
თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო ტატუნაშვილის მკვლელის დაწინაურების გასაპროტესტებლად
13/02/2024 08:59:56 კონფლიქტები
ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა დღეს, 13 თებერვალს შიმშილობა დაიწყო.
როგორც მეარაყიშვილი ვიდეომიმართვაში განმარტავს, დავით გურწიევის ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. პროკურორად დანიშვნას აპროტესტებს.
მეარაყიშვილი ამბობს, რომ არაერთგზის მიმართა დე ფაქტო ხელისუფლებას წერილობით, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, მან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და აპირებს, შიმშილობა მანამ განაგრძოს, ვიდრე ოკუპირებული რეგიონის პროკურორი არ გასცემს კითხვებს პასუხს, რა დამსახურებისთვის, რომელი მოგებული საქმეებისთვის და ადამიანური თვისებებისთვის ნიშნავენ თანამდებობაზე დავით გურწიევს.
"ეს არის ადამიანი, რომელიც 15 წელია, ატერორებს ჩვენი რაიონის მოსახლეობას! მას არ აქვს საზღვრები სიძულვილის, გამდიდრების სურვილის და ის არაფრით მშვიდდება[...]როდესაც აქედან ცხინვალში გადაიყვანეს, ხალხი ერთმანეთს ულოცავდა. მისი გადაყვანა დღესასწაული იყო, ",– ამბობს მეარაყიშვილი.
ქართველი სამართალდამცველები დავით გურწიევს ქართველი ვეტერანი სამხედროს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისთვის ეძებენ.
მას მცხეთის სასამართლომ 2020 წლის 16 დეკემბერს დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა უვადოდ მიუსაჯა. მას, ალიკ ტაბოევთან ერთად, ბრალი ედებოდა არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამებაში. 2018 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს შსს-დან მიწოდებული მასალების საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი წითელი ცირკულარით ძებნილად გამოაცხადა.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორის სოფელ მოსაბრუნთან იოსებ პავლიაშვილთან და ლევან ქუტაშვილთან ერთად დააკავეს ალიკ ტაბოევმა და დავით გურწიევმა. შემდგომ ის გადაიყვანეს ცხინვალის ციხეში, სადაც აწამეს. დავით გურწიევი პირადად იცნობდა არჩილ ტატუნაშვილს და მის წამებაში პირადად მონაწილეობდა.
ინდივიდუალური სარჩელი „ტატუნაშვილები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო, თუმცა განხილვა ჯერ არ ჩანიშნულა.
დავით გურწიევის სახელს არაერთი გახმაურებული ამბავი უკავშირდება. ის იყო გამომძიებელი იმ დროს, როდესაც ახალგორიდან 19 წლის დავით ბაშარული გაუჩინარდა 2014 წლის 4 ივნისს. ბაშარულის ცხედარი 6 თვის შემდეგ, ახალგორთან, ტყეში იპოვეს. მისი სიკვდილის საქმეზე გამოძიება გურწიევს ჰქონდა დავალებული, რომელიც შედეგზე არ გასულა. 19 წლის ახალგაზრდა, ცოცხალი, უკანასკნელად ახალგორის პოლიციიდან მომავალი იხილეს.
დავით გურწიევი ფიგურირებს თამარ მეარაყიშვილის დევნს საქმეებშიც.
დე-ფაქტო ადმინისტრაციის ვებგვერდზე 2019 წლის 24 სექტემბრის თარიღით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ქართული მხარე რუსეთის ფედერაციისგან დავით გურწიევისა და ტაბოევის გადაცემას ითხოვდა, რაზეც რუსულმა მხარემ უარით უპასუხა იმ მიზეზით, რომ „მათ აქვთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა“.
დავით გურწიევის დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობენ ადგილობრივებიც. ყოფილი დე-ფაქტო მინისტრი გიორგი კაბისოვი ამბობს, რომ თვითმხილველია წამების და ნაშაულებებისა ცხინვალის ციხეში, რომელშიც გურწიევი მონაწილეობდა. არსებული ინფორმაციით, პატრიმრების ცემაში მონაწილე ჯგუფს, რომლის წევრებს ნიღბები ეკეთათ, სწორედ გურწიევი ხელმძღვანელობდა და არც სახეს მალავდა.