
პუტინს რუსეთში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა სურს
09/02/2024 07:43:08 სამართალი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკული არხის Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებზე. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში გასამართლებული, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლის ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას. პუტინმა გვარების დასახელების გარეშე დაადასტურა ეს ინფორმაცია.
„შეერთებულ შტატების მოკავშირე ქვეყანაში ზის ადამიანი, რომელმაც პატრიოტული მიზეზების გამო მოახდინა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში ბანდიტის ლიკვიდაცია. [...]მან ეს საკუთარი ინიციატივით გააკეთა თუ არა, ეს სხვა საკითხია“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა დაუშვა, გაათავისუფლოს რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, თუ ეს საკითხი გადაწყდება „სპეცსამსახურების არხებით“. პუტინი ამბობს, რომ ჟურნალისტი „იღებდა დახურულ, საიდუმლო ინფორმაციას და ამას ფარულად აკეთებდა“.
„არ ვიცი, შეიძლება ვინმემ ჩაითრია, იქნებ ყველაფერი დაუფიქრებლად, საკუთარი ინიციატივით გააკეთა. მაგრამ სინამდვილეში ამას ჯაშუშობა ჰქვია. და ყველაფერი დადასტურდა, რადგან ამ ინფორმაციის მიღებისას დაიჭირეს“, - დასძინა მან.
ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მდებარე პარკში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მისი მკვლელობისთვის ვადიმ კრასიკოვი დააკავეს, რომლის რუსეთში დაბრუნებასაც მოსკოვი ეს წლები მუდმივად ცდილობდა.
გამოცემა The Insider, დამოუკიდებელი ჯგუფი Bellingcat და ჟურნალი Der Spiegel იტყობინება, რომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკველელი ვადიმ კრასიკოვი, ფსბ-ს სპეციალურ ქვედანაყოფ „ვიმპელში“ მსახურობდა. როგორც გამომძიებლები აღნიშნავენ, მას ასევე ბრალი მიუძღვის რუსეთში ორი ბიზნესმენის შეკვეთილ მკვლელობებში.
ბერლინის სასამართლოს მოსამართლეებმა გაიზიარეს ბრალდების მხარის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვმა ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით განახორციელა. 2021 წლის დეკემბერში კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
გერშკოვიჩი 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში დააკავეს. მეორე დღეს რუსეთის FSB-მ გამოაცხადა, რომ ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით აიყვანეს. დაზვერვის სამსახურის ცნობით, ჟურნალისტმა „ამერიკული მხარის მითითებით შეაგროვა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ“. გერშკოვიჩი და The Wall Street Journal ბრალდებებს უარყოფენ. გამოცემამ არაერთხელ მოითხოვა ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. თეთრმა სახლმა ბრალდებებს "სამარცხვინო" უწოდა, ხოლო პრეზიდენტმა ბაიდენმა ჟურნალისტის დაკავება "სრულიად უკანონოდ" შეაფასა.