
მედია: აფხაზეთის დე ფაქტო საგარეომ ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიღო
14/02/2024 10:39:21 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიღო, - იუწყება Ехо Кавказа.
გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო ნოტა ეხება ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების რატიფიცირებას, რომელიც ე.წ. სახელმწიფო აგარაკის მესამე პირზე გაცემას კრძალავს:
"არაოფიციალური ინფორმაციით, 3 დღის წინ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო საპროტესტო ნოტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. კანონში შეტანილი ცვლილებები (რატიფიცირებასთან დაკავშირებით), რომელიც სახელმწიფო აგარაკის მესამე პირისთვის გადაცემას კრძალავს, ვიღაც კონკრეტულს არ აწყობს. თუმცა მთავარი კითხვა ეს არ არის, მთავარი ის არის, რატომ მალავს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი არც ოფიციალურ საიტზე და არც ტელეგრამზე".
შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას მოახდინა "რუსულ-აფხაზური შეთანხმების რატიფიცირება", რომლითაც რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას დაუჭირა მხარი. ამის პარალელურად, დეპუტატებმა ობიექტების, მიწის ნაკვეთების, წყლის, ფართობების, აშენებული შენობებისა და ნაგებობების მესამე პირებისთვის გადაცემა აკრძალეს.