რვაფეხა-2: ქართული საცეცები ფსოუს გადასწვდა?

14-02-2024 15:19:41 კონფლიქტები

რაც მეტად ვიწროვდება აფხაზეთის ყელზე მოსკოვის მარყუჟი, მით უფრო ხშირად გაისმის სოხუმში ურთიერთბრალდებები „საქართველოს ინტერესების მსახურში“. ეს ბოლო და ყველაზე „წონადი“ არგუმენტია, ერთგვარი ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ყოველ ჯერზე აჩუმებს სიმართლის მთქმელთ, რათა შიდა დაპირისპირების ნამდვილ წყაროს სახელი არ დაერქვას და არც პრობლემის რეალურმა არსმა გაიჟღეროს.

როგორც ცნობილია, ბოლო დროს რუსი მესაზღვრეები ფსოუზე მომეტებულ „კეთილგანწყობას“ იჩენენ აფხაზეთის არაერთი მაცხოვრებლის მიმართ, რომელიც რუსეთში მიემართება ან შინ ბრუნდება. მათ საათობით აყოვნებენ სამსახურებრივ სივრცეებში, სადაც ფინჯან ჩაისა და „გულახდილი საუბრისთვის“ იწვევენ, მერე კი უსვამენ კითხვებს, ძირითადად - აფხაზეთში არსებული შიდა ვითარების, რუსეთის მიმართ პირადი დამოკიდებულებისა და აფხაზურ საზოგადოებაში ანტირუსული განწყობების შესახებ.

მას შემდეგ, რაც მსგავს სიტუაციაში რამდენიმე ცნობადი სახე აღმოჩნდა, პრობლემა განსაჯაროვდა. გაირკვა, რომ რუსი მესაზღვრეები მომეტებულ „კეთილგანწყობას“ სწორედ იმ მეტ-ნაკლებად გავლენიან პირთა მიმართ იჩენენ, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებდნენ აფხაზეთში კრემლთან შეთანხმებით ბოლო პერიოდში მიღებულ და უახლოეს ხანებში მისაღებ რეზონანსულ კანონპროექტებს, კერძოდ - ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეთანხმებას, რუსებისთვის აპარტამენტების მშენებლობის, უცხოეთის აგენტებისა და ენერგოობიექტების გასხვისებაზე მოქმედი აკრძალვის გაუქმების შესახებ კანონებს.

მომეტებული „კეთილგანწყობის“ მსხვერპლებმა ეჭვი დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიაზე მიიტანეს: აქაოდა, მან გადასცა რუსებს იმ „არასანდო“ პირთა სიები, რომლებიც „ანტირუსული განწყობების ტირაჟირებაში“ არიან მხილებულებიო. ამასთან, ბჟანიას რიგი კრიტიკოსები ნაცად იარაღს - ანტიქართულ რიტორიკას მიმართავენ. ასე, მაგალითად, ომის ვეტერანმა და ყოფილმა ჩინოსანმა ასლან კობახიამ განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეების მიერ ფსოუზე აფხაზებისთვის პრობლემების შექმნა თბილისს აძლევს ხელს. «ეს თამაში ქართულ პროპაგანდისტულ მანქანას უადვილებს საქმეს. ასე იმის მიღწევა შეიძლება, რომ ჩვენი ახალგაზრდობა არა რუსეთში, არამედ სქართველოში ივლის... ვის ინტერესებში კეთდება ეს - აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოები უნდა გაერკვნენ. სამწუხაროა, თუ ისინი ამაში თავადაც მონაწილეობენ“ - აღნიშნა მან.

ანალოგიურ ჭრილში დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამაც, რომელიც «Эхо Кавказа»-ზე მუშაობს, დასავლურ დაფინანსებას იღებს და ამის გამო დე-ფაქტო ხელისუფლებამ ამასწინათ ირიბად ლამის საქართველოს ინტერესების მსახურში დაადანაშაულა - ისევე, როგორც დასავლეთის ინსტიტუტებთან მოთანამშრომლე სხვა ჟურნალისტები და მთელი არასამთავრობო სექტორი. «რომ მომნდომებოდა, აფხაზეთის მოქალაქეებს საქართველოსკენ მიეპყროთ მზერა, რესპუბლიკაში კი ანტირუსული განწყობები გაჩენილიყო, საქართველოსთან საზღვარს გავხსნიდი და ერთდროულად შევქმნიდი არახელსაყრელ რეჟიმს რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე. [მესაზღვრეებს] გადავცემდი აფხაზეთის მოქალაქეების სიებს რეკომენდაციით, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე დაეკავებინათ. შევქმნიდი პრეფერენციებს რუსი ოლიგარქებისთვის აფხაზური ბიზნესის საზიანოდ. აფხაზეთის მოქალაქეებს თავს მოვახვევდი აზრს ანტირუსული განწყობების შესახებ. ახალგაზრდობას აფხაზეთისა და რუსეთის ფარგლებს გარეთ გადაადგილებისა და სწავლის უფლებას შევუზღუდავდი. საკუთარ უნიათობაში რუსეთის ხელისუფლებას დავადანაშაულებდი. უსასყიდლოდ გავცემდი საკუთრებაში და იჯარით მიწასა და ობიექტებს, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლოთ შემოსავლების მიღება» - ასე აყალიბებს ჭანია „პრეზიდენტ“ ბჟანიასადმი პრეტენზიებს.

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ ვეტერანთა ორი ორგანიზაცია - პროსახელისუფლებო „ამცახარა“ და ოპოზიციური „არუაა“ ასევე ადანაშაულებდნენ ერთმანეთს „პროქართულ მცდელობებში“. მაშინ მიზეზს ენგურჰესის ვარდნილჰესების კერძო ინვესტორისთვის გადაცემის ინიციატივა წარმოადგენდა.

დავიჯერო, ქართულმა რვაფეხამ მართლაც მოიცვა თავისი საცეცებით მთელი აფხაზეთი - დე-ფაქტო ხელისუფლებაც, ვეტერანებიც, არასამთავრობო სექტორიც, ბიზნესმენებიც, ახალგაზრდობაც და რუსი მესაზღვრეებიც კი? რუსეთი კი ამ ყველაფერს მშვიდად ადევნებს თვალს, ან სულაც ეხმარება თბილისს? რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებს ამას?!

აკვირდები ამ ყველაფერს და გიკვირს, რამდენად პრიმიტიულად მიაჩნიათ აფხაზ მოღვაწეებს ყველა: რუსებიც სულელები არიან, ევროპელები და ამერიკელებიც, ქართველები ხომ თავისთავად...

და მაინც, რას უკავშირდება რეალურად ეს ქარიშხალი ჭიქა წყალში? დავიჯერო, ბჟანიამ საკუთარი ინიციატივით შეადგინა იმ პირთა სია, ვინც კრემლის კარნახით მისაღებ კანონებს ეწინააღმდეგება, მერე კი გადასცა რუსებს, რომ „არასანდო“ მოქალაქეებს ყოველ ნაბიჯზე ურთულონ საქმე? მოსკოვში რა, ბჟანიას დახმარების გარეშე არ ესმით საზოგადოებრივი აზრის აფხაზი ლიდერების გამონათქვამები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით?! ვფიქრობ, ყველასთვის, უპირველესად კი თავად აფხაზებისთვის პასუხი ნათელია.

სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არც არავინ აპირებდა აფხაზეთში ბნელ ოთახში შავი კატის ძებნას, უბრალოდ ასეა მიღებული: როგორც კი ოპონენტში რაიმე არ მოგეწონება, პროქართულ განწყობებში უნდა დაადანაშაულო და ამავდროულად აუცილებლად აღნიშნო, რომ რუსეთი მსოფლიო დონის ყველაზე დიადი და კეთილი ზესახელმწიფოა.

ეს ადგილობრივი მინი-დადგმა 30 წლის გამავლობაში სარგებლობდა წარმატებით და მუშაობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ აუდიტორიაზე. უფროსი ძმა გარკვეულ მომენტამდე ყოვლისმხედველ თვალს იბრმავებდა, ყოვლისგამგონე ყურს იყრუებდა და თავს იკატუნებდა, თითქოს კმაყოფილდებოდა განმარტებებით „ქართველების ხრიკების“ შესახებ. მეტიც, კრემლში მოთმინებით ისმენდნენ საჩივრებს „ცუდ“ მოსკოველ კურატორებზე, რომლებსაც „აფხაზების განწყობები არ ესმით და არასწორ პოლიტიკას ატარებენ უმცროსი, მაგრამ მაინც თანასწორი ძმისა და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ“.

თუმცა ბოლო ორი წლის ტენდენციამ ნათლად აჩვენა, რომ მარტო აიბღითა და ბიჭვინთით კრემლი არ დანაყრდება. მოსკოვს სჭირდება ასევე აპარტამენტების შესახებ კანონი, რათა მომავალი „დიდი სოჭის“ მიდამოებში რუსეთის რაც შეიძლება, მეტი მოქალაქე დასახლდეს. კრემლში ხომ მშვენივრად ესმით: მიწისა და უძრავი ქონების გასხვისებაზე მოქმედი საკანონმდებლო აკრძალვა, ისევე, როგორც წინააღმდეგობა, რომელსაც აფხაზური საზოგადოება რუსებისთვის აპარტამენტების მშენებლობას უწევს, აფხაზებს რეალურად, იმაში კი არ სჭირდებათ, რომ, როგორც თავად ირწმუნებიან, აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველები არ დაუშვან (თუმცა, რა თქმა უნდა, არც ამის გარეშეა საქმე), არამედ იმაში, რომ აფხაზეთი რუსების შემოსევისგან დაიცვან. მით უფრო, რომ პირველივე შესაძლებლობის გაჩენისთანავე თბილი ზღვისკენ დაიძვრებიან არა მოსკოველები ან პეტერბურგელები, რომლებიც არაერთი, მათ შორის კულტუროლოგიური მიზეზით ნიცას, იტალიისა და ესპანეთის სანაპიროებს ანიჭებენ უპირატესობას, არამედ მეტწილად გაუთლელი ჩელიაბინსკელი კაცები. ყველაფერ შესაძლებელს რუსი მილიონერები შეისყიდიან, - მათ ხომ ახლა დიდი ფული გამოუთავისუფლდათ და მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, კიდევ დიდხანს ვერსად დააბანდებენ ფულს.

გარდა ამისა, რუსეთსსჭირდება უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი, რომ აფხაზეთში, ისევე, როგორც მთელს რუსეთში, ყველა ოპონენტი დაადუმოს და ვერცერთმა ადამიანმა ვეღარ შეძლოს თუნდაც სამარტოო პიკეტის გამართვა, თუნდაც რომელიმე საკონსტიტუციო ციტატით ან სულაც ცარიელი ფურცლით ხელში. რუსეთს სჭირდება ასევე საზღვაო სამხედრო ბაზა მანამდე ხელში ჩაგდებულ აეროპორტთან და რამდენიმე სხვა ბაზასთან ერთად. და ეს სრული ჩამონათვალი როდია - გაგრძელება აუცილებლად იქნება და ვშიშობ, არანაკლებ მძიმე...

ფაქტები ჯიუტი რამაა: ადამიანები, რომელთაც რუსი მესაზღვრეები ფსოუზე პრობლემებს უქმნიან, ისევე, როგორც დე-ფაქტო ხელისუფლება, კვლავინდებურად ირწმუნებიან, რომ აფხაზეთში ანტირუსული განწყობები აპრიორი ვერ იარსებებს, მაგრამ საკმარისია, ვინმემ აფხაზეთის ინტერესები ახსენოს - და ის „რუსეთის მტრების“ შავ სიაში ხვდება. რა თქმა უნდა, დე-ფაქტო ხელისუფლებასაც და მის ოპონენტებსაც შეუძლიათ, გააგრძელონ რუსეთისთვის ქვეშევრდომული ერთგულების რიტუალური ვერბალური მტკიცება, მაგრამ მოსკოვს ცრემლების აღარ სჯერა და ალბათ, არც ადრე სჯეროდა. მთელი ეს ვითარება კი ძალიან ჰგავს სსრკ-ის დიდი ტერორის პერიოდს: მაშინ დახვრეტამისჯილები ასევე სწერდნენ „ერთა მამას“ სამარტოო საკნიდან გულისამაჩუყებელ წერილებს და არწმუნებდნენ როგორც პირადად მის, ისე პარტიის მიმართ ურყევ ერთგულებაში: „ამხანაგო სტალინო, მოხდა სამწუხარო გაუგებრობაო...».

ღირს კი საქმის ასეთ ფინალამდე მიყვანა? - აი, რაზე ღირს დაფიქრება. ეს ხომ ნამდვილად არაა არც აფხაზეთის, არც აფხაზების ინტერესებში!

რაჟდენ ქაჯაია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები