05-02-2024 13:54:10 სამართალი
ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, მოსამართლემ, რეზო ნადოიმ გირაოთი (2000 ლარი) შეუცვალა.
შარუხიას გათავისუფლებას სასამართლოს დარბაზში ოვაციებით შეხვდნენ „კონსერვატიული მოძრაობის" („ალტ-ინფოს") ლიდერები და სხვა მოქალაქეები. ბრალდებულის მხარდასაჭერად ადამიანები სასამართლოს შენობის გარეთაც იყვნენ შეკრებილები.
„თვე-ნახევრიანი ბრძოლა, რაც გაიმართა საზოგადოებასა და სახელმწიფო ბრალდებას შორის, დასრულდა იმით, რომ სახელმწიფოს მოუწია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენც, რა თქმა უნდა, საფუძველი მივეცით მტკიცებულებების წარდგენით, შესაბამისად, მოხდა ის, რომ ეს ადამიანი დღეს არის თავისუფლებაში", – განაცხადა ადვოკატმა სერგი ხურციძემ.
საქმის არსებითი განხილვა დაინიშნება 16 თებერვალს, 12:00 საათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში. ბრალდებული ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე.
შარუხიას ბრალი ედება სხვისი ქონების დაზიანების [სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი] ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2023 წლის დეკემბერში ლაშა შარუხიას დაპატიმრებას მოჰყვა ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მღვდელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება დადებითად შეაფასა. 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში პატრიარქმა აღნიშნა: „დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა".