
რაზე ესაუბრა კლაარი ქართველ მაღალჩინოსნებს
14/02/2024 15:20:25 კონფლიქტები, პოლიტიკა
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა და მისმა მრჩევლებმა ოფიციალური შეხვედრები გამართეს.
ამ დროისთვის არსებული ოფიციარული შეტყობინებების მიხედვით, ერთი შეხვედრა შედგა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან, მეორე – და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებთან.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს უსაფრთხოების საკითხები და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები განიხილა, მათ შორის ბოლო დროს სოხუმში მიმდინარე მოვლენები და დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება, არ დაეშვათ ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი აფხაზეთში.
რელიზში ვკითხულობთ, რომ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპელმა დიპლომატმა "შეხვედრის დასასრულს მოკლედ მიმოიხილეს ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება და წინასაარჩევნო პროცესის გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში".
რაც შეეხება სუს–ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას, სუს–ის პრეს–სამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.
რელიზიდან ვიგებთ, რომ ფოკუსში ასევე იყო რეგიონში წარმოქმნილი გამოწვევები და მათი შესაძლო ზეგავლენის პერსპექტივები როგორც გლობალური, ასევე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში.
ოფიციალური შეტყობინების მიხედვით:
- განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს.
- ხაზგასმით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობის კუთხით გაწეული ძალისხმევა.
- აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) განსაკუთრებული როლი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილურობის უზრუნველყოფის კონტექსტში.
- ყურადღება გამახვილდა, მანდატის თანახმად, მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის გადაუდებელ საჭიროებაზე.
- შეხვედრაზე ხაზი გაესვა მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას.