ ქაჯაია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S