
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 12-14 თებერვალი
19/02/2024 07:37:30 კონფლიქტები
აფხაზი საველე მეთაურის ახრა ავიძბას წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ამის შესახებ ტელეგრამ-არხი BRIEF იტყობინება და 2023 წლის 29 დეკემბრით დათარიღებულ დადგენილებას აქვეყნებს. დადგენილების თანამხად, ახრა ავიძბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობისა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო აღიძრა.
ავიძბა, რომელიც უკრაინაში რუსული ძალების შემადგენლობაში იბრძოდა, 2023 წლის ბოლოს ბატალიონის მეთაურის მოადგილედ 56892 ნაწილში გადაიყვანეს, მაგრამ დათქმულ დროს იგი არ გამოცხადდა და ამტკიცებდა, რომ ბრძანება იყო „არაკანონიერი“. რუსული მხარე იუწყება, რომ ამან „სამსახურის ინტერესებს ზიანი მიაყენა“.
ოკუპირებულ დონეცკის ოლქში BRIEF-ის წყარო ამბობს, რომ ავიძბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ აქამდე არაფერი სმენია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მას "დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა პრობლემები სამხედრო ხელმძღვანელობასთან და ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს“. თავად ავიძბას გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ახრა ავიძბა დონბასში საბრძოლო მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს, ხოლო 2021 წლის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იგი ძებნილად გამოაცხადა. 2021 წლის მარტში ავიძბა აფხაზეთში დონეცკელ სეპარატისტებთან ერთად დააკავეს, იარაღის უკანონო შენახვისა და ვაჭრობის ბრალდებით. იგი ასევე „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობის დაგეგმვაში დაადანაშაულეს, თუმცა ამ უკანასკნელი მუხლით მას ბრალი არ წაუყენეს. მოგვიანებით ავიძბა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნოტის მიღების თაობაზე ინფორმაცია პირველად „ეხო კავკაზა“-ს ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ გაავრცელა. შემდეგ ეს ინფორმაცია ადგილობრივმა ოპოზიციურმა პარტიებმაც დაადასტურეს და განაცხადეს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა მათ ხელს აღმოჩნდა. მათივე თქმით, რუსული მხარე სოხუმისგან მოითხოვს, ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია, ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებული რომელი დოკუმენტით ხელმძღვანელობს - იმ დებულებებით, რომლებიც თავად შეთანხმებიდან გამომდინარეობს, თუ იმ საკანონმდებლო აქტებით, რომლებიც მის რატიფიცირებამდე იქნა მიღებული. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მიღებული ცვლილებები, რომლებიც აგარაკის მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს, კონკრეტულ პირებს არ აწყობთ, ხოლო დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს. ოპოზიციურმა პარტიებმა მიღებული ნოტის გასაჯაროება მოითხოვეს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის განცხადებამდე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ნოტის არსებობის ფაქტს უარყოფდა.
2023 წლის 27 დეკემბერს ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებამდე, ტექსტს დაემატა პუნქტი, რომლითაც სოხუმის თანხმობის გარეშე ობიექტის მესამე პირზე გადაცემა აიკრძალა. გარდა ამისა, დე ფაქტო პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონში“, რომელთა საფუძველზე აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუცია საერთაშორისო სამართალზე მაღლა დადგა და განისაზღვრა საერთაშორისო ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობა დენონსაციის გზით.
რუსეთის "ელჩმა" მიხაილ შურგალინმა აფხაზ ვეტერანებს უპასუხა
გავრცელებული წერილით რუსეთის „ელჩი“ გამოეხმაურა აფხაზ ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არუაა“-ს ლიდერის თემურ გულიას მიმართვას, რომელიც მ.წ. 3 თებერვალს "ფსოუს" ე.წ გამშვებ პუნქტზე ჟურნალისტი ემა ხოჯაას დაკითხვას, ასევე აფხაზეთში შექმნილ საწვავის კრიზისს ეხებოდა.
მიხაილ შურგალინი აცხადებს, რომ „არუაა“-ს მიმართვაში გამოყენებული ტერმინები „საკითხის არსს ამრუდებს“. „მადლობელი დაგრჩებით, თუ გამოგვიგზავნით იურიდიულად დამოწმებულ, დეტალურ ჩვენებას მომხდარი ყველა გარემოების შესახებ, სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ემა ხოჯაას მიმართ სავარაუდო „მიკერძოებული და უსაფუძვლო“ დამოკიდებულების ფაქტების დასადასტურებლად. ე. ხოჯაა ასევე სრულად უნდა აცნობიერებდეს ცილისწამებაზე პასუხისმგებლობას“, - აღშნიშნულია რუსეთის „ელჩის“ წერილში.
რაც შეეხება საწვავის კრიზისს, მიხაილ შურგალინი ირწმუნება, რომ „საელჩო“ ყურადღებით აკვირდება რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში საწვავის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება კომპანია „როსნეფტს“ მიენიჭა.
ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც „საერთო ინტერესს“ წარმოადგენს. სერგეი რიაბკოვმა BRICS-ში რუსეთის თავმჯდომარეობის აქტუალურ ასპექტებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავმჯდომარეობის დროს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო BRICS-ის მიმართულებით მნიშვნელოვნად გააქტიურდა. 2 თებერვალს ინალ არძინბამ დისტანციური შეხვედრა გამართა BRICS-ის საექსპერტო საბჭოს ხელმძღვანელთან, რუსეთის წარმომადგენელთან ვიქტორია პანოვასთან და განაცხადა, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია BRICS-ის სხვადასხვა სამუშაო ფორმატში მონაწილეობით.
BRICS-ის რუსეთის თავმჯდომარეობა 2024 წლის 1 იანვარს დაიწყო და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.